ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ბევრი მიზანი აქვს და თითოეული მათგანის მიღწევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია — სხვა სიტყვებით, კმაყოფილებას ვერ ვგრძნობთ, თუ ერთი მაინც დაგვრჩება მიუღწეველი. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, არტურ ბრუკსმა, წლები გაატარა ჩვენთვის ერთი შეხედვით გარდაუვალი, მაგრამ სულელური კავშირის შესწავლაში: მიღწევებს, სიმდიდრეს, დიდებასა და კმაყოფილებას შორის.
„მეტის მოპოვების, შესამჩნევი წარმატების მიღწევის და მიზნების ასრულების დაუოკებელი სურვილი ბუნებრივია. უბრალოდ, როცა ადამიანები თავიანთ თავს მხოლოდ სამსახურთან და საბანკო ანგარიშთან აიდენტიფიცირებენ, ამას დიდი ტანჯვა მოაქვს… თითქოს, საკუთარ თავისთვის უგულო, მხოლოდ დავალებების გამცემ პირად იქცევი. ერთ სამუშაო დღეს სრულად ეწირება სიყვარული და გართობა, მხოლოდ და მხოლოდ იმ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ხართ თუ არა საკმარისად წარმატებულები. ასე ვიქცევით რეალური ადამიანების ბუტაფორიებად“, — წერს ბრუკსი.
ამასთან, როცა საქმე ისეთი აკვიატებების დაკმაყოფილებას ეხება, როგორებიცაა მეტი ფულის შოვნა, ძვირადღირებული ნივთების შეძენა, პროფესიული წარმატების თუ პრესტიჟის მოპოვება, ტვინი ავტომატური „ჯილდოს სისტემით“ მუშაობს. უფრო კონკრეტულად, ნეიროტრანსმიტერი დოფამინი გვაიძულებს, მიზნებს მივაღწიოთ და შემდეგ დაგვაჯილდოოს. უბრალოდ, ეს სიამოვნება ხანმოკლეა, რადგან ჩვენი ტვინი იმისთვისაა დაპროგრამებული, რომ წონასწორობა ეძიოს ექსტრემალურად ემოციურ მდგომარეობებში — ის აუსრულებელ სურვილს გვიტოვებს, რათა ხელახლა გავიმეოროთ ნებისმიერი გამოცდილება, რომელმაც სიამოვნება მოგვანიჭა. სწორედ დამოკიდებულების ეს ციკლი ანგრევს „საკმარისობის“ ბარომეტრებს, რაც ხელს გვიშლის კმაყოფილების ობიექტურად შეფასებაში.
აქვე ისიც მნიშვნელოვანია, რომ უკმაყოფილების განცდა არა თუ შედეგია, არამედ წინასწარგანზრახული შეთანხმება. თუ თვეს ან წელს იმის შთაგონებით დაიწყებთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როცა კონკრეტულ მიზანს მიაღწევთ, ყველაფერი ამის ირგვლივ იტრიალებს. ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ კმაყოფილება კონკრეტული შედეგების „დასკვნად“ მივიჩნიოთ, მას უნდა მივუდგეთ როგორც უნარს, ნასწავლ ქცევას.
საკმარისობის აღქმის ხელახალი კალიბრაცია
როცა მუდმივი უკმაყოფილების განცდა თქვენთვის ნაცნობია და კონკრეტული მომენტები წარუმატებლობაში გარწმუნებთ, აუცილებლად უნდა გადააფასოთ ეს დამოკიდებულება. გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ხედვა არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე მოქმედებს, არამედ პირად ურთიერთობებზეც. ამრიგად, ე. წ. „საკმარისობის სენსორები“ ისე უნდა გადაიაზროთ, რომ სწორი, ობიექტური მონაცემები მიიღოთ.
