ბოლო დროს ქართული ბაზარი ტექნოლოგიურად ძალიან განვითარდა. კომპანიები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედია არხებს სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს გაყიდვები, მომხმარებელთან კომუნიკაცია, თუ ინფორმაციის გავრცელება საგანმანათლებლო მიზნებით. ქართულ კომპანიებში დღეს ცოტა თუ მოიძებნება, ვისაც არ აქვს Facebook, Instagram და TikTok გვერდები და ეს სწორიცაა, რადგან მომხმარებლები სწორედ ამ პლატფორმებს ანიჭებენ უპირატესობას.
თუმცა ხშირად შეიძლება, პოპულარული არხების გამოყენებით, კომპანიებმა პრობლემების გადაჭრის უახლესი გზები ვერ შეამჩნიონ. მაგალითად, ბოლო დროს პოპულარული გახდა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ზოგიერთი კონტენტ კრეატორისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ზოგიერთისთვის კი პირიქით — საუკეთესო დამხმარეა. ამიტომ, თუ კომპანია ან კრეატორი ჯიუტად ერიდება ამ ხელსაწყოს გამოყენებას, აუცილებლად წააგებს იმ კატეგორიასთან, რომელიც მას აქტიურად იყენებს.
დღეს სწორედ ისეთი ციფრული პლატფორმა უნდა გაგაცნოთ, რომელმაც მონეტიზაციის მოთხოვნის ახალ ტენდენციას აუწყო ფეხი და გაამარტივა კრეატორებისა და მათი გამომწერების კომუნიკაცია. ეს საუკეთესო არჩევანია იმ კომპანიებისთვის, ინფლუენსერებისთვის, კონტენტ კრეატორებისთვის, რომლებიც ცდილობენ შექმნან საინტერესო კონტენტი და სწორედ ამით ნახონ მოგება.
რა არის Patreon?
Patreon არის ონლაინ პლატფორმა, რომელზეც კონტენტის შემქმნელები ექსკლუზიურ მასალას ანთავსებენ, ხოლო მომხმარებლები მათ ფინანსურად მხარს უჭერენ. Patreon-ს იყენებენ იუთუბერები, ბლოგერები, პოდკასტის ავტორები, ორგანიზაციები და ა. შ. ისინი ექსკლუზიურად თავიანთ Patron-ებს (პატრეონის გამომწერებს) აძლევენ წვდომას მასალაზე, რომელიც არ/ვერ ხვდება ძირითად პლატფორმებზე ან სულაც ქმნიან უნიკალურ კონტენტს უშუალოდ Patreon არხისთვის. ეს სივრცე ყველაზე ერთგულ, აქტიურ აუდიტორიასთან სიღრმისეული დისკუსიისა და კონტაქტისთვისაა იდეალური. Patreon-ის საშუალებით, მომხმარებლები მატერიალურად ეხმარებიან თავის ფავორიტებს, რომ მათ კიდევ უფრო გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის ხარისხი. სტანდარტულად, Patreon ექაუნთებზე რამდენიმე, სხვადასხვა ფასის პაკეტია ხელმისაწვდომი — 5, 10, 20, 50 და 100-დოლარიანი ვარიანტები. ყველა პაკეტს კი შესაბამისი ბენეფიტების სია აქვს, რომლებსაც გამომწერი იღებს.
აღსანიშნავია, რომ Patreon ერთ-ერთ ყველაზე დაცულ პლატფორმად ითვლება. კონფიდენციალურია ინფორმაცია გამომწერებზე, რომლებიც იხდიან თანხას, ასევე დაცულია თითოეული ტრანზაქცია, პირადი ინფორმაცია და კომუნიკაცია.
როგორ შეიძლება გამოიყენოს Patreon ინფლუენსერმა?
დღეს ინფლუენსერები აქტიურობენ სხვადასხვა სოციალურ არხზე, აგროვებენ გამომწერებს, შემდეგ კი ყიდიან „გავლენას“ ამა თუ იმ კომპანიაზე. რეკომენდაციის გაწევა, ანბოქსინგი, რესტორანში სტუმრობა თუ სხვა სახის ბრენდთან კოლაბორაცია ფასიან სერვისად გადაიქცა და საკმაოდ აქტუალურია. თუმცა ამ ყველაფერს აზრი ეკარგება, თუ ინფლუენსერი საკუთარ მოსაზრებას ტარიფის მიხედვით ცვლის ან მუდმივად არეკლამებს, მომხმარებლებმა უკვე იციან, როგორ მუშაობს მარკეტინგი და ხშირად ინფლუენსერების მიმართ ნდობას მარტივად კარგავენ.
Patreon-ის შემთხვევაში ინფლუენსერს საშუალება აქვს, გამომწერებს პირდაპირ ეკონტაქტოს — მაგალითად, თავის არხზე მიუკერძოებლად განიხილოს ბრენდები, ხოლო გამომწერები ყოველთვიურად მისი აზრების მოსმენაში, დისკუსიაში და ყველაფერში, რასაც ინფლუენსერი თავის არხზე კონკრეტული პაკეტის ფარგლებში შესთავაზებს, გადაიხადონ მათ მიერ შერჩეული პაკეტის საფასური.
ასე გამოვა, რომ მომხმარებელი ინფლუენსერის გულწრფელ მოსაზრებებსა და კომპეტენციაში გადაიხდის თანხას, ხოლო ინფლუენსერი შეინარჩუნებს გამომწერის ნდობას და შუამავლების გარეშე გააგრძელებს გამომწერებთან ურთიერთობას.
ცხადია, ყველა ტრანზაქციაში Patreon თავის პროცენტს იღებს და სწორედ ესაა ამ პლატფორმის კომერციული მოგება.
როგორ გამოვიყენეთ Patreon ფრანკლინის კლუბში?
„ფრანკლინის კლუბი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ, ევრო-ატლანტიკურ და კლასიკურ ლიბერალურ ღირებულებებს ავრცელებს. ორგანიზაცია 2021 წელს დაფუძნდა და ორ წელზე ნაკლებ დროში მოახერხა მრავალფეროვანი, მასშტაბური პროექტების ჩატარება. ეს მოიცავს სხვადასხვა ტიპის ბანაკებს, პოდკასტებს, კონფერენციებსა და სხვა აქტივობებს. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არაფორმალური განათლება და ახალგაზრდებთან მუშაობაა. „ფრანკლინის აკადემია“ არის პროექტი, რომელსაც კლუბი საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ახორციელებდა.
2022 წლის ბოლოდან პროსახელისუფლებო, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს თანმიმდევრული შეტევა „ფრანკლინის კლუბზე“. ორგანიზაცია გახდა ცრუ ბრალდებებისა და ფაქტობრივი ტყუილების კასკადის მსხვერპლი. 2023 წლის მარტში, „რუსულ კანონთან“ დაკავშირებული საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შემდგომში ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანმა „ფრანკლინის კლუბს“ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დააბრალა.
ცხადია, ეს ყველაფერი აისახა კლუბის პარტნიორულ ურთიერთობებზე. მწვავედ დადგა დაფინანსების საჭიროების საკითხი და სწორედ ამიტომ მივმართეთ Patreon-ს.
დღეს ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი თანამოაზრეებისგან თანამედროვე და მარტივი გზით მივიღოთ ფინანსური მხარდაჭერა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას და საგანმანათლებლო დაწესებულებას, საშუალება გვაქვს, ჩვენს დარგში საინტერესო პოდკასტებით, სადისკუსიო თემებით, სოციალური ნეთვორქინგით შევქმნათ უნიკალური კონტენტი.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი ხშირად არც თუ ისე ნაცნობი გზებით მიდის და სწორედ ეს განაპირობებს ნამდვილ განვითარებას. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი Patreon-ზე, ისიამოვნეთ როგორც ფასიანი, ასევე უფასო კონტენტით.
[R]