in

რატომ ვფიქრობთ ბევრს კარიერასა და წარმატებაზე?

ამ კითხვაზე პასუხი წარმატების ფილოსოფიაში უნდა ვეძებოთ… მართალია, კარიერული კრიზისების გამომწვევი მრავალი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როგორც ფილოსოფოსი ალან დე ბოტონი ამბობს, ეს მის ცხოვრებაში ჩვეულებრივ მოხდა — კვირას დილით მზე რომ ამოსვლას იწყებდა და მისი იმედები და რეალობა ერთმანეთს შორდებოდა… თუმცა ამას პერსონალურ პრობლემად კი არა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს. 

დღეს კარიერული შფოთვისგან თავის დაღწევა და სიმშვიდის შენარჩუნება ცალკე გამოწვევას რომ წარმოადგენს, არც ამას ივიწყებს და უმეტესად ე. წ. სამუშაო სნობიზმს მიაწერს. მას მაშინვე გადააწყდებით, როცა კითხვას რას აკეთებ? დაგისვამენ — იმის მიხედვით, თუ რა იქნება თქვენი პასუხი, ადამიანები სასიამოვნოდ იგრძნობენ თავს თქვენი ნახვით ან გამუდმებით საათზე დაიწყებენ ყურებას. ამის საპირისპირო მხარეს კი ის ადამიანი დგას, რომელსაც სულ არ აინტერესებს თქვენი მიღწევები და აქ უანგარო სიყვარულის ანალოგს გთავაზობენ.

და რატომ ვფიქრობთ ასე ბევრს ჩვენს კარიერაზე? აქ საუბარი მატერიალური საკითხებით უნდა დავიწყოთ. ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ადამიანები ძალიან ხარბები ვართ, მაგრამ ბოტონის აზრით, საქმე მატერიალურ ნივთებში კი არა, უბრალოდ ჯილდოს მიღების სურვილშია. ან რატომ გვიჭირს ასე ძალიან დამშვიდება? დღეს ყველა ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამის მიღწევა, შესაბამისად, კონკრეტული ინდივიდებისადმი დიდი მოლოდინები ჩნდება, თანაც თითქმის ყველა თანაბარ პირობებში ვართ.

თუმცა ამ საზოგადოებაშიც ერთი დომინანტური ემოცია არსებობს და ეს შურია — რაც უფრო ახლოსაა ორი ადამიანი ასაკითა თუ წარმოშობით, მით უფრო დიდია ეჭვის გაჩენის საფრთხეც… ეს პრობლემა ბიბლიოთეკის თაროებზეც მარტივად ჩანს: აქ ძირითადად ორი ტიპის წიგნი გვხვდება, ერთი გვეუბნება შენ შეგიძლია ამის გაკეთება! ყველაფერი შესაძლებელია!, ხოლო მეორე იმ გზებს გვაცნობს, რომლითაც დაბალ თვითშეფასებას გავუმკლავდებით… 

თუ კვლავ ბოტონის მოსაზრებას დავეყრდნობით, კიდევ ერთი მიზეზი მერიტოკრატიაში იმალება — იმ საზოგადოებაში, რომელშიც თქვენ გაქვთ ნიჭი, ენერგია და უნარები, შეგიძლიათ წარმატების მიღწევა და არაფერი გაფერხებთ. ერთი შეხედვით, მშვენიერი იდეაა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ წარმატებას ცხოვრებაში დამსახურებულ ცნებად აღვიქვამთ, რაც მარცხს კიდევ უფრო გამანადგურებლად აქცევს… მაგალითად, ინგლისში შუა საუკუნეში ვინმეს თუ უიღბლოს ეძახდნენ, ახლა მას Loser-ს უწოდებენ, ეს სიტყვები კი ისტორიის 400-წლიან ევოლუციას ასახავს და გვეუბნება, რომ პასუხისმგებელი დღეს ღმერთი კი არა, ჩვენ ვართ.

მაგრამ რას ნიშნავს წარმატება? გვგონია, რომ ვიცით მისი მნიშვნელობა ან ახლა რომ ვთქვათ ვის ჩათვლით წარმატებულ ადამიანადო, შესაძლოა, ისეთმა მახასიათებლებმა იჩინოს თავი, როგორიც ბევრი ფული ან კონკრეტულ ინდუსტრიაში თუ პროფესიაში წარმატებაა… 

ყველაფერში წარმატებული ვერ ვიქნებით… ან რას ნიშნავს წარმატებული ცხოვრება ჩვენთვის? ამას სხვა ადამიანების მოსაზრებები გვკარნახობს, ვიღებთ შეტყობინებებს ტელევიზიიდან, რეკლამირებიდან, მარკეტინგიდან. ეს ის ძალებია, რომლებიც განსაზღვრავს, რა გვსურს და როგორ შევხედოთ ჩვენს თავს. აი, მაგალითად, როცა გეტყვიან, რომ ბანკირობა პატივსაცემი პროფესიაა, თქვენც მოგინდებათ, მაგრამ, როცა არსებული რეალობა შეიცვლება, ინტერესს დაკარგავთ, — განმარტავს ბოტონი.

ამგვარად, გამოდის, ჯერ წარმატების ჩვენეული ვერსია უნდა შევიმუშაოთ, შემდგომ კი მისკენ სწრაფვა დავიწყოთ…

„მკერდის კიბოს ანბანი“ — კრეატიულმა სააგენტომ თემატური შრიფტი შექმნა

Adobe Illustrator-ს ახალი ფუნქციები ემატება