პირველ რიგში, დაადგინეთ, რომელი კრიტერიუმები გიქმნით სირთულეს:
გადააფასეთ ფულთან დამოკიდებულება
თუ სიმდიდრისკენ სწრაფვა კმაყოფილების სიმბოლოდ გექცათ, ხალხის დიდი ნაწილის წევრი ხართ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამერიკელების 79%-ს მიაჩნია, რომ უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ მეტი ფული ექნებოდათ. მართალია, ეს კმაყოფილების გარკვეული ხარისხია, რომლის ყიდვაც პირდაპირი მნიშვნელობით ფულით შეიძლება. თუმცა სოციალურმა მეცნიერებებმა დიდი ხანია დაამტკიცა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ფული ვერ დაგვაკმაყოფილებს.
ეს რამდენიმე კითხვა დაგეხმარებათ, ფულთან დაკავშირებული დამოკიდებულება გადააფასოთ:
- როგორ აღიქვამთ ფულის როლს თქვენს კეთილდღეობაზე?
- ადარებთ თქვენს შემოსავალს სხვებისას (ხელფასი, სახლის ზომა, მატერიალური ქონება) და უკმაყოფილებას გრძნობთ, როცა მათ თქვენზე მეტი აქვთ?
- როგორ განსაზღვრავთ „საკმარისი“ ფულის ოდენობა?
- ამგვარი დამოკიდებულება არაადეკვატურ პიროვნებად გაქცევთ?
ხელახლა განსაზღვრეთ მიღწევების აღქმა
ძნელად მიღწეული მიზნით ტკბობა ამაღელვებელია, როცა ეს უფრო დიდ ამოცანებსა და უნიკალურ იდეებს უკავშირდება. მაგრამ რამდენ ხანს გრძელდება ეს მღელვარება? როდესაც ახალ ადამიანებს ხვდებით, გსურთ, თქვენი პროგრესის შესახებ იცოდნენ?
გამოიყენეთ ეს რამდენიმე კითხვა:
- ივიწყებთ მთავარ ურთიერთობებს (მეუღლესთან, შვილებთან და მეგობრებთან) წარმატების მისაღწევად?
- სწირავთ ჯანმრთელობას წარმატების სანაცვლოდ?
- რამდენად იმედგაცრუებული ან გაბრაზებული ხართ, როცა მიზანს ვერ აღწევთ?
- ბოლოს როდის განიცადეთ სიამოვნება საქმის კეთებით?
- ადარებთ თქვენს მიღწევებს სხვებისას?
- როგორ განსაზღვრავთ „საკმარის“ მიღწევას?
ხელახლა განსაზღვრეთ დამოკიდებულება აღიარებასთან და სტატუსთან
ბუნებრივია, პატივსაცემი ადამიანებისგან მიღებული აღიარება სასიამოვნოა. ეს უნიკალურობას და დაფასებას გვაგრძნობინებს — პრესტიჟული სოციალური წრეები, შორსმიმავალი გავლენა და წარმატებები დამათრობელია… სოციალური მედია ამ მყისიერ კმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს: გამომწერები, მოწონებები, გაზიარებები და კომენტარები.
თუმცა როდესაც ჩვენი სიამოვნება ამ ყველაფრისკენ დაუოკებელ ლტოლვაში გადადის, უამრავი პრობლემა იჩენს თავს — გამუდმებით ყურადღების ძიებას ვიწყებთ, რათა აღფრთოვანება და საკუთარი თავის დაფასება შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ ვაყენებთ ღირებულებას.
ეს რამდენიმე კითხვა საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ:
- როგორ ცდილობთ რეგულარული აღიარების მიღებას მნიშვნელოვანი ადამიანებისგან?
- ძალიან დიდ დროს ხარჯავთ სოციალურ მედიაში დამკვიდრებული სტატუსის მონიტორინგზე?
- წუწუნებთ, როცა სხვები იღებენ აღიარებას და გრძნობთ, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ?
- ეჭვი გეპარებათ საკუთარ ღირებულებებში?
- ცდილობთ საუბრით სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ქება-დიდების მიღებას?
