თბილისი ის ქალაქია, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს. ყველას წარმოსახვაში ის ისეთია, როგორსაც თვითონ წარმოიდგენს. ის მრავალჯერ მოხვედრილა სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ობიექტივში და მრავალჯერ ყოფილა სხვადასხვა ავტორის მუზა.
თბილისს დიდი ისტორია აქვს. ხოხბისა თუ ირმის ლეგენდებით დაწყებული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლებით დამთავრებული, მან იმდენი ტრანსფორმაცია გაიარა, რომ ამ ტრანსფორმაციების კვალი ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ ეტყობა. აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი, ეს ქალაქი კულტურათა ნაზავია. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ თბილისზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.
ასეთი წარმოდგენებით აწყობილი კომპოზიციები შეიკრიბება გამოფენაზე „წარმოსახვითი თბილისი, ადგილი საცხოვრებლად”, რომელმაც სტარტი პირველ სექტემბერს აიღო და ერთი თვის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, პოსტსაბჭოთა ქალაქის თანამედროვე ურბანულ პირობებს გაეცნოს და არტისტების თვალით დანახული თბილისის პოტენციური მომავალი წარმოისახოს.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, დოდო აბაშიძის 10-ში, 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით იმართება. მასზე მოწვეულნი არიან ავსტრიაში მოქმედი როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები და წარმოადგენენ თავიანთ ინსტალაციებს, სკულპტურებსა და სხვა ტიპის ხელოვნების ნიმუშებს.
გამოფენის კურატორია თინა ნაცვლიშვილი, რომელიც ასევე ავსტრიაში მოღვაწეობს და სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდა.
M: თინა, თავდაპირველად პროექტის იდეაზე გვიამბეთ: როგორ და როდის გაჩნდა?
პროექტის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა. ზოგადად, სულ მინდოდა რაღაც საინტერესო გამეკეთებინა საქართველოში, მაგრამ ამისთვის საკმარისი მზაობა არ მქონდა. რთულია, როდესაც სამშობლოდან მოშორებით გიწევს ცხოვრება და აქ რაიმე პროექტის განხორციელება გსურს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ის ქალაქია, სადაც გავიზარდე, როცა მისგან უკვე დიდი ხანია მოშორებული ხარ, გიწევს იმაზე ფიქრი, თუ რა კუთხით უნდა დაამუშაო შენი იდეა, რა თემები წამოსწიო წინ და ა.შ.
შარშან პირველი დამოუკიდებელი პროექტი გავაკეთე იაპონიაში და მივხვდი, რომ ეს იყო გარდატეხა, რის შემდეგაც უკვე მზად ვიყავი ჩემი ქვეყნისთვისაც გამეკეთებინა გამოფენა და კოლაბორაცია სხვადასხვა არტისტთან. ამის მერე უკვე დავუკავშირდი თანამედროვე ხელოვნების ცენტრს, მოვიწვიე რამდენიმე ხელოვანი, რომელთა ნამუშევრებიც მომწონდა. ისინი მუშაობენ ისეთ თემებსა და ფორმებზე, რომლებიც ვთვლი, რომ თბილისის პროექტის იდეას შეეფერება. ჩვენი იდეები შეიკრა და მომზადდა გამოფენა, რომელიც ინტერკულტურული გამოვიდა.
M: კარგად რომ განვმარტოთ კონცეფცია – წარმოსახვითი თბილისი. რას გულისხმობს ეს და რას უნდა ელოდოს დამთვალიერებელი?
ამ კონცეფციაში იგულისხმება ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, როგორც ფიზიკური, ისე მეტაფორული. ის გარემო, რომელიც ჩვენ ირგვლივ სუფევს, ის არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული თუ ბუნებრივი რეალობა, რომელიც თბილისში გვხვდება. ასევე იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან თბილისის ყოველდღიურობას.
თბილისი ზოგადად ძალიან კომპლექსური ქალაქია, ბევრჯერ დანგრეული და აღდგენილი. ბოლო პერიოდში მისი იერსახე კიდევ შეიცვალა, რადგან აშენდა უამრავი თანამედროვე შენობა. სანამ ამ მშენებლობლებს კანონები დაეწეოდა, როგორი უნდა იყოს სტანდარტები და ა.შ., ქალაქი ერთ დიდ ქაოსად იქცა და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიტია. მას თავისი იდენტობა აქვს და ამ გამოფენის ფარგლებში სწორედ ეს იდენტობა გვსურს ჩვენებურად წარმოვაჩინოთ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვანები, ვინც გამოფენაში მონაწილეობენ, ერთი თვეა აქ ცხოვრობენ და აქ ქმნიან თავიანთ ნამუშევრებს. ქალაქის მოცემულობა ძალიან ბევრ შინაარსობრივ მიმართულებას გვაძლევს, მისი ხელგაშლილობა და დინამიკურობა ძალიან საინტერესოა. ჩვენი დავალება იყო, რომ გავცნობოდით ქალაქს ერთი თვის განმავლობაში და შეგვექმნა ნამუშევრები, რომლებიც არ იქნებოდა ერთ კონკრეტულ თემაზე ჩაციკლული. ჩვენი მიზანია, რომ სახვითი ხელოვნების მედიით პატარა შთაბეჭდილებები გავაზიაროთ თბილისის შესახებ.
M: თქვენი აზრით, როგორ გამოიხატა ეს კონცეფცია ნამუშევრებში?
ორგვარი ნამუშევრებია: ზოგან პირდაპირ არის ეს სათქმელი გადმოცემული, ზოგან კი აბსტრაქტულად. ამ უკანასკნელთან ქვეტექსტებია, რომელთაც კარგად უნდა დააკვირდე ან ხელოვანთან ერთად ისაუბრო. არის ნამუშევრები, რომლებიც საკმაოდ ინტერაქციულია. არის ისეთები, სადაც შეგიძლია შეხვიდე, გამოხვიდე, რაღაც ობიექტები შეცვალო, გადააადგილო და შენი სურვილებიც აღბეჭდო…საერთო ჯამში, ეს გამოფენა მთლიანად ეხმაურება ზემოთ ჩამოთვლილ თემებს და ეს სული დამთვალიერებლისთვისაც ძალიან შესამჩნევია.
M: თავად ხელოვანებზეც გვესაუბრეთ: ვინ არიან და როგორ შეირჩნენ ისინი?
პროექტში მონაწილეობს 7 არტისტი, რომლებიც ავსტრიელები არ არიან, მაგრამ ავსტრიაში ცხოვრობენ და მუშაობენ. მათგან რამდენიმეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კარგად ვიცნობ, ზოგიერთის ნამუშევრები კი მხოლოდ შორიდან მქონდა ნანახი. არ გვქონია რაიმე ტიპის კონკურსი. მე პირადად, როგორც კურატორმა და იდეის ავტორმა შევარჩიე ის ადამიანები, რომლებსაც ვთვლი, რომ საინტერესოდ შეეძლოთ ამ თემის გაშლა.
M: როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი, იყო თუ არა სირთულეები?
მთავარი სირთულე იყო დაფინანსების მოპოვება, რადგან, მოგეხსენებათ, ყველა ასეთი ინიციატივა თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი პარტნიორი არის „არემჯი”, რომელმაც ყველანაირად შეგვიწყო ხელი ჩამოსვლაში, აქ დაბინავებაში, მასალის მოძიებასა და ხარჯების დაფარვაში.
რაც შეეხება საერთო სამზადისს, დაახლოებით ერთ წელს გასტანა მთლიანმა პერიოდმა, დაწყებული იდეიდან, მერე დაფინანსების მოპოვებაზე ზრუნვით და უშუალოდ გამოფენით დასრულებული. საერთო ჯამში, დაბალბიუჯეტიანი პროექტი გამოვიდა, თუმცა, ჩემი აზრით, ყოველთვის შეიძლება მცირე ბიუჯეტითაც გააკეთო დიდი საქმე, ამიტომ ვფიქრობ, რომ პროექტი შედგება და დამთვალიერებელიც კმაყოფილი დარჩება.
[R]