in

„წიგნი თუ ფილმი?“ — ეკრანიზაციები, რომლებიც გამორჩეულად უყვართ

„წიგნი თუ ფილმი?“ — ალბათ, ეს დილემა უსასრულოდ გაჰყვება კაცობრიობას და ყოველ ჯერზე უშედეგოდ შეეცდებიან ადამიანები მის გადაჭრას. ან კი, რა აზრი უნდა ჰქონდეს ასეთ „შეტაკებას“, როცა დისკუსიის დაწყებისას ორივე მხარეს გულმხურვალე დამცველი ჰყავს? სხვა საკითხია, საერთოდ რატომ უნდა ვუფიქრდებოდეთ მსგავსი „უპირატესობის“ საკითხს წიგნთან და ფილმთან მიმართებით — ორივე მათგანი ხომ უსაზღვროდ ძვირფასია ჩვენთვის. უბრალოდ, ზოგს ამბის კითხვა და იქაური სამყაროს ფანტაზიით წარმოდგენა ურჩევნია; ზოგიერთი კი კინოს ხელოვნებას ანიჭებს უპირატესობას, სადაც სიტყვებთან ერთად უამრავი ვიზუალური დეტალია გასათვალისწინებელი — დაწყებული გარემოთი, დასრულებული მსახიობების შესრულებით.

ამიტომაც, დღეს სტატიაში არა თუ შევადარებთ ერთმანეთს წიგნსა და ფილმს, არამედ საუკეთესო ეკრანიზაციებზე მოგიყვებით.

„წამკითხველი“ — ბერნჰარდ შლინკი

„ვისი ხელით მოქმედებს დიქტატურა? როგორები არიან ტოტალიტარული რეჟიმის ნების უშუალო აღმსრულებლები? როგორ იქცევა ადამიანური სისუსტე ბოროტების დასაყრდენად? როგორ შეიძლება, რომ რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც სხვა გარემოებებში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნებოდა, წარმოუდგენელი სისასტიკის ჩადენისას თავს დააჯეროს, რომ მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს? — ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ სწორედ ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ.

აუცილებლად აღსანიშნავია ამ რომანის ამბის მოულოდნელი განვითარებით გამორჩეული, საინტერესო სიუჟეტი; მკითხველისთვის წიგნის პირველ ნაწილში ალაგ-ალაგ, ზომიერად მიცემული მინიშნებები იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელსაც, საბოლოოდ, მეორე ნაწილში აეხდება ფარდა.

ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ 1995 წელს გამოქვეყნდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა — ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერი პირველი გერმანული წიგნი გახდა.

2008 წელს რეჟისორმა სტივენ დალდრიმ „წამკითხველის“ მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთ კატეგორიაში იყო ნომინირებული; ქეით უინსლეტი კი, როგორც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარის მფლობელიც გახდა. ეს არის სიყვარულისა და ეროტიკის ნაზავი, სადაც რეჟისორმა ირიბად ჩართო ჰოლოკოსტის თემა, მსახიობები კი იდეალურად ასახირებენ პერსონაჟებს.

„იისფერი“ — ელის უოკერი

ელის უოკერის „იისფერს“ ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.

1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ იისფერი ამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს. პერსონაჟების ტრაგიკული ამბები იმდენად „შიშვლად“ და, ამავდროულად, მხატვრული ესთეტიკითაა გადმოცემული, რომ მაყურებლების ემოციები ერთმანეთში ირევა — ზოგჯერ ბრაზი და ზიზღი, ზოგჯერ კი სევდა, ტკივილი.

ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო. 

„1984“ — ჯორჯ ორუელი


ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ორუელს დისტოპიური რომანის „1984“ დაწერისკენ ორი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის, აღზევებამ უბიძგა. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს.

პოლიტიკური თემების, სლოგანების — ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა — ბელადების სახეების მაგ., „უფროსი ძმა“, და ჩაგვრის სხვადასხვა სახის წარმოჩინების გამო, წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში (საბჭოთა კავშირი, ჩინეთი) იკრძალებოდა, უფრო მეტიც, წვავდნენ. უცნაურია, მაგრამ 1981 წელს ის ფლორიდაშიც აიკრძალა.

უკიდეგანოდ დიდ ქვეყანას, ოკეანიას, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „უფროსი ძმა“ მართავს, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა. „ის ყველგან იყო და გამუდმებით გიცქერდა მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, სიგარეტის კოლოფებიდან… გიცქერდა და ჩაგძახოდა — ძილში თუ ღვიძილში, მუშაობის თუ ჭამის დროს, შინ თუ გარეთ, აბაზანაში თუ საწოლში — მას ვერსად გაექცეოდი“.

ამ სამყაროს წიაღში გაზრდილი მთავარი გმირი უინსტონ სმიტი, პარტიის დაბალი რანგის მუშაკი, ბედავს და პარტიის წინააღმდეგ სუსტ ამბოხს იწყებს — საიდუმლო მოსაზრებებს დღიურს ანდობს, რაც მძიმე „ფიქრდანაშაულია“. მალე მას სიყვარული ეწვევა და თავის შეყვარებულთან, ჯულიასთან ერთად ცდილობს განსხვავებულად იცხოვროს, დატკბეს თავისუფლებითა და სიყვარულით, თუმცა ეს აკრძალულია და სასტიკად ისჯება; რადგან ისინი ცხოვრობენ სივრცეში, სადაც არსებობის ერთადერთ შესაძლებლობად ორაზროვნება მიიჩნევა – „სრული სიმართლე უნდა გცოდნოდა და კარგად შეკერილი სიცრუე გელაპარაკა… ლოგიკით ლოგიკა გაგენადგურებინა, უარი გეთქვა ზნეობაზე და თან სხვებისთვის ზნეობა გექადაგა…“.

ჯორჯ ორუელი უმნიშვნელოვანესი რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ სწორედ  ასეთი სახე შეიძლება მიიღოს.

1984 წლის 10 ოქტომბერს კი რეჟისორმა მაიკლ რედფორდმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გამოუშვა. მანამდე, ერთი წლით ადრე კი მან თავის პროდიუსერს სთხოვა, ორუელის რომანზე — საავტორო უფლებებს იმ დროისთვის მარვინ როზეუნბლუმი, ჩიკაგოელი იურისტი, ფლობდა, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობდა თემატური ფილმის წარმოებას. საბოლოოდ, რედფორდს დათანხმდა ამ პირობაზე, თავად კი აღმასრულებელი პროდიუსერის როლი მოირგო.

რედფორდს და კინემატოგრაფ როჯერ დიკინსს თავდაპირველად სურდათ, ფილმი შავ-თეთრი ყოფილიყო, მაგრამ წარმოების ფინანსური მხარდამჭერი, Virgin Films, ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა. რეჟისორის სურვილი ერთი იდეით იყო განიპირობებული — უნდოდა, ფერის ამგვარი პალიტრით მეტად გაემძაფრებინა სიუჟეტის ძირითადი არსი, სასოწარკვეთამდე მისული რეალობა…

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ — ჰარპერ ლიი

რომანი პატარა ქალაქ ალაბამაში ვითარდება, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად კი 6 წლის გოგონა გვევლინება — ჯინ ლუიზა. სწორედ მისი თვალით დანახული მოვლენების გამზიარებელი ხდება მკითხველი, ჯინის გადმოსახედიდან ვაფასებთ, რა არის კარგი და რა — ცუდი. „ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად“ აღიარებული წიგნის მთავარი იდეა სიყვარულისა და სამართლიანობის ირგვლივ ტრიალებს. ამავდროულად, რომანის ყველაზე მნიშვნელოვან თემას ადამიანთა მორალური ბუნების შესწავლა წარმოადგენს — ადამიანები არსებითად კეთილები არიან თუ ბოროტები?

აღსანიშნავია, რომ 1960 წელს გამოცემულმა რომანმა ჰარპერ ლის პულიცერის პრემია მოუტანა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც მიაღებინა. საზოგადოების მხრიდანაც იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ წიგნის 30 მილიონი ეგზემპლარი გამოვიდა და უამრავ ენაზე ითარგმნა.

სულ რაღაც ორიოდ წლის შემდეგ, 1962-ში, აღნიშნული ნაწარმოების მიხედვით რობერტ მულიგანმა ფილმი გადაიღო. 1995 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმი ეროვნული ფილმების რეესტრში შეინახა, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად მნიშვნელოვანი“.  2003 წელს ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ატიკუს ფინჩი, რომლის როლსაც გრეგორი პეკი ასრულებდა, მე-20 საუკუნის უდიდეს კინოგმირად დაასახელა. 2007 წელს ფილმმა ოცდამეხუთე ადგილი დაიკავა ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფილმების სიაში.

„ქარწაღებულნი“ — მარგარეტ მიჩელი

„ქარწაღებულნი“ ამერიკელი მწერლის, მარგარეტ მიჩელის რომანია, რომელიც პირველად 1936 წელს გამოიცა. სიუჟეტი კლეიტონის ოლქსა და ატალანტაში ვითარდება, სამოქალაქო ომისა და რეკონსტრუქციის ეპოქაში. ნაწარმოები ახალგაზრდა სკარლეტ ო’ჰარას წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებას მიჰყვება, რომელმაც ყველანაირი საშუალება უნდა გამოიყენოს სიღარიბისგან თავის დასაღწევად.

რომანი თავიდანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ მკითხველებში და ამერიკული მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ბესტსელერად იქცა 1936-37 წლებში. მიჩელმა პულიცერის პრემიაც მიიღო 1937 წელს, 1939-ში კი ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა, ვიქტორ ფლემინგის რეჟისორობით. ეს უკანასკნელი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება და 10 ოსკარის ჯილდოც დამსახურებულად მოიპოვა. საზოგადოებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დროთა განმავლობაში კი ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ფილმი გააკრიტიკეს, როგორც მონობის ფაქტების შემცველი სიუჟეტი, დღემდე ინარჩუნებს საუკეთესოს წოდებას…


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

BCA Healthy Club-ისა და Fitpass-ის ერთობლივი პროგრამა თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ

რომელი ფერები იქნება ტრენდული 2024 წელს ინტერიერში?