18
Feb
2019

ქართული წიგნები ამერიკაში – ონლაინ მაღაზია “წიგნების თარო”

18 Feb 2019

Startauperi
Startauperi


“ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რა საქმის წამოწყება შეიძლებოდა ემიგრაციაში, რაც საჭირო და სასარგებლო იქნებოდა ემიგრანტებისთვის. მეც რიგითი ემიგრანტი ვარ და ალბათობა იმისა, რომ ჩემი და სხვა ქართველების მოთხოვნები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვეოდა, საკმაოდ დიდი იყო”… – მარიამ მაცაბერიძე ნიუ-იორკში, 2015 წლიდან, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. წიგნების მაღაზიის “წიგნების თარო” შექმნის იდეაც სწორედ იქ მოუვიდა. მისივე გამოცდილებით, ემიგრაციაში ერთ-ერთი, რაც ქართველს ძალიან ენატრება, ქართული წიგნია. ამასთან, ქართველი მშობლები დგანან გამოწვევის წინაშე, როგორ შეასწავლონ და შეაყვარონ ქართული ენა შვილებს ინგლისურენოვან გარემოში. “წიგნების თარო” ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის შეიქმნა: “იმისათვის, რომ ნებისმიერ შტატში ყოფილიყო ხელმისაწვდომი, გადავწყვიტე შემექმნა არა ფიზიკური, არამედ ონლაინ მაღაზია, რადგან ამერიკაში ადამიანებს ძირითადად დროის დეფიციტი აქვთ და ამ ფორმით მათ ხელსაყრელი მომსახურება შევთავაზე”. ამ ეტაპზე, “წიგნების თარო” მხოლოდ ონლაინ მაღაზიის ფუნქციას ასრულებს, თუმცა მარიამ მაცაბერიძეს დიდი გეგმები აქვს…

M: „წიგნების თაროს“ შექმნა რაიმე კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება?

ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გავდიოდი სტაჟირებას და ჩემი იდეის განხორციელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ როდესაც გავაჟღერე ჩემი გეგმები, ჩემმა იმდროინდელმა უფროსმა და ამჟამინდელმა მეგობარმა იდეა ძალიან მომიწონა და ისიც კი მითხრა, რომ ძალიან ბევრი წელია ემიგრანტები საკონსულოს მიმართავენ თხოვნით, ჩამოიტანონ ქართული წიგნები გაყიდვაში, რაც საკონსულოს კომპეტენციას არ წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, ცხადი იყო, ასეთ მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობდა. ეს იყო სწორედ ის ბიძგი, რის შემდეგაც უკან აღარ დამიხევია და „წიგნების თარო“ იდეიდან რეალობად ვაქციე.

M: რომელი წიგნებია წარმოდგენილი თქვენს ონლაინ მაღაზიაში?

ამ ეტაპზე მხოლოდ თხუთმეტი წიგნი გვაქვს გაყიდვაში. ვამჯობინე ნელ-ნელა შემომეტანა წიგნები, რათა გამეგო, რა კატეგორიის წიგნების მიმართ გამოხატავდნენ ემიგრანტები მეტ ინტერესს. მინდა გავიცნო ისინი და ვიცოდე, რა სახის წიგნების შემოტანით დავაკმაყოფილებ მათ მოთხოვნებს. გარდა ამისა, პირადად ჩემთვის ეს გარკვეული აზარტია, როდესაც რაღაცას ელოდები და შედეგი ჯერ არ იცი. ეს გარკვეულწილად სიურპრიზს ჰგავს, რომელიც ყველას ასე გვიხარია. ვფიქრობ, ყველა კატეგორიის მკითხველისთვის შემოვა წიგნები და დაიდება ჩვენს თაროზე. წიგნების მრავალფეროვნება მნიშნელოვანია, რადგან ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს.

თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტს მაინც ემიგრანტი ბავშვები წარმოადგენენ. ბევრ მშობელს უჭირს ინგლისურენოვან გარემოში ბავშვებს შეუნარჩუნონ და შეაყვარონ მშობლიური ენა. ჩვენ გვსურს, რომ ბავშვებს გავუმარტივოთ ქართული ენის შესწავლა და ჩამოვუტანოთ წიგნები, რომლებიც მათ ქართული ენის სიყვარულს ჩაუნერგავს.

M: როგორია მაღაზიის მუშაობის მექანიზმი?

მაღაზია, როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერნეტის მეშვეობით მუშაობს. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი www.tsignebistaro.com, სადაც მონახავთ მაღაზიის განყოფილებას და ძალიან მარტივად შეიძენთ თქვენთვის სასურველ წიგნს. გარდა ამისა, შესაძლებლობა გეძლევათ დაგვიტოვოთ სურვილები, რა სახის წიგნები გსურთ შემოვიტანოთ მომავალში.

როდესაც მომხმარებელი იძენს სასურველ წიგნს, ის უთითებს თავის მისამართს, რომელ შტატშიც სურს მივიდეს წიგნი. გამოწერიდან მეორე დღეს წიგნი იფუთება და იმავე დღეს იგზავნება ფოსტით მოცემულ მისამართზე, ხოლო გაგზავნიდან 2-8 სამუშაო დღეში, გზავნილს აბარებს კომპანია USPS.

მომხმარებლის შეფასება

M: წიგნების მაღაზიის გარდა, რა მიმართულებით მუშაობს „წიგნების თარო“?

ჯერჯერობით, „წიგნების თარო“ მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს . ჩვენ სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როცა გვსურს ხმა მივაწვდინოთ ემიგრანტებს ჩვენს შესახებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვცდილობთ ადეკვატური ფასები შევთავაზოთ მომხმარებლებს, მიუხედავად იმ ხარჯებისა, რასაც მოითხოვს საქართველოდან ამერიკაში წიგნების შემოტანა. ამაში ძალიან გვიწყობენ ხელს გამომცემლობები, რადგან მათი დიდი სურვილიცაა წიგნები ემიგრანტებთან ჩამოვიდეს. მათ კი ამის შესაძლებლობას ჩვენ ვაძლევთ, როგორც პირველი ონლაინ მაღაზია ამერიკაში.

მომხმარებლის შეფასება

M: ვებგვერდის პარალელურად, რაიმეს საქმიანობთ? თუ კი, მაშინ როგორ ახერხებთ პარალელ ური საქმეების შეთავსებას?

ამ ეტაპზე, სხვა საქმიანობით არ ვარ დაკავებული. თუმცა, მაქვს საკმაოდ დიდი გეგმები ამ ბიზნესის განვითარებისთვის. სამომავლოდ, მინდა შევქმნა ლიტერატურული სივრცე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ქართველს, ისე უცხოელ სტუმრებს, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებას სასიამოვნო გარემოში და ამ გზით მოვახდინოთ ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ამ ყველაფრის შექმნა მეტწილად მომხმარებლების აქტიურობაზეც არის დამოკიდებული და სწორედ ამიტომ გვსურს უახლოეს მომავალში მივაწვდინოთ ხმა მთელ ემიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აქვე, მადლობას ვუხდი  „წიგნების თაროს“ ყველა მომხმარებელს, რომლებიც დაარსების დღიდან პოზიტივით გვავსებენ და მადლობას გვიხდიან წამოწყებული საქმისთვის. ეს ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია და დიდ სტიმულს გვაძლევს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს მაღაზიის განვითარებას და რა თქმა უნდა გამომცემლობებს მხარდაჭერისთვის.

განხილვა