ერთი ძველი ფრაზა, ალბათ, თავადაც გსმენიათ — „ადამიანები ტოვებენ მენეჯერებს და არა, კომპანიებს“… მიუხედავად ამისა, პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ეს კი იმიტომ, რომ ძალაუფლების მქონე პოზიციებზე არსებული ადამიანებიდან ძალიან ცოტამ თუ იცის, რა სჭირდება სხვების შთაგონებას. არადა, პატარა მინიშნებაა საჭირო, რომ ისინი ადამიანებს კი არ მართავენ, არამედ მათ წარუძღვებიან და არსებულ სამუშაოს მართავენ…
ერთი მწარე სიმართლე ხელმძღვანელობაზე
თუ გაურკვევლობაში აღმოჩნდებით და დაგაინტერესებთ, როგორც ლიდერი, რა პოზიციას იკავებთ, რაღაც მომენტში მოგიწევთ მწარე სიმართლეს გაუსწოროთ თვალი იმაზე, თუ რა არის საჭირო წარმატებული ლიდერობისთვის… პასუხი მარტივია, წარმატებული ხელმძღვანელი ის არის, ვინც მოტივაციას აძლევს და შთააგონებს სხვებს ადამიანურ, ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ დონეზე.
მწარე სიმართლე კი მარტივ ჩვევადაც შეიძლება გადაიქცეს, თუ სამუშაო ადგილიდან შიშს გააქრობთ. ტრადიციულ ვერტიკალურ სტრუქტურებში უფროსები თანამდებობის ძალაუფლებას იყენებენ და კონტროლს მიმართავენ, რათა ადამიანები შედეგებამდე მიიყვანონ. შიში კი მთავარი მოტივატორია. დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ლიდერები ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას შიშის გაქრობით უზრუნველყოფენ, რათა მისცენ დასაქმებულებს დრო თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის თავისუფლად გამოხატვისთვის.
შიშის შეფასება სამსახურში
იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენს კომპანიაში, დეპარტამენტსა თუ გუნდში საქმე გაქვთ თუ არა შიშთან, შემდგომი კითხვები უნდა დასვათ:
- რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვა თქვენს კომპანიაში?
- ვინ დაწინაურდა და რატომ?
- მენეჯერები და ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი ადამიანები მარტივად იღებენ მათგან განსხვავებულ მოსაზრებებს?
- ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, რათა რისკებზე წავიდნენ?
- რომელი იყო ბოლო, ძალიან კარგი იდეა, რომელიც კომპანიამ განახორციელა, მაგრამ მისი ავტორი ხელმძღვანელი პირებიდან არავინ ყოფილა?
თუ რომელიმე კითხვამ დაგაფიქრათ, იცოდეთ, რომ შიში დისკრიმინაციას არ მიმართავს და ის ყველა დონეზე გვხვდება.
რა სურს ყველა თანამშრომელს?
შიშით რომ კომპანიის სრულ პოტენციალს ვერ გამოვავლენთ, ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით — როცა გვეშინია, ვერც ჩართული ვიქნებით სამსახურში და ვერც ინოვაციურობას გამოვიჩენთ. ზოგიერთი კი თვლის, რომ სწორედ შიშია ყველაფრის მოტივატორი, მაგრამ რეალურად ის, რასაც შიში აკეთებს, ნდობის განადგურებაა, შესაბამისად, დემოტივატორადაც გვევლინება.
კვლევამაც დაადასტურა, რომ ხელმძღვანელები, რომლებიც აძლიერებენ ე. წ. უსაფრთხოების კულტურას, სადაც თანამშრომლებს საუბარი, უკუკავშირის გაჟღერება, დახმარების თხოვნა თუ ექსპერიმენტების ჩატარება შეუძლიათ, უკეთეს შედეგებს აღწევენ. ამიტომ, დროა, შიშის აზროვნებიდან თავისუფლებისა და შესაძლებლობების აზროვნებისკენ გადაინაცვლოთ, ეს პროცესი კი მეტად სიღრმისეული რომ გახადოთ, საკუთარ თავს შემდეგი ორი კითხვა უნდა დაუსვათ: პირველი, რომ არ ეშინოდეთ, რას გააკეთებდნენ თქვენი თანამშრომლები ან გუნდის წევრები განსხვავებულად? და მეორე: როგორ იგრძნობდნენ თავს შიშის გარეშე?