შეცდომები ცდის ლოგიკური ნაწილია — მათ გამუდმებით ვუშვებთ, რათა საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მივიდეთ ან მინიმუმ, პირად კმაყოფილებამდე. ამ „ურღვევი კანონის“ გაცნობიერებას ბავშვობიდან ვიწყებთ, როცა თამაშის დროს ხან სათამაშოს გავაფუჭებთ, ხანაც საგულდაგულოდ აშენებული ციხესიმაგრე ჩამოგვენგრევა.
Hot Wheels-ის ახალი კამპანიაც, სახელწოდებით Challenge Accepted, ამ იდეას ეხება — ბავშვებს ექსპერიმენტებისკენ, წარუმატებლობებისა და ზრდისკენ მოუწოდებენ. მისი ნაწილია ვიდეორგოლი „სცადე, დამარცხდი, გაიმეორე, გაიზარდე“… ეს უკანასკნელი ერთი ბიჭუნას ირგვლივ განვითარებულ სიუჟეტს ეყრდნობა, რომელიც იმედგაცრუებულია, რადგან მისი სპორტული და სატვირთო მანქანები სათამაშო გზას „ვერ მიჰყვებიან“. თუმცა ბევრი მცდელობის შემდეგ მიხვდება, როგორ უნდა ააწყოს გზა სწორად. გამოდის, ბევრი წარუმატებლობა საბოლოო წარმატების საფუძველია — ამ დროს ვსწავლობთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ…