ოდესმე გყოლიათ თანამშრომელი, რომელიც შესანიშნავი იყო თავის საქმეში, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს წესები მასზე არ ვრცელდებოდა? წესების დამრღვევები ყველა ინდუსტრიაში და ყველა დონეზე გვხვდებიან. ასეთ ადამიანთან მუშაობა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, განსაკუთრებით თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც ურჩევნია ყველაფერი წესების მიხედვით აკეთოს. როდესაც წესების დამრღვევი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მისმა ნიჭმა ან შედეგებმა შეიძლება ხელმძღვანელობის მხრიდან მიმღებლობა გაზარდოს, რის გამოც თქვენ შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ თავი იმის გამო, რომ პროცესების დაცვა გსურთ.
რთულ ადამიანებთან, მათ შორის წესების დამრღვევებთან მუშაობა კორპორაციული ცხოვრების ნაწილია. სამწუხაროდ, ვერ მიხვალთ და ვერ მოსთხოვთ – მათთვის წესების დაცვის ბრძანება იშვიათად მუშაობს. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა გადაჭრათ პრობლემა მტრული დამოკიდებულების შექმნის ან სამუშაო ურთიერთობის დაზიანების გარეშე.
გააანალიზეთ თქვენი კოლეგის მიდრეკილება წესების იგნორირებაზე
ადვილია გაბრაზება, როდესაც მუდმივად გიწევთ წესების დამრღვევის შეცდომების გამოსწორება. შეიძლება იგრძნოთ, რომ მათ არეულს ალაგებთ, ასწორებთ მათ სამუშაოს ან ავსებთ მათ მიერ დატოვებულ ხარვეზებს. ყოველივე ამის უსამართლობამ შეიძლება გაგაღიზიანოთ და გამოიწვიოს წყენა. მაშინ როცა თქვენ ყურადღებით მისდევთ ყველა ნაბიჯს, ისინი თითქოს შედეგების გარეშე ტოვებენ გამოტოვებულ საფეხურებს.
შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი კოლეგა ზარმაცია, დაუდევარია ან განზრახ იწვევს პრობლემებს, მაგრამ რეალურად შეიძლება არსებობდეს მათი ქცევის სხვა მიზეზები. შესაძლოა პირადი პრობლემები უფანტავს ყურადღებას ან ზემდგომებისგან აქვს ზეწოლა სწრაფი შედეგების მისაღწევად. ეს არ ამართლებს ქმედებებს, მაგრამ იმის გაგება, რომ შეიძლება უფრო მეტი იმალებოდეს ამ ისტორიის უკან, დაგეხმარებათ სიტუაციას უფრო მშვიდად მიუდგეთ, ემოციების აყოლის გარეშე.
ესაუბრეთ
იპოვეთ მშვიდი მომენტი, როდესაც ორივე თავისუფალი ხართ ყურადღების გამფანტველი ფაქტორებისგან და მშვიდ გონებრივ მდგომარეობაში იმყოფებით. „როგორც ჩანს, [პროტოკოლი] არაა ეფექტური თქვენთან. რა გიშლით ხელს?“
როდესაც თქვენი კოლეგა გპასუხობთ, მოუსმინეთ და დასვით დამატებითი კითხვები, როგორიცაა:
პროცესის რომელი ნაწილები მუშაობს თქვენთვის კარგად?
რომ შეგეძლოთ ერთი რამის შეცვლა, რა იქნებოდა ეს?
ჩვენ ვერ გავაუქმებთ წესებს სრულიად, რა იქნებოდა გონივრული კომპრომისი?
აჩვენეთ, რომ დაინტერესებული ხართ და არა აკრიტიკებთ. შეიძლება რაღაც ისწავლოთ იმის შესახებ, თუ რატომ ტოვებენ ისინი ნაბიჯებს გამოტოვებულს. შესაძლოა გითხრან, რომ არასდროს ყოფილან სათანადოდ გადამზადებულნი ან წინა სამსახურში აქვთ გამოცდილება, სადაც საქმეები განსხვავებულად და უფრო ეფექტურად კეთდებოდა.
ახსენით მიზანი
ასევე შესაძლებელია, რომ თქვენმა კოლეგამ არ იცის, რატომაა წესები მნიშვნელოვანი. მათ შეიძლება აღიქვან ისინი როგორც არასაჭირო ბიუროკრატია და არა როგორც ღირებული ინსტრუმენტები. თქვენი ამოცანაა გადალახოთ ეს უფსკრული იმის ჩვენებით, თუ რატომაა წესები მნიშვნელოვანი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება მათ პირდაპირი სარგებელი მიიღონ მათი დაცვით. მთავარია წარმოადგინოთ თქვენი არგუმენტი იმის თვალსაზრისით, თუ რა სარგებელი მოაქვს მათთვის.
შესთავაზეთ მოქნილობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია
განიხილეთ კოლეგასთან შუალედური გზის პოვნა. როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ პროცესი ისე, რომ მაინც შენარჩუნდეს საკონტროლო წერტილები? მაგალითად,
შესთავაზეთ 15-წუთიანი შემოწმება ერთსაათიანი სესიის ნაცვლად.
შესთავაზეთ, რომ განახლებები გააკეთონ კვირაში ერთხელ ყოველდღიურის ნაცვლად.
შექმენით შაბლონი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს უფრო მარტივად შექმნან რეპორტი.
შეინარჩუნეთ სიმტკიცე, როდესაც გთხოვენ წესების დარღვევას
მიუხედავად თქვენი მცდელობისა იყოთ გამგები და თანამშრომლური, ზოგჯერ საჭიროა საკუთარი პოზიციის დაცვა. თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ აღიარეთ მათი პერსპექტივა, შემდეგ დააწესეთ თქვენი საზღვარი. ეს შეიძლება ჟღერდეს ასე: „ვაფასებ, რომ გსურთ ეს სწრაფად გააკეთოთ. საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად არის ამ ფორმის გამოყენებით წარდგენა, და შემდეგ ჩვენ შევაფასებთ და პრიორიტეტს მივანიჭებთ მოთხოვნას.“
თუ ისინი ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას ან კამათს, გაიმეორეთ თქვენი პოზიცია მსგავსი სიტყვებით: „მესმის, გეჩქარებათ, მაგრამ ჩვენი პროცესი არის ასეთი და ასეთი. ასე ვრწმუნდებით, რომ ყველა დეპარტამენტის მოთხოვნები სამართლიანად და თანაბრად განიხილება“.
წყარო: HBR