Trump Mobile-ის ახალი ტელეფონის დებიუტი პრობლემებით დაიწყო – მოწყობილობები ჯერ გამოსულიც არ იყო, რომ კომპანიის მომხმარებელთა მონაცემების დიდმა ნაწილმა ინტერნეტში ღიად გამოჟონა.
T1 Phone-ის გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ დაადასტურა, რომ ონლაინსივრცეში დაუცველი იყო იმ მომხმარებლების მონაცემები, რომლებმაც ოქროსფერი სმარტფონი წინასწარ შეუკვეთეს ან Trump Mobile-ის სერვისებზე დარეგისტრირდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტმა 27 000-ზე მეტი მომხმარებელი დააზარალა. გაჟონილ მონაცემებს შორის იყო სახელები, საცხოვრებელი მისამართები, ელფოსტები, ტელეფონის ნომრები, ანგარიშის იდენტიფიკატორები და წინასწარი შეკვეთების დეტალები. Trump Mobile-მა პასუხისმგებლობა მესამე მხარის პლატფორმის პროვაიდერს დააკისრა და განაცხადა, რომ კომპანიის შიდა სისტემები პირდაპირ არ გატეხილა.
უსაფრთხოების მკვლევრების ინფორმაციით, მომხმარებელთა ჩანაწერებზე წვდომა კომპანიის ვებგვერდზე ჩვეულებრივი HTTP-მოთხოვნების საშუალებით იყო შესაძლებელი. მონაცემთა ბაზაში, სავარაუდოდ, ინახებოდა მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია, მიწოდების მისამართები, მომხმარებლის ნომრები და წინასწარი შეკვეთების ID-ები.
მოგვიანებით ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა მანამდე ინფორმაცია შესაძლოა უკვე ნანახი ან ჩამოტვირთული ჰქონოდათ სხვა პირებს.
Trump Mobile ამტკიცებს, რომ გაჟონილ მონაცემებს შორის ფინანსური ინფორმაცია და სოციალური უსაფრთხოების ნომრები არ ყოფილა, თუმცა კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პერსონალური მონაცემებიც საკმარისად ღირებულია თაღლითებისთვის, განსაკუთრებით ფიშინგის, სხვისი სახელით მოქმედებისა და იდენტობის მოპარვის სქემებისთვის.
T1 Phone-ის გამოშვებას მანამდეც ახლდა კითხვები წარმოებისა და მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. თავდაპირველად სარეკლამო მასალებში მოწყობილობა ამერიკაში წარმოებულად იყო წარმოდგენილი, თუმცა მოგვიანებით აღწერა შეიცვალა და ტელეფონი უკვე „ამერიკული ღირებულებებით შექმნილ“ პროდუქტად მოიხსენიებოდა.













