in

როგორ მივაღწიოთ წარმატებას ახალ სამსახურში?

ბევრ სამუშაო ადგილზე არსებობს წესები, რომლებზეც ასე პირდაპირ არავინ საუბრობს. არადა, მათი გააზრება მნიშვნელოვანია წარმატებისთვის… ამას ან თავადვე იგებთ ან თუ საკმარისად გაგიმართლათ ისეთი მენტორი ან მენეჯერი შეიძლება გყავდეთ, რომელიც დაგეხმარებათ… ახალი სამსახურის დაწყება ახალ სკოლაში გადასვლის მსგავსია — ახალ ადამიანებთან ურთიერთობთ, უცნობ სიტუაციებში ხვდებით, მუდამ დაკვირვების რეჟიმში ხართ, გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე… 

რეალურად კი, არ აქვს მნიშვნელობა, პირველ სამსახურს იწყებთ თუ უბრალოდ ახალ პოზიციაზე გადადიხართ, კარგი შთაბეჭდილების მოხდება ასეთი საშიში ნამდვილად არ არის. ეს უბრალოდ ზემოთ აღნიშნული ზეპირი წესების ნორმალური ენით გადმოცემას ეხება და იმის ჩვენებას, რასაც The Unspoken Rules: Secrets to Starting Your Career Off Right-ის ბესტსელერის ავტორი სამი C-ის სახელით მოიხსენიებს — კომპეტენცია, პასუხისმგებლობა და თავსებადობა. 

პირველი C კომპეტენციაა — ერთ დღეს თქვენი ახალი კოლეგები შემოგხედავენ და გაიფიქრებენ – შეუძლია თუ არა საქმის კეთება? სხვების დარწმუნება თქვენი შესრულებული საქმეების ჩვენებით შეგიძლიათ ან სხვისთვის იმ რაღაცის მიცემით, რაზეც რეაგირება შეეძლებათ. 

მოდით, ჩათვალეთ, რომ თქვენი პირველი დღეა, სამსახურში სრული ქაოსი სუფევს და შეხვედრაზეც აღმოჩნდებით, ყველანაირი კონტექსტის გარეშე… მენეჯერი რაღაც საქმეს დაგავალებთ, რომელში ჩახედვისთანავე ძალიან დაიბნევით. მათთან დაბრუნებისა და არ ვიცი, რა გავაკეთო, დამეხმარეთ ფრაზის ან იმის ნაცვლად, რომ საერთოდ არ დასვათ კითხვები, დაფიქრდით მსგავს საქმეებზე, რომლებიც წინა სამსახურში შეგისრულებიათ, ან თუნდაც სკოლაში ან უბრალოდ თქვენთვის. შემდეგ კი მიმართეთ მენეჯერს და უთხარით: X-ზე ვმუშაობ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ შემდგომ ნაბიჯში. გადავდგი X ნაბიჯები და ველაპარაკე A-ს, ნაწილობრივ გავიგე ეს საკითხი, მაგრამ ამ მეორე ნაწილში დარწმუნებული არ ვარ. რას ფიქრობ ამ მიდგომაზე?“.

გამოდის, ჯერ უნდა ცადოთ და შემდგომ მიმართოთ მენეჯერს დასახმარებლად. თანაც აქ დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ლიმიტებს დაუწესებთ. დედლაინების მიხედვით განსაზღვრავთ, როდის, რა საქმე შეასრულოთ, შემდგომ კი ისწავლით იმისგან, რასაც სხვები გეტყვიან. ეს პირველი ნაბიჯი გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორ მუშაობს ახალ სამსახურში რაღაცები. 

მეორე C პასუხისმგებლობაა — გარდა იმისა, რომ თქვენს თანამშრომლებს აინტერესებთ, რამდენად შეგიძლიათ საქმის შესრულება, ისინი ასევე აკვირდებიან, რამდენად თავდადებული იქნებით საქმისადმი. ახალი სამსახურის პირველ კვირაში, ეცადეთ მენეჯერს კითხვები არსებული მოლოდინების შესახებ დაუსვათ, აი, მაგალითად: რა არის ჩემი ტოპ პრიორიტეტები ამ პოზიციაზე? როგორ ამჯობინებდით კომუნიკაციას, ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად? რა გაუკეთებიათ თქვენს საუკეთესო თანამშრომლებს ისეთი, რაზეც ისურვებდით, რომ მეც შემესრულებინა?

რაც შეეხება კოლეგებს, აქ ნაკლებად ოფიციალური ტონი გჭირდებათ. სამსახურის პირველ დღეებში მენეჯერი ახალ თანამშრომლებს გაგაცნობთ და ეცადეთ ეს გამარჯობით დაწყებული კომუნიკაცია ურთიერთობებად აქციოთ. ერთ-ერთი ვარიანტი იმის კითხვაა, თუ როგორ მიდის მათი კვირა ან თუნდაც შეგიძლიათ, მათ კონკრეტულ საკითხზე თხოვნისთვის მიმართოთ. ეს პატარა ნაბიჯები ურთიერთობების გაღრმავებაში დაგეხმარებათ. 

მესამე C თავსებადობაა — ყოველთვის, როცა გუნდს ახალი ადამიანი უერთდება, ყველას სურს მასზე გაიგოს, რამდენად შეეწყობიან. საუბრების წამოწყებით უკვე ამას გამოხატავთ, ამ პროცესში კი ეცადეთ, გაარკვიოთ, ვინ და ვის წინაშეა პასუხისმგებელი. თუ დისტანციურად მუშაობთ, მენეჯერს ჰკითხეთ ორგანიზაციული სქემის შესახებ, დიაგრამის, რომელიც გაჩვენებთ, ვინ ვის ექვემდებარება.

თუმცა ხშირად მსგავსი რამ არ არსებობს კომპანიებში და საზღვრებიც ნაკლებად ნათელია, რის გამოც შეხვედრები და სამსახურის ჩატი ყურადღების გასამახვილებლად უნდა გამოიყენოთ ისეთ საკითხებზე, როგორებიც თითოეული ადამიანის პოზიციაა, ვინ ვის მხარეს არის, ვინ იმსახურებს პატივისცემას, როგორი ქცევებისთვის ისჯებიან და პირიქით? ამ საკითხების გააზრება ზუსტად იმაზე მოგაწვდით ინფორმაციას, რაც გუნდის კულტურის გააზრებისთვისაა მნიშვნელოვანი. 

იმასაც დააკვირდით, სამსახურში რა შეუსრულებელი ამოცანებია ისეთი, რომლებსაც შეუძლია, თქვენს გუნდს დაეხმაროს, მიაღწიოს უფრო მეტს, უფრო კარგად, უფრო სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ. ამგვარად, თქვენ შეძლებთ აჩვენოთ, რომ საკმარისად კომპეტენტური ხართ ხარვეზების დანახვაში და იმდენად თავსებადიც, რომ ვინმეს ხელი კი არ შეუშალოთ, არამედ, პირიქით…

აი, ეს არის ახალი სამსახურის დაწყების რეალობა, თქვენი საქმის კეთება კი ამის მხოლოდ ნაწილია. დანარჩენი სწორედ იმას ეხება, თუ როგორ ეწყობით სხვა ადამიანებს. ბევრიც კი ვისაუბრეთ, თუ როგორ გიყურებენ სხვები და როგორ გაფასებენ, მაგრამ ამის გაკეთება არც თავად დაგავიწყდეთ. ეს ის გარემოა, სადაც განვითარების საშუალება და თქვენი მაქსიმუმის გამოვლენა შეგეძლებათ? როგორ ფიქრობთ, შეეწყობით ახალ თანამშრომლებს? ეს ის სამუშაოა, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ? ამგვარად, მიმოიხედეთ, დააკვირდით და კარგად განსაზღვრეთ, რამდენად კარგი ადგილია ეს თქვენთვის.

თბილისში სრულად ელექტრო Audi Q8 e-tron-ისა და აუდის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

ტურინელი გამომგონებლის იდეა, რომელმაც ალპინისტების ყოველდღიურობა შეცვალა