ფაქტია, ინტერნეტთან ერთად ჩვენი ყიდვის გამოცდილებაც შეიცვალა — ახლა რიგებში თუ კალათებით ხელში დგომას რამდენიმე კლიკს ვამჯობინებთ… TikTok-მა კი ეს საზღვრები უსასრულო გახადა, უკვე უფრო მეტი ვიცით პროდუქტზე, რაც გადაწყვეტილების მიღებასაც გვიმარტივებს.
#TikTokMadeMeBuyIt
ტიკტოკის ევოლუცია გასართობი ინდუსტრიიდან E-commerce-ზე გადასვლას გულისხმობს. თუ ადრე ყველაფერი ცეკვის ტრენდებით დაიწყო, ახლა მრავალფეროვანი კონტენტი გვხვდება, იქნება ეს ახალი ამბები თუ თემები, რომლებიც კონკრეტული აუდიტორიის ინტერესებზეა მორგებული. არსებული მოკლე ვიდეო ფორმატი იმდენად ეფექტური დარჩა, რომ სხვა პლატფორმებმაც კი სცადეს მისი გადაღება, აქ YouTube და Instagram შეგვიძლია ვახსენოთ.
გამოცდილი კრეატორების წყალობით, რომლებიც აუდიტორიას ურჩევენ, თუ სად წავიდნენ, რა ჭამონ, რა ჩაიცვან ან რა იყიდონ, ონლაინ ინფორმაციების მიმართ არსებული სკეპტიციზმიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ალფა თაობის 25%-ზე ინფლუენსერებსა და ბლოგერებს დიდი გავლენა აქვს და მხოლოდ ამის შემდგომ დგება მეგობრების ჯერი. შედეგად, TikTok პროდუქტების შესახებ გვაწვდის ინფორმაციებს კონტენტის მეშვეობით, რომელიც გაყიდვებს ზრდის და უბიძგებს ადამიანებს, ერთი კლიკით შეიძინონ.
ასე მიაღწია ჰეშთეგმა #TikTokMadeMeBuyIt 61.6 მილიარდს… ბრენდები ახლა TikTok Shop-ზე ტვირთავენ თავიანთ პროდუქტებს და მათ კრეატორის კონტენტისთვის ხელმისაწვდომს ხდიან Video Shopping Ad-ის (VSA) ფორმატში. აღნიშნული კი, სრულად ცვლის მომხმარებელთა გამოცდილებას მსგავსი რეკლამების მიმართ — კრეატორს შეუძლია, პროდუქტი თავის კონტენტში აჩვენოს მაშინ, როცა ტიკტოკი ამ პროდუქტის კლიკის მქონე რეკლამას სთავაზობს მათ. მიზანი მაღალი ხარისხისა და გასართობი კონტენტის შეთავაზებაა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ და სურთ პროდუქტების შეძენა.
კრეატორის E-commerce პარადიგმა
თუმცა ყველაფერი TikTok Shop-ით არ მთავრდება, პლატფორმა კომენტარის გაკეთების ვარიანტსაც სთავაზობს კრეატორებს, რომელშიც მათ შეუძლიათ ლინკებიც ჩასვან. ასე კი, თითქოს, ელექტრონული ვაჭრობა ორგანული კონტენტის ბუნებრივი ნაწილი ხდება…
საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებელთა 82% ენდობა იმ ინფორმაციებს, რომლებსაც სოციალურ მედიაში ხედავენ, ტიკტოკის მომხმარებელთა 50%-ს კი TikTok Live-ის ყურების შემდეგ მიუღია ყიდვის გადაწყვეტილება. ამგვარად, როცა დღეს მომხმარებლები ინფორმაციებს ეძებენ, მათთვის მთავარ წყაროს კრეატორები წარმოადგენენ. დიახ, ისინი მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე წინ დგანან. ბაზარზე არსებული ცოდნის შემადგენელ ნაწილადაც კი იქცნენ ძლიერი, ავთენტური და ხანდახან ნიშ აუდიტორიისთვის განკუთვნილი კონტენტით, რომელთაც მიმდევრები ენდობიან და საკმარისად მოსწონთ იმისათვის, რომ იყიდონ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტიკტოკი ნიშურ და ექსპერტ კრეატორებს აერთიანებს, რის გამოც მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტულ თემებზე პირდაპირ ექსპერტთა მოსაზრებები გაიგონ, დაწყებული სპორტსმენებიდან, რომლებიც თავიანთ რუტინაზე საუბრობენ და დამთავრებული სტილისტებით, რომლებიც საყვარელ პროდუქტებს უზიარებენ მათ. ამგვარი კონტენტი კი იმ ავთენტურობას უზრუნველყოფს, რომლებიც როგორც კრეატიორებს, ისე ბრენდებს უყვართ.
ხოლო უშუალოდ ბრენდებისთვის, ეს უნიკალურ შესაძლებლობას ნიშნავს, რათა კრეატორებისა და მათი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრონ. ტიკტოკით ბრენდებს ახალი და მზარდი პოპულარობის მქონე მედიუმი ეძლევათ, რათა თავიანთი პროდუქტები განათავსონ. დიახ, დღეს მხოლოდ ვებგვერდები და ფიზიკური მაღაზიები აღარ არის საკმარისი…
თანაც კრეატორები სწრაფად იქცნენ წარმატებული მარკეტიგული სტრატეგიების მთავარ ინგრედიენტად, რომლებიც თავიანთი კონტენტით აუდიტორიას მარკეტინგულ მოგზაურობაში მიუძღვებიან, დაწყებული პროდუქტის აღმოჩენიდან მის შეძენამდე, რასაც ბონუსად ზეპირსიტყვიერი რეკომენდაციები (WOM) და დისკუსიები ემატება.
კმაყოფილი კრეატორის შეფასებამ, განთავსებამ თუ მონიშვნამ, ოღონდ თუ სწორი სამიზნე აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, შესაძლოა, ბრენდი ვირუსული გახადოს და ასე, მას კონკრეტულ ინდუსტრიაში წამყვანი ადგილის დაკავებაშიც დაეხმაროს. აი, მაგალითად Waitrose-ის განცხადებით, 2022 წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში ფეტა ყველის გაყიდვები 33%-ით გაიზარდა, რასაც TikTok-ზე არსებულ „ათქვეფილი ფეტას“ ტრენდს „აბრალებენ“.
ამგვარად, კონტენტში ჩართული რჩევებით, რეკლამებითა თუ რეკომენდაციებით კრეატორები იდეალურ პოზიციას იკავებენ თავიანთ აუდიტორიებთან ახალ პროდუქტებზე სასაუბროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ექსპერტები არიან იმაში, რისი მოსმენაც აუდიტორიას სურს. ეს კი წარმოუდგენლად კარგი რამ არის ბრენდებისთვის, რაც ტრადიციულ მარკეტინგულ მეთოდებს არც უნდა შევადაროთ… გამოდის, TikTok მხარს უჭერს როგორც კრეატორებს, ისე ბრენდებს, სოციალურ კომერციას პლატფორმაზე ათავსებს და პროდუქტების შეძენას ისეთივე ხელმისაწვდომს ხდის, როგორც ინფორმაციებს, დისკუსიებსა და მათ ირგვლივ ატეხილ ამბებს. და თქვენ როგორ ფიქრობთ? საცალო ვაჭრობისთვის ეს ევოლუციაა თუ რევოლუცია?