in

„წიგნების თარო“: ამერიკაში ქართული წიგნების საქართველოდან ჩამოტანა არცთუ ისე ადვილი პროცესი გახლავთ

Startauperi
Startauperi

ორიოდე წლის წინ, ოკეანის მეორე მხარეს, თავისუფლების ქვეყანაში, წიგნების თაროზე ქართული ლიტერატურაც აღმოჩნდა. ონლაინ მაღაზიის იდეამდე ტუტი მაცაბერიძე ემიგრანტებისთვის სასარგებლო პროექტის შექმნის ძლიერმა სურვილმა მიიყვანა. საკუთარი რესურსებით შექმნა ონლაინ პლატფორმა Tsignebistaro.com და აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს სამშობლოდან გამოგზავნილი წიგნები შესთავაზა. განვითარებას თან ახლდა შეცდომებიც, რადგან ტუტი მაცაბერიძე საქმის წარმართვისთვის საჭირო უამრავ დეტალს გზადაგზა სწავლობდა. დღეს კი, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

პირველი შეცდომები… 

რამხელა რესურსებიც არ უნდა ჩადო ადამიანმა ბიზნესში საწყის ეტაპზე, პრობლემებს და შეცდომებს ვერ გაექცევი. ჩემ შემთხვევაშიც ასე დაიწყო ყველაფერი. იყო ბევრი სწორი გადაწყვეტილება, რამაც წარმატებამდე მიმაყვანინე „წიგნების თარო“, თუმცა დიდი შრომა და ძალისმევა დამჭირდა შეცდომების გააზრებასა და შემდეგ მათ დალაგებაში. კერძოდ ის ფაქტი, რომ სრულიად მარტომ შევქმენი ‘წიგნების თარო“ და მცირე ბიუჯეტით, ამან ბევრი პრობლემა შემახვედრა გზაზე. ამერიკაში ქართული წიგნების ჩამოტანა საქართველოდან არცთუ ისე ადვილი პროცესი გახლავთ და ნამდვილად მოითხოვდა სათანადო თანხებს იმისათვის რომ დიდი რაოდენობით წიგნები ჩამომეტანა ამერიკაში. ვეცადე გამოსავალი მენახა და ისევ ხალხს მივენდე და მათი მხარდაჭერით და მოთმინებით გავუმკლავდი პრობლემებს.

დავიწყე პატარა ნაბიჯებით სვლა, ჩამოვიტანე მცირე რაოდენობით წიგნები და არასდროს დამიმალავს ემიგრანტებისთვის, რომ მარაგი ზედმეტად ხშირად მქონდა ამოწურული და ეს გარკვეულ პრობლემებსა და უკმაყოფილებასთან იყო დაკავშირებული. გულახდილობა და უშუალო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლებლებთან, სწორედ ამის დამსახურებით დაიწყო მალე „წიგნების თარომ“ წინსვლა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერ ბიზნესში ყველასა და ყველაფრის როლის შეთავსება საკმაოდ რთულია და შეცდომებიც მოყვება ხშირად. კარგია თუ მეგობარს ან ოჯახის წევრს მაინც დაიყენებენ გვერდში, ეს საგრძნობლად შეამსუბუქებს სირთულეებს.

საკუთარი გამოცდილებით, ვინაიდან თანხები არ მქონდა საკმარისი, მაღაზიის ინტერნეტ გვერდის აწყობით დაწყებული, ფინანსებით და შეფუთვებით დასრულებული ყველაფერს თავად ვითავსებდი და საკმაოდ სტრესული იყო, საქმეებს ვერ ავუდიოდი, შედეგად კი ერთი მომხმარებელი მაინც მრჩებოდა უკმაყოფილო.

პანდემიისდროინდელი გამოწვევები

პანდემიის პერიოდში, სანამ ჯერ კიდევ, ახალი გავრცელებული იყო ვირუსი, წიგნების საკმაო მარაგი მქონდა ამერიკაში და თამამად ვიყავი, თუმცა ძალიან გაიზარდა წიგნების გაყიდვა სახლში ჩაკეტვის გამო. ყველას წიგნის კითხვის დრო მიეცა და გაყიდვებს ვერ ავუდიოდი. ამან გამოიწვია მარაგის მალე ამოწურვა და როდესაც დამჭირდა წიგნების ჩამოტანა, საქართველოც შესაბამისად ჩაკეტილი იყო და გამომცემლობებიც არ მუშაობდნენ. ჩავთვალე, რომ ბიზნესი საერთოდ გამიჩერდებოდა, ამიტომ დავიწყე ფიქრი თუ გამოსავალი როგორ მეპოვნა და მივაგენი კიდეც, რამაც „წიგნების თაროს“ მუშაობის პრინციპი რადიკალურად შეცვალა. დავიწყე ახალი მომსახურება „წიგნები საქართველოშია“ ნიშნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტებს შეუძლიათ პირდაპირ საქართველოდან გამოიწერონ წიგნები და ჩვენ ჩამოვიტანოთ მათი შეკვეთები. მანამდე თუ ცოტა რაოდენობით გვქონდა წიგნები მაღაზიაში, ახლა ემიგრანტებს მივეცი საშუალება ნებისმიერი წიგნი გამოიწერონ საქართველოდან, ამან კი ძალიან კარგი შედეგები აჩვენა.

ფინანსური გამოწვევები

როდესაც ვიწყებდით, ფინანსების მენეჯმენტი დიდი გამოწვევა იყო და ვთვლი, რომ ბევრი შეცდომად დავუშვი მაშინ რადგან ამ განხრით განათლება არ მიმიღია და პასუხებს პრაქტიკულად დავეძებდი, თუ როგორ გამეთვალა ხარჯები და მოგება სწორად. მოგვიანებით იმ დროს დაშვებულმა შეცდომებმა გარკვეული დროით ფინანსური ქაოსი მოახდინა საქმეში და ძალიან დიდი შეცდომა იყო რომ პროფესიონალს არ მივმართე დასახმარებლად. ამაშიც საკუთარი შესაძლებლობებით მსურდა შემესწავლა ფინანსური ნაწილი. დროთა განმავლობაში ბევრი რამ შევისწავლე, თუმცა შეცდომაზე ვისწავლე ისიც, რომ პროფესიონალი უნდა ჩამერთო, რადგან ნებისმიერი ბიზნესისთვის, როგორც ამერიკაში ამბობენ „KEY” ფინანსების მენეჯმენტია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ: ატაკამას უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს