შეერთებულ შტატებში ცხოველთა უფლებების აქტივისტების მხარდასაჭერად, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ახალი კანონი გამოცხადა — შედეგად, პრეპარატებს ცხოველებზე აღარ გამოცდიან იქამდე, სანამ ადამიანებზე გამოცდის უფლებას არ მიიღებენ.
სენატორმა რენდ პოლმა, რომელიც FDA-ის მოდერნიზაციის აქტს აფინანსებს, განმარტა, რომ განახლებული კანონმდებლობა „ცხოველებს ზედმეტ ტანჯვასა და ექსპერიმენტების შედეგად სიკვდილს“ აარიდებს. ამასთან, ბაზარზე უფრო მოკლე დროში გამოჩნდება მეტად უსაფრთხო და ეფექტური წამლები. ცხადია, აღნიშნული კანონის დამტკიცება რადიკალურ ცვლილებებს მიანიშნებს — კერძოდ, როგორ ვითარდება პრეპარატები და მკურნალობის პროცესები, ცხოველების გვერდის ავლით.
მარტივად რომ ვთქვათ, განახლება სრულად არ კრძალავს წამლების ცხოველებზე ტესტირებას. სანაცვლოდ, კანონი ფარმაცევტულ კომპანიებს ამ ტესტების ჩატარებას კლინიკურ კვლევებზე გადასვლამდე უკრძალავს. მიუხედავად ამისა, ეს კარგი ამბავია უამრავი ცხოველისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იტანჯებიან ლაბორატორიებში.
აიოვას უნივერსიტეტის პროფესორის, ალიასგერ სალემის, თქმით კი, წამლების შემქმნელები აქტიურად ცდილობენ, ტესტირების ალტერნატიულ გზებს მიმართონ. უბრალოდ, მკურნალობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ადამიანებზე ტესტირებამდე, მნიშვნელოვანია, მწარმოებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და გაარკვიონ, რამდენად სრულყოფილად შეუძლია ტექნოლოგიებს ყველანაირი ტოქსიკურობის გამოვლენა.
ამასთან, უეინ პაისელმა, Animal Wellness Action-ისა და Humane Economics-ის ცენტრის პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ კანონპროექტი „აუქმებს არქაულ და დამღუპველ“ ცხოველთა ტესტირების წესს და „არა მხოლოდ დაზოგავს საჯარო და კერძო ბიუჯეტს, არამედ გადაარჩენს უამრავ ადამიანისა და ცხოველის ცხოვრებას“.