გასაგებად რომ ვთქვათ, ფულში, მიღწევებში ან აღიარებაში არსებითად ცუდი არაფერია. ისინი დადებით როლს ასრულებს როგორც პირადად ჩვენს, ისე გარშემომყოფთა ცხოვრებაში. უბრალოდ, როცა ჩვენი კმაყოფილება მათზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს უაზრო წნეხის ქვეშ ვამყოფებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ფულს, მიღწევას თუ აღიარებას მივიღებთ, არასწორი დამოკიდებულება გაუთავებელ „ჰედონურ სარბენ ბილიკზე“ დაგვტოვებს.
ახალი საზომი შეიმუშავეთ
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის აწ უკვე გარდაცვლილმა პროფესორმა, კლეიტონ კრისტენსენმა, კურსდამთავრებულებს დაუსვა კრიტიკული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარწმუნდნენ, რომ ცხოვრება ნამდვილ ბედნიერებას მოუტანთ. სამწუხაროდ, დღევანდელი სამუშაო სამყაროს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოგვიწოდებს გავზომოთ ის, რაც არ არის. და მიუხედავად იმისა, რომ გასულმა რამდენიმე წელმა, რა თქმა უნდა, შეცვალა ადამიანების ღირებულებები, ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ საკუთარ თავზე ზრუნვა ნორმად იქცევა — ეს კი გრძელვადიანი კმაყოფილების ჯანსაღ გზაზე დაგვაყენებს.
კრისტენსენის ხედვით, მნიშვნელოვანია, გაზომვებით დავიწყოთ. აქ არის სამი ცვლილება, რომელიც დაგეხმარებათ კმაყოფილების გაზომვის ხელახლა კონფიგურაციაში:
შედარებიდან თანაგრძნობაზე გადასვლა
ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სოციალური შედარება, როგორც წარმატების საზომი, მწუხარებასა და სიცარიელეს იწვევს. სხვისი ბოლო ნაბიჯით ჩვენი გატაცება ხელს გვიშლის შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში.
იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე გაუბრაზდეთ კონკრეტული მიზნის ვერ მიღწევისთვის, შეგიძლიათ, კეთილგანწყობილება შეინარჩუნოთ. ეს გეხებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ წარმატებულ კონკურენტებსაც. ნუ დამწუხრდებით, თუ ვიღაც თქვენზე მეტს აღწევს — პირიქით, მადლიერება იგრძენით ნებისმიერი საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ და დადებითი გამოცდილების ან გაკვეთილისთვის.
„თვლის სისტემიდან“ კონტრიბუციაზე გადასვლა
იმის ნაცვლად, რომ მუდმივად დათვალოთ ქულები, ფული თუ მიმდევრების რაოდენობა, შეაფასეთ, ვის ცხოვრებაში ან რის განვითარებაში შეიტანეთ დადებითი წვლილი; ვისთვის შექმენით ზრდის შესაძლებლობები. სოციალური მეცნიერებების მიხედვით, სწორედ ამ სახის გამოცდილება იწვევ ხანგრძლივ სიხარულს.
გადადით ზიზღიდან კავშირზე
როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ემოციური მდგომარეობა სხვებსაც ვნებს, თავს უარესად ვგრძნობთ. საკუთარი თავის და სხვების ზიზღი იზოლაციას და მარტოობას იწვევს — გონებაში კი არასანდო ხმები ჩნდება, რასაც სასოწარკვეთილებამდე, წამიერი კმაყოფილების წყურვილამდე მივყავართ.
რეალურად, ამ დროს სხვებთან კავშირის დამყარება ზუსტად ის ანტიდოტია, რომელიც ბედნიერების განსაცდელად გვჭირდება. საკუთარ თავზე თავდასხმის ან სხვების განდევნის ნაცვლად, გამოიჩინეთ გამბედაობა, რათა ახლო ადამიანებს დახმარება სთხოვოთ.
წყარო: HBR