28
Apr
2017

“ციდა” ციდან არ ჩამოვარდნილა – “ბაკურიანის” ახალი ბრენდის შექმნის ისტორია

28 Apr 2017

ცოტა ხნის წინ, ბაზარზე ახალი საბავშვო წყალი სახელად „ბაკურიანი ციდა“ გამოჩნდა. გადავწყვიტეთ, გაგვეგო, როგორ შეიქმნა ბრენდი პატარებისთვის, პატარა ბოთლით, მოსახერხებელი თავსახურით, რომ პატარამ წყალი კომფორტულად დალიოს და საინტერესო სახელით.

სალომე ბეჟიტაშვილი, ბაკურიანის ბრენდ მენეჯერი:

როდესაც ბაკურიანის საბავშვო შეფუთვაზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორად შეგვერჩია სახელი, რომელიც ერთნაირად მოეწონებოდათ დიდებსაც და პატარებსაც. სწორედ ამ მიზნით, თავდაპირველად  ტენდერიც ჩავატარეთ, თუმცა სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან არცერთმა ვერსიამ არ დაგვაინტერესა. მოგვიანებით დაგვიკავშირდა ახალი სააგენტო ქრისტოფერ რობინი. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდა სააგენტოს ხედვა და მათი შესაძლებლობების გამოცდა. მიხარია, რომ არ შევცდით და შედეგად გვაქვს არაჩვეულებრივი საბავშვო წყალი„ბაკურიანი ციდა“.

სალომე კუპრაშვილი, ქრისტოფერ რობინი:

ბაკურიანისგან მივიღეთ მკაფიო, თუმცა რთული ამოცანა: ჩვენ უნდა გვესახელებინა საბავშვო წყალი ისე, რომ არ გამოგვეყენებინა „საბავშვო“ და მსგავსი სიტყვები, თუმცა  მარტივად გვენიშნებინა, რომ ეს წყალი ბავშვებისთვისაა. ამასთან სახელი უნდა ყოფილიყო მოკლე, რადგან ის „ბაკურიანთან“ ერთად დაეწერებოდა შეფუთვას და იმდენად მარტივად გამოსათქმელი, რომ პატარებსაც არ გასჭირვებოდათ მისი ერთი მოსმენით გამეორება.

სახელწოდებაზე მუშაობა, სტანდარტულად, სექტორის ანალიზით დავიწყეთ.  გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო ბაზარზე, საბავშვო წყლის მწარმოებელთა უმეტესობა, კომუნიკაციას მშობლების და არა ბავშვების მიმართულებით წარმართავს. სახელებიც  შესაბამის მესიჯს ატარებს: წყლის ლაბორატორიული სისუფთავე, ფილტრაციის ხარისხი, სასარგებლო შემცველობა და ა.შ (NURSERY; PURE..)

ბაკურიანიც, რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორიად ბავშვებთან ერთად, მშობლებსაც მოიაზრებს, რადგან სწორედ მშობელია საბავშვო წყლის მყიდველიც და გადაწყვეტილების მიმღებიც, თუმცა მათ მომხმარებელთან ურთიერთობის განსხვავებული სტრატეგია აირჩიეს. დაწყებული სახელით, დამთავრებული დიზაინით, წყლის კომუნიკაცია მოხდებოდა ბავშვებთან და ეს თავისთავად იქნებოდა მესიჯი  მშობლებისთვის, ვინაიდან, ის, რაც ბავშვებისთვისაა, ჩვენს აღქმაში თავისთავად ნიშნავს უკეთესს – უფრო სუფთას, უფრო სასარგებლოს, უფრო კომფორტულს.  

პროექტზე ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ათასამდე ვერსიიდან  ბაკურიანს წარვუდგინეთ 5 საუკეთესო.  საბოლოოდ, „ციდა“ შეირჩა.

„ციდა“ ბავშვობისა და ბავშვების ასოციაციას იწვევს. ყველას ახსოვს ის „ერთი ციდა სიცილი რომ უნდოდა“ , ყველანი ვიყავით ერთი ციდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის „ციდა“ რას ნიშნავს.  „ციდა“ სიგრძის საზომი ერთეულია და შეესაბამება გაშლილი საჩვენებელი თითის წვერიდან ცერის წვერამდე მანძილს ეს კი დაახლოებით 0.33 ლ ბოთლის ზომაა ანუ  „ბაკურიანი ციდა“ მართლაც 1 ციდაა 1 ციდებისთვის.

განხილვა