ალბათ, არაერთი ლეგენდა გსმენიათ შუა საუკუნეების სასახლეებში მოსიარულე აჩრდილებზე… მათთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ამბავი არსებობს და ადამიანებს იზიდავს კიდეც ეს ერთგვარი შემაძრწუნებელი მისტიკა. ეს სიტყვიერი ნარატივი იტალიის Vezio-ს ციხეში ორიგინალურად გარდაიქმნა ვიზუალურ ნამუშევრად…
ნაგებობა მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის დასაწყისს შორის აშენდა. მას ყოველ ზაფხულს სტუმრობენ ტურისტები, რათა “მოჩვენებებთან” ერთად დაათვალიერონ შესანიშნავი გარემო. Vezio-ს აჩრდილები თაბაშირისგან ყოველწლიურად მზადდება ციხის თანამშრომლების მიერ და მომავალ ზაფხულამდე ტოვებენ, ვიდრე ახალ მოჩვენებებს შექმნიან.
სიმართლე ითქვას, ეს მოჩვენებები ციხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ საინტერესოა, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მათ? როგორც ცნობილია, ციხესიმაგრე დედოფალ თეოდელინდას სურვილით აიგო. მან სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ აქ გაატარა და ლეგენდის თანახმად, მისი გული “ვეციოს” კედლებშია დამარხული… სული მთვარიან ღამეებში სასახლის კედლებში დაიარება. თაბაშირის სკულპტურები ამ ლეგენდის განსახიერებაა, რაც ციხესიმაგრეს სილამაზესა და იდუმალებას მატებს.