in

ქართულ ელექტრონულ კომერციაში სანდოობის ნიშანი გამოჩნდა! რას მოიცავს ის და ვის მიენიჭება Trustmark

ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი გამოწვევაც იჩენს თავს. ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც ონლაინმაღაზიაში მოგწონებიათ ნივთი, მაგრამ მისი შეძენა ვერ გაგირისკავთ, რადგან არ იყავით დარწმუნებული, რომ შედეგით კმაყოფილი დარჩებოდით, ან შეიძლება თქვენ და თქვენს ახლობლებს შეგიძენიათ ნივთი ონლაინ, მაგრამ უკმაყოფილო დარჩენილხართ, ამის გამო არა მხოლოდ კონკრეტულ მაღაზიას, არამედ ზოგადად ინტერნეტმაღაზიებს აღარ ენდობით. მაშინ კი, როცა ციფრულ ერაში ვცხოვრობთ და არსებობს ისეთი დიდი პლატფორმები, როგორებიცაა ამაზონი და სხვები, ონლაინშოპინგი არ უნდა გვაშინებდეს, პირიქით – ეს სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს, რომელიც უამრავ დროს გვიზოგავს.

საქართველოში ფუნქციონირებს „იქომერს ასოციაცია საქართველო“, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად მისი მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პანდემიის პერიოდში რჩევების მიცემა, ვებინარების ჩატარება და დახმარება, რომ მათ სწორად დაელაგებინათ ყველა პროცედურა და შესძლებოდათ ბიზნესის ონლაინრეჟიმში ტრანსფორმაცია. ამის პარალელურად ასოციაცია გახდა USAID-ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც განახორციელა რამდენიმე საინტერესო პროექტი: E-commerce აკადემია, ჩაატარა ღონისძიება „იქომერსის დღე”, რომელიც რეგიონში პირველი იყო და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება; ახლა კი მორიგი საინტერესო პროექტის ჯერი დადგა – Trustmark, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის ეთიკის კოდექსის შემუშავებასა და სანდოობის ნიშნის დანერგვას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში უფრო მეტად მოწესრიგდება ონლაინმაღაზიები, რადგან იქომერსებს ჩაუტარდებათ შესაბამისი აუდიტი და მომხმარებელიც მეტად დაცული იქნება ონლაინშოპინგის დროს.

პროექტის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრა ლადო კანდელაკი, „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თავმჯდომარე.

M: როგორ დაიწყო „იქომერს ასოციაცია საქართველომ“ პროექტ Trustmark-ზე მუშაობა და მარტივად რომ ავხსნათ, რას მოიცავს აღნიშნული პროექტი?

ეს იდეა ასოციაციის ბორდის წევრების მიერ იყო ინიციირებული, რომელიც მოგვიანებით USAID-საც გავუზიარეთ და მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი ძალიან დაეხმარება eCommerce პლატფორმებს ნდობის მოპოვებაში. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდეგ ონლაინშოპინგსა და ვაჭრობაზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, თუმცა, ამავდროულად, გაჩნდა ისეთი მაღაზიები, რომლებისგანაც ბევრ დარღვევასა თუ თაღლითობას ჰქონდა ადგილი, რამაც მომხმარებლის დიდ ნაწილს ნდობა დაუკარგა ინტერნეტით ნივთის შეძენის მიმართ. შესაბამისად, ამან მკვეთრად დააყენა Trustmark-ის შექმნისა და მიღების საჭიროება.

პროექტის ფარგლებში იქომერს წარმომადგენელ კომპანიებს ჩავუტარებთ აუდიტს, შევამოწმებთ, რამდენად დაცულია მომხმარებლის ინტერესები, რამდენად გამართულია ტექნიკურად, ასევე თანხის დაბრუნების პოლიტიკა რამდენად კარგი აქვს, როგორ უზრუნველყოფს პროდუქტის მიწოდებას და ა.შ. მთელი რიგი ვალდებულებებია თავმოყრილი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პლატფორმა, რათა მიიღოს ჩვენი Trustmark, ანუ სანდოობის ნიშანი. ეს ნიშანი იქნება ყოველწლიური.

M: რის მიხედვით შეირჩევა, რომელ ელკომერციის პლატფორმებს ჩაუტარებს აუდიტს ასოციაცია?

ბიზნესი უნდა იყოს ასოციაციის წევრი, რადგან მას აქვს უფლება, რომ მოითხოვოს სანდოობის ნიშნის მინიჭება. ეს, პირველ რიგში, თავად ონლაინმაღაზიებისთვის იქნება სარგებლიანი, რადგან მომხმარებლისგან მოიპოვებენ მეტ ნდობას და გაზრდიან გაყიდვებს. თუმცა საბოლოოდ ყველა მხარე კმაყოფილია, ონლაინმაღაზიაც და მომხმარებელიც.

M: რატომ გახდა საჭირო იქომერს სექტორში მსგავსი კოდექსის შემუშავება?

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა სოციალური ქსელებით ვაჭრობა, სადაც ამ ეტაპზე სრული განუკითხაობაა. ე.წ. ფეისბუკ „მაღაზიების“ უმეტესობა არც გადასახადებს იხდის, არც არაფრით კონტროლდება. ხშირია შემთხვევა, რომ მომხმარებელს წინასწარ არიცხვინებენ პირად ანგარიშზე თანხას და შემდეგ საერთოდ იკარგებიან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მომხმარებელს ეკარგება ნდობა, რადგან ამით ის აღარც კარგ ონლაინმაღაზიებს ენდობა.

ჩვენი მიზანია, მოვუფრთხილდეთ თითოეულ მომხმარებელს და ვაჩვენოთ მათ, რომ ელექტრონული კომერცია შეიძლება იყოს კომფორტული და პრაქტიკული პროცესი, სადაც ის ყველანაირი პირობით კმაყოფილი დარჩება. ასევე, მეტი ნდობა ჰქონდეთ ადამიანებს ონლაინპლატფორმების მიმართ და ხშირად გამოიყენონ ისინი.

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ელკომერციის ბიზნესი, რომ მიიღოს Trustmark და როგორ გამოჩნდება ის ონლაინმაღაზიაში?

Trustmark-ის ნიშანი კომპანიებს მინიჭებული ექნებათ თავიანთივე ვებგვერდზე (ონლაინმაღაზიაში). რაც შეეხება კრიტერიუმებს, ის რიგ საკითხებს მოიცავს: როგორია დაბრუნების პოლიტიკა, მიტანის პირობები, პლატფორმის გამართულობა – ბევრი ნიშნის მიხედვით ხდება მათი აუდიტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, აუდიტის პროცესი ეს არის პრაქტიკულად იქომერს კომპანიებისა და ონლაინმაღაზიებისთვის დახმარება გაუმჯობესების პროცესში, რადგან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ გამოასწორონ ისინი და მიიღონ სანდოობის ნიშანი, რაც მათ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიუყვანს და მათი გაყიდვები გაიზრდება.

Trustmark-ის პროექტი დაწყებულია და 2023 წლის ბოლომდე უკვე რამდენიმე იქომერს პლატფორმა შეირჩევა, რომლებსაც სანდოობის ნიშანი მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესი დაარღვევს წესებს და დაშორდება იმ ფასეულობებსა და კრიტერიუმებს, რისთვისაც ნიშანი მიენიჭა, ასოციაცია იტოვებს უფლებას, ასეთ ონლაინმაღაზიას ჩამოართვას Trustmark-ის ნიშანი. საბოლოო ჯამში, პროექტი ასოციაციის ზოგადი ხედვის ნაწილია, რომლის მიზანიცაა, განავითაროს ელექტრონული კომერცია საქართველოში, უფრო მეტ კომპანიას/ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, რომ გაიზარდონ, ჰქონდეთ მეტი წარმატება იქომერსის მიმართულებით და ქვეყნის ეკონომიკაშიც დიდი წვლილი შეიტანონ.

[R]

შექმნეს სმარტფონის „ქეისები“, რომლებიც ყვავილებად იქცევა

როგორია მწვანე პარასკევი „აგროსფეროში“ და რის შეძენას შეძლებთ თითქმის განახევრებულ ფასად? – ინტერვიუ ვიქტორ ლობჟანიძესთან