ფორთოხლის წვენს ბევრი კომპანია აწარმოებს, თუმცა მაინც, როცა ამ ხილის წვენზე ვფიქრობთ, პირველი ყოველთვის Tropicana გვახსენდება, რადგან მის იდენტობაში სწორედ ფორთოხალი ჭარბობს. ცოტა ხნის წინ ბრენდი ახალი ლოგოთი და შეფუთვის დიზაინით გამოჩნდა, თუმცა მანამდე უნდა გავიხსენოთ ის კრახი, რომელიც მან 15 წლის წინ განიცადა.
როდესაც 2009 წელს Tropicana-მ რებრენდირება მოახდინა, PepsiCo-მ, მისმა იმდროინდელმა მფლობელმა, დატოვა ბრენდის კლასიკური შეფუთვა და დაამატა მცირე დეტალები, რომლებმაც კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. ის შეადარეს იაფფასიანი სუპერმარკეტის ვიზუალს და მოხვდა მარკეტინგული გამოცემების სიაში, როგორც სრული ფიასკო. ზოგიერთმა კი დაწერა, რომ ეს არის უხერხული მარკეტინგული შეცდომების კლასიკური მაგალითი…ერთი სიტყვით, რებრენდინგი დაიწუნეს. შედეგად, PepsiCo-მ რებრენდი ერთ წელზე ნაკლებ დროში გააუქმა. ამ შეფერხებისას მან დაკარგა 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდვების 20%-იანი ვარდნის ფონზე.
ამ ამბიდან 15 წლის შემდეგ Tropicana ისევ ცდილობს რებრენდინგს. გამოვიდა 2024 წლის ახალი ლოგო და შეფუთვა, რომელსაც მარკეტინგული გამოცემები აფასებენ, როგორც PepsiCo-ს მცდელობას, გაამარტივოს იდენტობა, თუმცა, მისდა საბედნიეროდ, შეფასებები ამჯერად ნაკლებკრიტიკულია, ვიდრე მაშინ. მეტიც, რებრენდინგი შეფასდა, როგორც ჭკვიანური სვლა ბრენდის მხრიდან.
პირველი, რაც Sunhouse Creative-ის მიერ შემუშავებულ ახალ ლოგოში თვალს გვწყვეტს, არის i ასო, რომელსაც ადრე წერტილის ნაცვლად ფოთოლი ჰქონდა და საკულტო ვიზუალად მიიჩნეოდა. ის შეიცვალა ნარინჯისფერი წრით. ის იმეორებს შეფუთვის თავსახურის ფერს და სიმბოლურად ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ლოგოს გარდა, ცხადია, შეიცვალა შეფუთვაც. დომინირებს ნარინჯისფერი და ჩალისფერი. ცოცხალი პალიტრის შესაქმნელად, დამატებულია ხილის ილუსტრაციები და შერეული ფერები. ლოგოს ირგვლივ მოთავსებულია სლოგანი ‘The Original since 1947’. აქვეა დამფუძნებლის, ენტონი თ. როსის ხელმოწერა, რათა მკვეთრად გამოიხატოს ბრენდის მემკვიდრეობა. შემსრულებელი სააგენტო აცხადებს, რომ მათი ამოცანა იყო, ახალი სიცოცხლის მინიჭება ბრენდის უკვე არსებული აქტივებისთვის.
როგორც ჩანს, Tropicana-მ მართლაც მიიღო გაკვეთილი წინა რებრენდინგიდან. ახალი იერსახე ეყრდნობა მის მემკვიდრეობას და ხაზს უსვამს, რომ ის არასოდეს დაბერდება. ახალი ვიზუალური სტილი მიმართულია იქითკენ, რომ იყოს მიმზიდველი და, ამავდროულად, მისი ამოცნობა მყისიერად იყოს შესაძლებელი.