ტრადიციას არ ვუღალატებთ და მომდევნო წლის მარკეტინგულ ტრენდებზე გესაუბრებით. ამჯერად Technology for Marketing-ისა (TFM) და E-commerce Expo-ს ორგანიზატორებმა კვლევა 403 რესპოდენტზე ჩაატარეს. ასე კი, ციფრულ მარკეტინგსა და ტექნოლოგიებში უახლოესი ტრენდებიც გამოკვეთეს. მოდით, დავიწყოთ:
1. მარკეტინგისა და ბრენდის სტრატეგიის ტრენდები
ციფრული მარკეტინგის ამჟამინდელი თუ სამომავლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, სტრატეგიული მიდგომის გამოყენება ყველა ტიპის კომპანიისთვის აუცილებელია. ამგვარად, ციფრული მარკეტინგის აქტივობები თუ ინვესტიციები პრიორიტეტული გახდება, მეტად ღირებული და ინტეგრირებული მარკეტინგისა და ბრენდის სტრატეგიაში. ეს არც განცალკევებულად უნდა განვიხილოთ, რადგან, მნიშვნელოვანია, ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტი ბიზნეს და მარკეტინგულ სტრატეგიას ესადაგებოდეს. Gartner-ის კვლევაც ადასტურებს, რომ მცირე ბიუჯეტი მარკეტინგულ შესაძლებლობებს ზღუდავს…
თუმცა კითხვაზე, რამდენად აქვთ განსაზღვრული გეგმა/სტრატეგია ციფრული მარკეტინგისთვის, მეტად გასაოცარი პასუხები მიიღეს. დიახ, შოკისმომგვრელია, როცა ბიზნესების თითქმის ნახევარს (47%) არ აქვს ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, მაგრამ მაინც მუშაობს ციფრულ მარკეტინგზე.
რეკომენდაცია: გამოიყენეთ სტრატეგიული მიდგომა ციფრული მარკეტინგისთვის, განიხილეთ ყველა ვარიანტი და პრიორიტეტი მიანიჭეთ ახალ აქტივობებს, რომლებიც დიდ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ.
აქვე, RACE Growth System-საც გვთავაზობენ, რომლითაც ბიზნესებს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა შეეძლებათ. მის გადმოწერას ამ ლინკიდან უფასოდ შეძლებთ და წვდომასაც მიიღებთ მარკეტინგული სტრატეგიის 15-ნაბიჯიან ნიმუშზე.
2. ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ტრენდები
ციფრულ მარკეტინგს რომ გეგმა სჭირდება, რომელიც მიზნებსა და სტრატეგიას მოიცავს და მათ ჩართვას კომუნიკაციებში, ადამიანებსა და მარკეტინგულ ტექნოლოგიებში, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამიტომ, კვლევისას დასვეს კითხვა: ციფრული მარკეტინგის წყალობით, სად არიან ადამიანები ახლა და სად იქნებიან მომავალში?
შედეგები კი ასეთი იყო: ბიზნესების ნახევარი პირველ და მეორე დონეებს შორის მოექცა, რაც განვითარების ფართო შესაძლებლობაზე მიგვითითებს. ხოლო პატარა და საშუალო ზომის ბიზნესებს, რომელთაც შეზღუდული რესურსები აქვთ, მესამე დონეზე ყოფნას ურჩევენ, რომელიც, როგორც ამბობენ, საუკეთესო პოზიციაა კონკურენციაში ჩასართავად. იმ ბიზნესებს კი, რომელთა წარმატებისთვის ონლაინ ლიდები და გაყიდვებია მნიშვნელოვანი, მეოთხე და მეხუთე დონეებს ურჩევენ.
რაც შეეხება მომავლის სიტუაციას, ორ ცხრილს შორის არსებული მკვეთრი კონტრასტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველ და მეორე დონეზე მყოფი ბიზნესების უმეტესობამ იცის, რომ შესაძლებლობების გაუმჯობესებაა საჭირო და ინვესტირებასაც გეგმავენ, რათა უფრო მაღალ დონეებს მიაღწიონ.
რეკომენდაცია: ბიზნესებმა უნდა გადახედონ ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებს და განსაზღვრონ მიზნები თუ პრიორიტეტები მათ გასაუმჯობესებლად.
3. მონაცემები და ინსაითები, წინასწარ განსაზღვრა და შეფასება
ციფრული მარკეტინგის მართვის საუკეთესო პრაქტიკა იმის განსაზღვრას გულისხმობს, თუ რა მიზნები უნდა დაისახოთ ციფრულად ბიზნესისთვის და როგორ უნდა გაზომოთ წარმატება. აქ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინსაითების ხარისხის გაუმჯობესებაც, მათი შეგროვება და გაანალიზება.
რეკომენდაცია: უფრო მეტად მიმართეთ სტრუქტურულ ტესტირებასა და ანალიტიკის განხილვას.
როგორც ამბობენ, 2023-2024 წლებში ბიზნესები მონაცემთა ანალიზის გამოყენებას უფრო აქტიურად ეცდებიან, რაც Google Analytics-ის ცვლილებებითაა განპირობებული, რომელიც მესამე მხარის მონაცემებს გამოიყენებს. მაგალითისთვის, Smart Insights-მა Google-ის Looker Studio-ში RACE Framework შექმნა, ციფრული მარკეტინგის ხელსაწყო, რომელიც პრემიუმ წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. უფასო წევრებს კი შეუძლიათ, Google Analyrics-ის ის 10 ნაბიჯი განიხილონ, რომლებიც ბიზნესის გაზრდაში დაეხმარებათ.
ამ სივრცეში კიდევ ერთი ტრენდი ე. წ. ქუქი-ფაილებისგან თავისუფალი მომავალია. უკვე გუგლიც კი დაგვპირდა, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში Chrome-ში მათ გააუქმებს…
4. ციფრული მედია
როგორც ამბობენ, ციფრული მედიისა და რეკლამირების ტრენდი მზარდი პოპულარობით ისარგებლებს. ამ კუთხით კი ყველაზე მეტ მოგებას ვიდეო რეკლამები მოგვიტანს.
ROI-ს შეფასებისას, როგორც ხედავთ, პირველ ადგილს SEO, მეორეს კონტენტ მარკეტინგი, მესამეს Google Ads, მეოთხეს კი ელ.ფოსტის მარკეტინგი იკავებს, ამას მოდევს სოციალური მედიის ფასიანი და ორგანული კონტენტი, ვებგვერდების პერსონალიზაცია და ა. შ.
რეკომენდაცია: ბევრი საუკეთესო პრაქტიკა და ფუნქცია არსებობს ციფრული მარკეტინგული პლატფორმებისთვის, ასე რომ, სტრუქტურიზებული მიდგომით მათი განხილვა და გამოცდა მომავალში შედეგს ნამდვილად გამოიღებს.
5. კონტენტ მარკეტინგი
კონტენტ მარკეტინგი სპეციალურ გეგმასა და საკონტროლო პროცესებს მოიცავს, რათა უზრუნველყოთ, რომ იგი მხარს უჭერს ყველა თანამედროვე მარკეტინგულ აქტივობას. ეს იმას გულისხმობს, რომ კონტენტის მართვისას პროაქტიული მიდგომა უნდა გქონდეთ და იგი ღირებულ რესურსად თუ აქტივად უნდა ჩათვალოთ. საინტერესოა ისიც, რომ კონტენტის შექმნას ზოგიერთი ჩეტბოტების გამოყენებით ცდილობს, ზოგიც კი ამას მომავალში აპირებს.
თუმცა თუ კონტენტის მეტად ტრადიციულ ტიპებს დავუბრუნდებით, საინტერესო იქნება, ტრენდების B2C და B2B მარკეტინგისთვის განხილვაც. შედეგები კი ცხრილებზე თავადვე შეგიძლიათ ნახოთ:
რეკომენდაცია: შეგიძლიათ უფასო ციფრული მარკეტინგის ხელსაწყო გამოიყენოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ თქვენ მიერ გამოყენებული კონტენტ მარკეტინგი.
6. ციფრული გამოცდილება
როგორც აღმოჩნდა, ვებგვერდების განვითარებაზე ჯერ კიდევ მრავალმა ბიზნესმა უნდა იზრუნოს, რადგან თუნდაც პერსონალიზაციის მაჩვენებლები ძალიან დაბალი იყო…
რეკომენდაცია: შეგიძლიათ ციფრული მარკეტინგის უფასო ნიმუში გამოიყენოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ თქვენი ვებგვერდი 1-10 ქულიან შკალაზე.
აქვე უნდა ვახსენოთ ვებგვერდის დიზაინის ტრენდები, რაც 3D დიზაინს, გრადაციებს, არათანაბარ ბადეებსა და ორგანულ ფორმებს მოიცავს. ციფრული გამოცდილებისთვის ტრენდს VR-ისა და AR-ის ნაზავიც წარმოადგენს. აი, მაგალითად, Zappar showreel გვაჩვენებს, როგორ იყენებენ ბრენდები აუგმენტურ რეალობას ტელეფონებით… მას ისეთ ბრენდებთანაც კი უმუშავია, როგორებიცაა Estee Lauder, Lego, Nestle, Persil და Puma.
7. ციფრული შეტყობინებები
აქ პირდაპირ სასაუბრო საკომუნიკაციო არხების გამოყენებაზე უნდა ვისაუბროთ, იქნება ეს ელ.ფოსტა, მობილური შეტყობინებები თუ ჩატები, რომლებიც აუდიტორიასთან ეფექტურად დაკავშირების საშუალებას გვაძლევს. თუმცა როგორც ავტომატური, ისე პერსონალიზებული თუ კამპანიის შეტყობინებები მოითხოვს სტრუქტურულ მიდგომას შედეგების გასაუმჯობესებლად. შეტყობინებების ციფრულად გადაცემა კი მეტად ეფექტურად ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ბრენდები კომპანიის ბაზებში არსებულ ინფორმაციებს იყენებენ ინდივიდებთან რელევანტური და პერსონალური საუბრების წამოსაწყებად. ამგვარად, ელ.ფოსტის მარკეტინგი კვლავ მთავარი საკომუნიკაციო არხია…
თუ სტატიის ამ ნაწილამდე მოხვედით, გამოდის, უკვე გაეცანით 2024 წლის ტრენდებს ციფრულ მარკეტინგში და იცით, რისკენ უნდა მიმართოთ თქვენი დრო თუ რესურსები მომავალში…