20
Jan
2020

“ეს წალკაა” – ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მუნიციპალიტეტში

20 Jan 2020

2018 წელს საქართველოს ერთ-ერთ მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში, წალკაში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი “ეს წალკაა” დაიწყო. მას CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. მის ძირითად მიზანს სოფლის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შემდეგი მიმართულებებით მუშაობაში გამოიხატება: სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით.

 

ამ წამოწყების შესახებ დეტალურად მელანო ტყაბლაძე, პროექტის “ეს წალკაა” მენეჯერი გაგვესაუბრა:

M: რის საფუძველზე შეირჩა წალკა? მოგვიყევით შერჩევის პროცესი..

რატომ წალკა? წალკა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია. უნიკალური ბუნებრივი რესურსებითა და მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამორჩეული ეს მხარე არის შთაგონების წყარო და უჩვეულო გარემო მუშაობისა და მოგზაურობისათვის. წალკის მუნიციპალიტეტს მრავალმხრივი პოტენციალი და შესაძლებლობები აქვს, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე – სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით. სწორედ ამ მიმართულებების გასაძლიერებლად, ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტიდან მიგრაციის შესამცირებლად, შეირჩა წალკის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთ-ერთი ბენეფიციარი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ.

M: გვესაუბრეთ პროექტის მიზნობრიობაზე დეტალურად..

ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს. აღნიშნულის მისაღწევად, პროექტი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

1. წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება თანამონაწილეობრივი გზითა და ევროკავშირის „ლიდერის“ (LEADER) პრინციპებზე დაყრდნობით.
2. გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივი ჯგუფების ინტერესებს.
3. პროექტების დაფინანსება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
4. სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით.

M: მოგვიყევით აქ არსებული პრობლემების შესახებ, რომელთა გადაჭრასაც აღნიშნული პროექტი შეუწყობს ხელს..

წალკის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა; ამ მიმართულებით ნაკლები ცნობიერება და განათლება; პროდუქციის გასაღების ბაზრებზე სუსტი ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, ასევე, ნაკლებია ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა და განათლება. კვალიფიკაციური კადრის რაოდენობა ძალიან მცირეა (მაგ: გიდები); წალკა, როგორც ტურისტული წერტილი, არ არის დაბრენდილი ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბით. ზოგად ჭრილში კი, თითქმის არ ხდება ქალების ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ეკონომიკური დოვლათის შესაქმნელად, მზარდია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტიდან გადინების დინამიკა და ჯერ კიდევ აქტუალურია კონფლიქტები ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე.

M: რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს?

პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

სოფლის განვითარების კვლევითი ინსტიტუტი (Ifls)

M: რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი?

დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბებულია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (სულ 12 ადამიანი – 6 ქალი, 6 კაცი); თანამონაწილეობრივი გზით და ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით შემუშავებულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგია; აქტიურად მიმდინარეობს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით LAG-თან მუშაობა; ასევე, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები პროექტის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

M: რა ვადით ხორციელდება “ეს წალკაა” და რა არის სამომავლოდ დაგეგმილი?

პროექტი 4 წლიანია, იგი 2022 წელს დასრულდება. სამომავლოდ დაგეგმილია კვლავ აქტიურად მუშაობის გაგრძელება ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტთან, განსაკუთრებით ქალებთან და ახალგაზრდებთან მათი ინიციატივების მხარდასაჭერად. ამასთან, პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება გრანტების გაცემა. დაფინანსდება იმ სახის პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებიან და უპასუხებენ სტრატეგიის დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართულებების შესრულებას ან განვითარების ხელშეწყობას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

[R]

განხილვა