საჯაროდ საუბრის დროს ხშირად ბევრს ვნერვიულობთ, ვიბნევით, ვჩქარობთ… ამ ყველაფერს კი თავისი მიზეზები აქვს, რომელთა თავიდან არიდებაც არც ისეთი რთულია. თუ წარმატებული სპიკერები არსებობენ, გამოდის, მათ რაღაც გზებს მიაგნეს, რომლებსაც ახლა ჩვენ გაგიზიარებთ:
იფიქრეთ სუნთქვაზე საუბრის დროს
ადამიანების უმეტესობა საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ სუნთქავს ლაპარაკისას. არადა ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი სიტყვები. ამიტომ, აქ დიაფრაგმული სუნთქვის ტექნიკის გამოყენებას გვირჩევენ, რადგან დაძაბულობისა და შფოთვის მოხსნაში გვეხმარება. ამაში არაფერია განსაკუთრებული, ჩვენი სუნთქვის ჩვეული გზაა, რომელიც მუცლიდან ხდება. თუმცა ხშირად, როცა სტრესულ სიტუაციებში აღმოვჩნდებით, გულმკერდის არეს მივმართავთ, რაც პანიკას იწვევს.
ამიტომ, თუ დიაფრაგმულ სუნთქვას კარგად დაეუფლებით, თქვენი ნერვული სისტემის მართვასაც შეძლებთ და კომუნიკაციისას აღარც „მმმ…“-ს მსგავსი ბგერების წარმოთქმა დაგჭირდებათ. ეს იდეების უკეთ წარმოჩენაშიც დაგეხმარებათ — როგორც წესი, ერთი ამოსუნთქვით ვამბობთ, რითაც ჩვენი იდეა აუდიტორიისთვის ნაკლებად დასამახსოვრებელი ხდება. ხოლო, როცა სუნთქვის სწორ ტექნიკებს ვიყენებთ, იდეები იმგვარად ნაწილდება, რომ აუდიტორიასაც მეტად დაამახსოვრდეს.
ამ უნარის გამომუშავებაზე კი ყოველდღიურად შეგიძლიათ, იმუშაოთ, როცა შეხვედრაზე იქნებით, პრეზენტაციას წარადგენთ ან ოჯახის წევრებს გაესაუბრებით. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე იქცევა თქვენს ჩვევად.
გახადეთ ავთენტური თქვენი ჟესტები
ჟესტების გამოყენება კომუნიკაციას კიდევ ერთ განზომილებას მატებს. ხშირად მას ძალიან ჭარბად იყენებენ ან არც იციან, რა და როგორ გააკეთონ. ამას კი მხოლოდ მაშინ გაუმკლავდებით, როცა საკუთარი თავის დამკვირვებლად იქცევით. მაგალითისთვის ჩაიწერეთ თქვენი შეხვედრები, პრეზენტაციები… მოგვიანებით უყურეთ და დააკვირდით, როგორ ამოძრავებთ სხეულსა და ხელებს. მას შემდეგ, რაც ჟესტიკულაციის თქვენთვის ბუნებრივ გზას მიაგნებთ, შეძლებთ, იგი თქვენი პრეზენტაციების ნაწილად აქციოთ.
შეჩერდით, სანამ დაიწყებთ ან უპასუხებთ
თქვენი სახელი გაიგეთ, კითხვა დაგისვეს და სცენისკენ მიემართებით, დაუყოვნებლივ იწყებთ საუბარს ისე, რომ აუდიტორიას ვერც კი ამჩნევთ — ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, ჩვენ ვჩქარობთ, მანამდე გავდივართ სცენაზე, სანამ მზად ვიქნებით…
მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, შეჩერდეთ, რათა შეამჩნიოთ აუდიტორიის წევრები ან შეაფასოთ მიღებული კითხვა. თუ ძალიან სწრაფად გასცემთ პასუხს, შესაძლოა, დასმული კითხვაც დაგავიწყდეთ ან აუდიტორიას თავი გარიყულად აგრძნობინოთ, რადგან მათ შემჩნევას დრო არ დაუთმეთ. ამის თავიდან ასარიდებლად დიაფრაგმულ სუნთქვას მიმართეთ და თქვენი გამოსვლაც მეტად წარმატებული გახდება.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ კომუნიკაციის უნარებს ყოველდღიურად სჭირდება ვარჯიში. ამ პროცესში თქვენი კოლეგები, ოჯახის წევრები და სრულიად უცხო ადამიანებიც შეგიძლიათ, ჩართოთ… უბრალოდ გახსოვდეთ, რომ სწორი სუნთქვით, ჟესტიკულაციითა და მცირე შესვენებით თქვენი საკომუნიკაციო უნარები მკვეთრად გაუმჯობესდება.