წარმატება ტრადიციულად ჯილდოებითა და მიღწევებით კი იზომება, მაგრამ გქონიათ შემთხვევა, როცა რაღაც მიზნის მიღწევის შემდეგ სიცარიელე იგრძენით? ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებთ და გეტყვით, რეალურად, რას ნიშნავს წარმატება შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ოღონდ მანამდე ერთი რამ დაიმახსოვრეთ კარგად, არავის მისცეთ უფლება, გიკარნახოთ, რა არის თქვენთვის წარმატება და რა, არა.
სიცარიელის შეგრძნება
შესაძლოა, მთელი ცხოვრება წიგნის გამოშვებაზე ოცნებობდით, შემდეგ ეს ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ვერაფერი იგრძენით… ასე კი იმიტომ ხდება, რომ „მე ეს შევძელის“ ნამდვილი შეგრძნება ხშირად ბევრად უფრო მშვიდი, მოულოდნელი სივრცეებიდან მიიღება. ეს შეიძლება წვიმაში სახლში მუშაობისას მიხვდეთ, რომ ზუსტად იქ ხართ და იმას აკეთებთ, რაც გსურთ, და სწორედ ეს თვითკმაყოფილების მნიშვნელობა ჰქონდეს თქვენს წარმატებას.
ფული ამ ყველაფრის ნაწილია
რაღა თქმა უნდა, შემოქმედებითი სრულყოფა გადასახადებს ვერ დაფარავს, ამიტომაც წარმატების საზომებში ფულიც გვევლინება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს მილიონებზე ფიქრს, მაგალითად ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი ბერნი იბოტსონისთვის ეს „მუდმივი შემოსავლის და თავის რჩენის საშუალებაა, რა დროსაც თუ ახალ უნარებსაც დავისწავლი, მით უკეთესი იქნება, რადგან მეტი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მექნება“. ხოლო გრაფიკული დიზაინერი სანდრინე ბასკორტისთვის „წარმატება ნიშნავს საკმარის ფულს სამოგზაუროდ, რაც ნებისმიერ მოწონებასა თუ გაზიარებაზე უკეთესი ჯილდოა“.
მიზნის შეგრძნება
ამ საკითხზე არაფერს გეტყვით, გარდა ილუსტრატორი ანდრეს ბოიკავსკას სიტყვებისა — „AI ეპოქაში ილუსტრაცია უაზრობად მიიჩნევა, ამიტომ წარმატების ჩემეულმა ვერსიამ ბევრი Follower-ისა და ჯილდოს მიღებისგან იმის პოვნისკენ გადაინაცვლა, თუ რა მიზანი უდევს საფუძვლად ჩემს ილუსტრაციას და როგორ ზემოქმედებს იგი ჩემსავე მომხმარებლებზე. სწორედ ასე გადავწყვიტე პერსონალური ბრენდის განვითარება, რათა ჩემს სფეროში გამოვირჩეოდე, მივაპყრო ყურადღება მენტალური ჯანმრთელობისა და მისი მნიშვნელობისკენ“.
პროცესში ბედნიერების შეგრძნება
სიმართლე რომ ვთქვათ, დიზაინერებისთვის ყველაფერი რაღაც კონკრეტული წარმატების მიღწევით არ არის შემოფარგლული, მათთვის პროცესია მნიშვნელოვანი და ის, რომ ამ დროს ბედნიერები იყვნენ.
და როგორ გავიგო, რას ნიშნავს წარმატება ჩემთვის? — პრაქტიკული ნაბიჯები
ეს ყველაფერი კი წაიკითხეთ, მაგრამ მაინც არ იცით, როგორ მიხვიდეთ A-დან B წერტილამდე? ქვემოთ რამდენიმე კითხვას შემოგთავაზებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას ნიშნავს წარმატება თქვენთვის:
- შემოქმედებით მოგზაურობაში არსებულმა რომელმა მომენტებმა გაგაბედნიერათ და მოგცათ თვითკმაყოფილების შეგრძნება?
- თქვენი ამჟამინდელი მიზნები თქვენსავე პერსონალურ ღირებულებებს შეესაბამება?
- რამდენად ანიჭებთ უპირატესობას ბალანსსა და კეთილდღეობას თქვენს სამსახურში?
- რა გზებით შეგიძლიათ პროცესის აღნიშვნა და არა, მხოლოდ შედეგის?
ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, მიჰყევით შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რათა თქვენი კარიერა თქვენსავე წარმატების განვითარებად განმარტებას შეუსაბამოთ:
- დააწესეთ მკაფიო, პერსონალური მიზნები — განსაზღვრეთ, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება, იქნება ეს ახალი უნარის ათვისება, რაღაც მნიშვნელოვანი პროცესის წამოწყება, პერსონალური საქმისთვის დროის გამონახვა თუ სხვა.
- იზეიმეთ პატარა გამარჯვებები — აღნიშნეთ და დააფასეთ პატარა მომენტები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, შეეფერება თუ არა იგი ტრადიციულ საზომებს.
- ირგვლივ შემოიკრიბეთ მხარდამჭერები — უფრო ზუსტად, ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენსავე ღირებულებებს იზიარებენ და, როცა საჭიროა, გამხნევებენ კიდეც.
- პრიორიტეტი მიანიჭეთ ბალანსს — გამოყავით დრო დასვენებისთვის, ჰობებისა თუ ურთიერთობებისთვის, რათა მდგრადი შემოქმედებითი პრაქტიკა უზრუნველყოთ.
ამგვარად, გამოდის, შემოქმედებით ინდუსტრიაში წარმატება მხოლოდ ჯილდოებით აღარ იზომება, ეს პერსონალური ამბავია, ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება მალე იპოვოთ, წარმატების თქვენეული განსაზღვრება.