მეცნიერებმა საკმაოდ დიდი ხანია იციან, რომ მარსის პოლუსებზე დიდი ოდენობით ყინულია მოქცეული, თუმცა ეკვატორის გარშემო ზედაპირზე ასეთი არაფერი შეინიშნება, უფრო სწორად შეინიშნებოდა, რადგან ბოლო დაკვირვებისას გიგანტური ვულკანების ირგვლივ თრთვილი აღმოაჩინეს, რომელიც მზის ამოსვლის შემდეგ ცოტა ხნით ჩნდება და შემდგომ მალევე ორთქლდება. სავარაუდო გამოთვლებით, ყოველდღიურად ზედაპირსა და ატმოსფეროს შორის 150 000 ტონა წყალი მოძრაობს.
მას შემდეგ, რაც წყლის ყინული აღმოაჩინეს, მარსის პოლარული წერტილები კვლევის საგნად იქცა. როგორც ამბობენ, ისინი მუდმივია, მაგრამ სეზონების მიხედვით ზომებში განსხვავდება. ზამთარში და სრულ სიბნელეში ზედაპირი ცივდება და საშუალებას აძლევს ატმოსფეროში არსებულ გაზს, ზედაპირზე დაგროვდეს და ნახშირორჟანგის ყინულის დიდი ფენები შემოგვთავაზოს. შემდგომ კი პოლუსებზე მზის შუქი ჩნდება, რის გამოც გაყინული ნახშირორჟანგი კვლავ საწყის მდგომარეობას უბრუნდება.
ნახშირორჟანგის გარდა, პოლუსები უმეტესად გაყინული წყლისგან შედგება, რომელიც უფრო სქელიცაა, როცა მაგალითად ჩრდილოეთ პოლუსზე ნახშირორჟანგის სისქე 1 მეტრია. აი, სამხრეთ პოლუსზე კი მეტად მუდმივი საფარია, 8 მეტრი სისქით.
კვლევას რომ დავუბრუნდეთ, ვიგებთ, რომ პლანეტარული მეცნიერი ადომას ვალანტინასის ჯგუფმა მარსზე Tharsis-ის ვულკანების თავზე წყლის ყინულოვანი საფარი აღმოაჩინა. ეს ვულკანები პლანეტაზე ყველაზე მაღალ წერტილებს შორისაა. უშუალოდ ყინვა CaSSIS-ისგან მიღებული მაღალი გარჩევადობის მქონე ფოტოებში აღმოაჩინეს, რომელიც ESA Trace Gas Orbiter-ის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მიღებული შედეგი კი შემდგომში Mars Express Orbiter-ზე High Resolution Stereo Camera-ითაც დადასტურდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა წყლის ყინვა პლანეტის ეკვატორთან ახლოს აღმოაჩინეს. აქამდე კი მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მზის რადიაციის დონისა და თხელი ატმოსფეროს გამო ეკვატორის ირგვლივ ყინვის წარმოქმნა ნაკლებად შესაძლებელი იყო. ეს პირობები ნიშნავს, რომ ზედაპირის ტემპერატურამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად მაღალ ნიშნულს მიაღწიოს იმისათვის, რომ ყინვები ვულკანების ზედა ნაწილებშიც კი წარმოქმნას.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს თრთვილი დროებითია და მზის ამოსვლიდან მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება მანამ, სანამ მაღალი ტემპერატურა მის აორთქლებას გამოიწვევს. თანაც იგი ვულკანების კალდერაში აღმოაჩინეს, მარტივად რომ ავხსნათ, ვულკანის მწვერვალზე არსებულ ღრმულებში, რის გამოც ფიქრობენ, რომ ვულკანების თავზე უჩვეულო მიკროკლიმატია, რაც ყინვის თხელი ფენების წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
შემდგომი ეტაპი კი მოდელირებაა იმისა, თუ როგორ წარმოიქმნება ყინვა, რათა რეალურად გავიგოთ, სად შეიძლება არსებობდეს წყალი მარსზე, როგორ მოძრაობს იგი ან ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან.