როდესაც შემოქმედებითი ინდუსტრიის წესებზე ლაპარაკობენ ხოლმე, ბევრს ეცინება, რადგან ფიქრობენ, რომ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: წერა, დიზაინი, ხელოვნება, ფოტოგრაფია და სხვა, არავითარი წესი არ არსებობს. ამას ზოგი ეთანხმება, ზოგი – არა.
მეორე მხარე ამბობს, რომ არასოდეს არ უნდა „გაადიდოთ ლოგო”, არ უნდა გამოიყენოთ ბევრი ზედსართავი სახელი ტექსტის წერისას, არ უნდა აურიოთ ერთმანეთში ფონტები და ა.შ. თუმცა პირველები ამასაც, უბრალოდ, პოპულარულ მოსაზრებებს ეძახიან, რომლებიც იმდენად ხშირად განმეორდა, რომ მათზე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შევწყვიტეთ.
რატომ მოგვწონს წესები (მაშინაც კი, როცა ისინი გვზღუდავენ)
წესები გვაძლევს კონტროლის შეგრძნებას. როდესაც გადაპრანჭული კრეატიულობა ზედმეტად გვეჩვენება, წესები რუკის მსგავსად მოქმედებს – ისინი გვეუბნება, რა გავაკეთოთ და რა ავიცილოთ თავიდან, გვეხმარება გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებაში და „უსაფრთხოების“ განცდაში.
თუმცა, როგორც შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, საუკეთესო მომენტი მაინც ამ წესების დარღვევაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
თუ გსურთ შემოქმედებითად გაიზარდოთ, დაარღვიეთ წესები
მთავარი რჩევა – დაუფიქრებლად დაუსვით კითხვები იმ წესებს, რომლებსაც იცავდით. აირჩიეთ ერთი პატარა შემოქმედებითი „წესი“ და ერთი კვირის განმავლობაში ცადეთ საპირისპიროს გაკეთება:
- თუ თქვენ ხართ დიზაინერი, რომელიც არასდროს იყენებს ჩრდილებს, გამოიყენეთ ისინი ყველგან
- თუ მწერალი ხართ, რომელიც თავს არიდებს ფრაგმენტული წინადადებების წერას, გამოიყენეთ ისინი ყველგან
- თუ ფოტოგრაფიაში მხოლოდ ბუნებრივ სინათლეს იყენებთ, ცადეთ ფლეშის გამოყენება
თქვენ არ ცდილობთ „დაამტკიცოთ“, რომ წესი არასწორია — თქვენ უბრალოდ ცდილობთ გაიგოთ, რატომ არსებობს ის და გეხმარებათ თუ, უბრალოდ, ხელს გიშლით.
სტივ ჯობსის სიტყვებია: „კრეატივი ერთმანეთთან რაღაცების დაკავშირებაა”. საუკეთესო იდეები ხშირად ურთიერთშერწყმიდან მოდის. ხშირად ორი ან სამი დისციპლინა ერთმანეთთან შეუთავსებლად გვეჩვენება, თუმცა სწორედ ამით იქმნება გენიალური პროდუქტი, რომელიც WOW ეფექტს იძლევა.
ზოგჯერ კრეატორები მაქსიმალურად ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რაც დამკვეთმა მოსთხოვა და არ ფიქრობენ ამ მოთხოვნის ქვეშ დამალული მიგნებების აღმოჩენაზე. გამოცდილი შემოქმედები გვირჩევენ, მივყვეთ ინტუიციას და არ შეგვეშინდეს სიახლის შეთავაზება, მივცეთ ადამიანებს საშუალება, სასიამოვნოდ განცვიფრდნენ.
რეალურად, ახალს არაფერს ვამტკიცებთ. ბევრმა ადამიანმა ადრეც გამოთქვა ეს დაკვირვება და იმდენი ისტორია არსებობს შემოქმედებაში წესების დამრღვევების შესახებ, გასაკვირი ის უფროა, რატომ არ ვაკეთებთ ამას უფრო ხშირად. ასე რომ, ეს მხოლოდ კარგი შეხსენებაა და არა ახალი თეორია – წესები კარგია, მაგრამ კრეატივში თავისუფლება და ექსპერიმენტები უფრო მომგებიანია.












