„წიგნი არაჩვეულებრივი საჩუქარია, რადგან მასში მთელი სამყაროა. ამასთან, წიგნის ჩუქება ბევრად იაფი დაგიჯდებათ ვინმესთვის, ვიდრე მთლიანად სამყაროსი”
ნილ გეიმანი.
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთი წიგნი მაინც არ წაუკითხავს თავიდან ბოლომდე და ამ პროცესს ისე არ ჩაუთრევია, რომ გარშემო ვეღარაფერი შეუმჩნევია – როგორ გათენდა ან როგორ დაღამდა, მზე ამოვიდა თუ ჩავიდა, ვახშამი ხომ არ დაგვიანდა, სამუშაო დრო ხომ არ მოვიდა და ა.შ. ლიტერატურის მთელი მაგია სწორედ ისაა, რომ ახალი სამყაროს კარი გაგვიღოს და გარკვეული დროით ისე მოგვწყვიტოს რეალობას, თითქოს ლუის კეროლის მთავარი გმირები ვიყოთ. წიგნის კითხვა ვიღაცის ყოფით განრიგში შეიძლება მეტი დოზით არის, ვიღაცისთვის ნაკლებად, თუმცა ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აღიარებს წიგნის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. ყველანი ვთანხმდებით, რომ ლიტერატურას განსაკუთრებული როლი უჭირავს სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევაში.
მიუხედავად ასეთი საყოველთაო აღიარებისა, 21-ე საუკუნემ და თანამედროვე ტექნოლოგიებმა, გაჯეტებმა, გართობის სხვადასხვა საშუალების გამოგონებამ კითხვის ფენომენის პოპულარობა ჩამოაქვეითა. დღეს სმარტფონში მოთამაშე ადამიანებს უფრო ხშირად შეხვდებით, ვიდრე ტრანსპორტში, პარკსა და კაფეში მყუდროდ მოკალათებულს წიგნით ხელში. რა თქმა უნდა, წიგნებს ბევრი ადამიანი კითხულობს, თუმცა საერთო სურათი გვიჩვენებს, რომ ამ აქტივობას მეტი პოპულარიზაცია, მეტი მოწოდება, მეტი წახალისება სჭირდება.
წიგნის კითხვის წამახალისებელი ერთ-ერთი საუკეთესო ნაბიჯი მისი ჩუქებაა. მაგალითად, ბავშვები ხშირად იყვარებენ კითხვის პროცესს პირველი წიგნით, რომელიც საყვარელმა ადამიანმა აჩუქათ. უფროსებიც ხშირად ვცვლით ერთმანეთში წიგნს, როგორც სიყვარულის, პატივისცემის გამოხატვის, მეგობრობის სიმბოლოს. წიგნით შეგვიძლია ადამიანს ვუთხრათ ის, რისი თქმაც ზოგჯერ პირდაპირ არ გამოგვდის, შეგვიძლია სასურველ ადამიანს უკეთ გავაცნოთ ჩენი შინაგანი სამყარო, შეგვიძლია შევცვალოთ ვინმეს მსოფლმხედველობა და ცხოვრებაც კი. ყოველი წიგნი ახალი ისტორიაა და მისი ჩუქებით ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვჩუქნით ამბავს, რომელთან ერთადაც გვინდა, რომ ამ ადამიანებმა იცხოვრონ.ამ მნიშვნელობების გააზრებიდან გამომდინარე, 1923 წელს 23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ეს თარიღიც სიმბოლურადაა შერჩეული, რადგან ის უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეებია. მას შემდეგ ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა და 2019 წლიდან საქართველოშიც ყოველწლიურ მოვლენად იქცა. შარშან, შარშანწინ და იმის წინაც, 23 აპრილი არა ჩვეულებრივი, არამედ სადღესასწაულო დღე იყო, რომელიც სხვადასხვა აქტივობით აღვნიშნეთ. ყველაზე მთავარი აქტივობა, რა თქმა უნდა, ერთმანეთისთვის საყვარელი წიგნების გაზიარება იყო.
წელს, 2023-ში, წიგნებს არა ერთი კონკრეტული დღე ან კვირა, არამედ მთლიანი თვე მიეძღვნება. „ბიბლუსის” გადაწყვეტილებით, მთელი აპრილი წიგნის ჩუქების თვე იქნება, რომლის მაგალითსაც თავად კომპანია გვიჩვენებს ყველას და ამ თვის განმავლობაში უამრავ საინტერესო აქტივობას შემოგვთავაზებს. დაგეგმილია ვირუსული კამპანია, რომლის ფარგლებშიც არაერთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. როგორც „ბიბლუსში” ამბობენ, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, ვიზიტი, აქტივობა, CSR პროექტი, რომლებიც საერთო მიზნის ქვეშ ერთიანდება – გაზარდონ წიგნის მიმართ ინტერესი და უფრო მეტი ადამიანი დაამეგობრონ წიგნებს.
თუ წიგნის მოყვარული ხართ, კამპანიას #აჩუქეწიგნი, ამ ფოტოს გადმოტვირთვით და სოციალურ ქსელში, თქვენს კედელზე განთავსებითაც შეძლებთ.
„ბიბლუსი” წიგნების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, რომლის დევიზიც პირველი დღიდან არის – „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები”. წიგნის ჩუქების დღესაც 2019 წლიდან ბრენდი ყოველ წელს აღნიშნავს და ზრუნავს, რომ, როგორც ნილ გეიმანი იტყოდა, წიგნის ჩუქებით ადამიანებმა ერთმანეთს მთელი სამყარო გაუზიარონ.
[R]