კარგი ლოგოს შესაქმნელად ბევრი უნარია საჭირო: შემოქმედებითი ნიჭი, შესაბამისი პროგრამების ტექნიკური ცოდნა, საყოველთაო ტრენდებზე ინფორმაციის ფლობა და კიდევ ბევრი სხვა…კიდევ ბევრი დიზაინერისგან იმასაც მოისმენთ, რომ ხშირად ინსპირაციასა და ახალ იდეებს მათთვის საყვარელ საქმეებსა და გატაცებებში პოულობენ. ეს ყველაფერი კარგი და საჭიროა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად არსებობს ამ მიმართულებაში წიგნის კითხვის პრაქტიკა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იშვითად გაიგონებთ: ლოგოს კეთება ამა და ამ წიგნით ვისწავლეო. თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში უფრო მეტი ყურადღება პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს ლიტერატურის უგულებელყოფას.
წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნსა და ბლოგს, რომელსაც უნდა იცნობდეთ, თუ ლოგოს დიზაინი გაინტერესებთ:
50 Best Logos Ever
ეს არის წიგნი, რომელშიც დიზაინისა და ბრენდინგის ექსპერტებმა შეიტანეს ყველა დროის საუკეთესო 50 ლოგოტიპი. ის გაძლევთ ინფორმაციას ყველაზე ცნობადი ინდენტობის შემოქმედებითი პროცესის შესახებ.
Symbol
სტივენ ბეიტმენის ეს წიგნი 336 გვერდისგან შედგება და მასში მოცემულია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ლოგოს შექმნის შესახებ შეიძლება იყოს საინტერესო და სასარგებლო.
წიგნი ერთი მხრივ, ინსპირაციისთვისაც შეგიძლიათ, გამოიყენოთ, რადგან მასში მოცემულია ჯგუფებად დალაგებული სიმბოლოები, ცნობები და ილუსტრაციები.
Logotype
მაიკლ ევამის ავტორობით გამოცემული ეს წიგნი სახელწოდებითვე გვეუბნება, თუ რას უნდა ველოდოთ მისგან. ის ორიენტირებულია ტიპოგრაფიაზე, როგორც ვიზუალური სიმბოლოების დიზაინზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის იდეალურად ერწყმის ზემოთ ნახსენებ „სიმბოლოს”, ამიტომ თუ ამ სფეროთი ნამდვილად ხართ გატაცებული, ორივე მათგანის წაკითხვას გირჩევთ.
Pentagram Marks
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი შესაძენად, თუ ლოგოებით ხართ დაინტერესებული. ის არის პორტფოლიოს სტრუქტურით აგებული და გვიჩვენებს ლოგოს დიზაინებს Pentagram-დან ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში.
ყველა ამ წიგნის შეძენა ამაზონზეა შესაძლებელი და მათი პდფ ვერსიებიც შეგიძლიათ, მოიძიოთ.
გარდა წიგნებისა, რამდენიმე ონლაინ პორტალიც შეგვიძლია, გირჩიოთ, რომელიც ჩვენ უკვე ჩანიშნული გვაქვს ბრაუზერში.
გამოჩენილი გრაფიკული დიზაინერის და წიგნის ავტორის დევიდ აირის ეს ბლოგი მოიცავს ლოგოების დიზაინსა და ბრენდის იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ბლოგზე ნახავთ პოსტების მრავალფეროვნებას, მათ შორის დამაფიქრებელ იდეების განხილვას, როგორიცაა „აუცილებელია თუ არა კარგი ლოგოები კარგად გამოიყურებოდეს?“ და ასევე სასარგებლო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ დააფასოთ თქვენი ნამუშევრები.
ეს მაღალკვალიფიციური გრაფიკული დიზაინერისა და ბლოგერის ჯეიკობ კასის ბლოგია. ის ამ პორტალზე მიმოიხილავს, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ლოგოები, როგორ ქმნის მათ თავად და რა გამოცდილებაა კარგი ლოგოს შექმნა.
კიდევ ერთი ბლოგი, რომელზე განთავსებული მოკლე სტატიებითაც მრავალ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას წაიკითხავთ და ნახავთ ლოგოტიპის შექმნაზე. განსაკუთრებით თუ დამწყები ხართ და ბევრი რამ თქვენთვის ჯერ კიდევ ახალი და ბუნდოვანია, შეგიძლიათ, ამ ბლოგს მისდიოთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი