in

„წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია”, – გიორგი კეკელიძე წიგნის ჩუქების თვისა და „საუკუნის წიგნიერის” შესახებ

უკვე რამდენიმე წელია, რაც აპრილი უბრალოდ გაზაფხულის მეორე თვე არ არის ჩვენთვის. 2019 წლიდან „ბიბლუსისა” და მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით, ის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა, ამ ყველაფერს კი წინ კონკრეტული თარიღი, 23 აპრილი უძღოდა, რომელიც წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედაა მიჩნეული. მაშინ, როცა ინიციატივას საფუძველი ეყრებოდა, გადაწყდა, რომ მხოლოდ ერთი დღით კი არა, მთელი თვით გაგრძელებულიყო კამპანია, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს ერთმანეთთან მეტად დააახლოებდა და წიგნის, როგორც საჩუქრის გაზიარებას, ერთგვარ ტრადიციად დაამკვიდრებდა. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.

წელს გიორგი კეკელიძე ბიბლუსის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და სათავეში წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას ჩაუდგა, რითაც კიდევ უფრო მეტი აქტივობა დაიგეგმა კამპანიის ფარგლებში. ერთ-ერთი ასეთია „საუკუნის წიგნიერი”, დაჯილდოება, რომელიც ლიტერატურის დარგში მოღვაწე ადამიანებს სიმბოლურ ჯილდოს გადასცემს. მან სტარტი წელს აიღო, თუმცა ამიერიდან ყოველწლიურ ჯილდოდ გარდაიქმნება. პირველი ოფიციალური ღონისძიება 4 აპრილს გაიმართა და ჯილდოები საუკუნის წიგნიერებს, ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს, პოეტ ბესიკ ხარანაულსა და მთარგმნელ ელზა ახვლედიანს გადაეცათ. 

კამპანიის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ Marketer-ს გიორგი კეკელიძე ესაუბრა:

M: წიგნის ჩუქების თვე ბიბლუსისთვის უკვე ყოველწლიურ კამპანიად იქცა. თქვენ ამ გუნდს წელს შეუერთდით – რა აქტივობები დაიგეგმა კამპანიის ფარგლებში და თქვენ როგორ შეაფასებდით მთელ ამ კომუნიკაციას?

წიგნის ჩუქების დღის საქართველოში დაწესება, თავის დროზე, სწორედ ჩემი ინიციატივა იყო და ასე გამოვიდა, რომ ეს კამპანია მაშინ სწორედ კომპანია ბიბლუსთან ერთად დავიწყეთ. მაშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და ძალების გაერთიანებით საოცარი შედეგი მივიღეთ – 2019 წლის აპრილი მთელ ქვეყანაში ამ სლოგანით – #აჩუქეწიგნი ხმაურობდა. მერე დადგა პანდემიური წლები და კამპანია დაცხრა, თუმცა წლეულს გვინდა ეს ამბავი ავაღორძინოთ, საერთოდაც, წიგნის ჩუქების თვე დავაწესოთ და სიტყვა წიგნი ხშირი გამოდგეს აპრილის დღეებში, მით უფრო, რომ წელს უკვე მეც ბიბლუსს წარმოვადგენ და წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას ვხელმძღვანელობ. 

უამრავი ღონისძიებაა ჩაფიქრებული და ჩვენი მთავარი ფიქრი ამ ღონისძიებათა შედეგად სოფლის სკოლებისა და ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას უტრიალებს.

M: უშუალოდ ღონისძიებაზეც, „საუკუნის წიგნიერზე” ვისაუბროთ: როგორ შეიქმნა ეს ჯილდო და როგორ შეაჯამებდით პირველ დაჯილდოებას?

ამ ჯილდოს მიზანი იმ დიდებული ადამიანების გამორჩევაა, რომელთაც წიგნიერების გავრცელების თვალსაზრისით ფუნდამენტური როლი ითამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში და ზოგჯერ შეიძლება ეს არაცნობილი ადამიანი, მაგალითად, რომელიმე სოფლის სკოლის მასწავლებელიც კი გამოდგეს.

ვფიქრობ, პირველმა ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მღელვარება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის სხვა სფეროს მიემართება და კონტექსტი სულ დაძაბულია, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ყველა მათგანი წიგნის დიდი გულშემატკივარია. ჯილდოს მფლობელების შესახებ კი თავად მათი სახელები ამბობს, თუ რატომ და რის მიხედვით შეირჩნენ ისინი. 

M: რატომ არის მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის, როგორც მწერლისთვის და შემდეგ უკვე ბიბლუსის, როგორც ბრენდისთვის მსგავსი კამპანიებისა და ღონისძიებების სიხშირე?

მე მგონია, რომ წიგნის ჩუქება ბევრ საჩუქარს მოიცავს ერთად: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით – გაკვირვებას.

წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის ,,რაზეც ვდუმვართ”, ანუ ჩვენ ვართ წიგნი – ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია – ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება…და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს. მოკლედ – აჩუქე წიგნი!

[R]

ხელოვნურმა ინტელექტმა Dumb Ways To Die-ის საკუთარი ვერსია შექმნა

თიბისის ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო