9
Sep
2019

წინანდლის ფესტივალი, როგორც ახდენილი ოცნება – დღე #1

9 Sep 2019

ამბის თხრობა მეტად რთული რამაა.. განსაკუთრებით იმ ამბის, რომელიც ძალიან მოგწონს. ასეთ დროს გინდება, ყველაფერს დეტალურად მოჰყვე, არაფერი გამოგეპაროს, მკითხველს იმ დონეზე გაუზიარო ემოციები, რომ იმიტაცია გაუჩნდეს, თითქოს ისიც ამ ამბის მომსწრე იყო. ჰოდა, ამბავი, რომლის მოყოლასაც ახლა ვაპირებ, ზუსტად ასეთია.. იგი წინანდლის ფესტივალს ეხება – ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკა ორი კვირის განმავლობაში აჟღერდება. სათქმელად სასიამოვნოდ ჟღერს, სანახავად – კიდევ უფრო..

8 სექტემბერი – ეს ის რიცხვია, რომელსაც ალბათ წლების შემდეგ სასიამოვნოდ გაიხსენებენ. წინანდლის კლასიკური მუსიკის პირველი ფესტივალი ხომ  სწორედ ამ დღეს გაიხსნა. ძალიან ცოტა დრო დამჭირდა მეც და ალბათ ჩემთან ერთად ბევრსაც იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით – წინანდლის ფესტივალი მარტო დირიჟორი და ორკესტრი არ არის, არც მარტო ის მუსიკა, რომელიც სცენაზე სრულდება და არც კონკრეტული თარიღები. ეს ფესტივალი ყველა დეტალია – ყველა ადამიანია, რომელმაც მასზე იმუშავა, ყველა სტუმარია, რომელთა განწყობაც ღონისძიებას განსაკუთრებულს ხდის, ყველა მუსიკოსია, რომლებიც ბგერის სიმძაფრეს გაგრძნობინებენ და, რაც მთავარია, წინანდლის ფესტივალი გარემოა, რომელსაც ბუნებასთან და ისტორიულ მამულთან ერთად, რადისონ ქოლექშენი ქმნის. და ზუსტად იცი, რომ ეს ის ღონისძიება არ არის, რომელმაც შეიძლება იმედები გაგიცრუოს, არამედ გრძნობ, რომ ამაღლებული განწყობით დაბრუნდები შინ.

ამ სიტყვებამდე ფესტივალის მუსიკალური დირექტორისა და დირიჟორის, ჯანანდრეა ნოზედას მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამმა ფრაზამ მიმიყვანა – რომ თუ რაიმე ძალიან კარგის გაკეთება გსურს, ამას ერთი ადამიანი არ ეყოფა, ამისთვის კარგი გუნდია საჭირო. ეს სიტყვები კი უსაფუძვლოდ ნამდვილად არ უთქვამს.. მისი სიტყვებიც და გამომეტყველებაც იმას ამტკიცებდა, რამდენად ამაყი იყო 8 სექტემბრით და მომავალი ორი კვირით. დირიჟორი რომ მხოლოდ სცენაზე მენახა, საკმარისი იქნებოდა, მისდამი პოზიტიური განწყობა შემქმნოდა, მაგრამ მისი უშუალოდ მოსმენის საშუალებაც მომეცა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა იმის მოლოდინი, თუ როგორ უხელმძღვანელებდა ორკესტრს კონცერტზე.

მან თქვა, რომ ფესტივალის ყველა სულისჩამდგმელთან ერთად თავს ორსულად გრძნობდა.. – რა უცნაურად ჟღერს, არა? დიახ, რადგანაც ისინი სულ მალე ახალი ფესტივალის მშობლები უნდა გამხდარიყვნენ.

ფესტივალის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ავი შოშანსაც არ დავუტოვებივარ გულგრილად და ალბათ ამის მიზეზს მისი შემდეგი სიტყვები მიგახვედრებთ:

“ახდენილი ოცნება აი აქ, სწორედ ამ წამს ხორციელდება. ჩვენი მისია, არა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალის ჩატარება იყო, არამედ იმის დამტკიცება, რომ ადამიანები ერთმანეთის და-ძმები არიან. გვსურდა, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები ერთ სცენაზე შეგვეკრიბა, იმ ქვეყნებისაც – რომლებიც ერთმანეთის მიმართ მთლად მეგობრულად არ არიან განწყობილები”

პირველ კონცერტამდე სულ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ვნებათაღელვა იმატებდა, რასაკვირველია – ნერვიულობაც, თუმცა, ფესტივალის თითქმის ყველა მონაწილეს ეტყობოდა ერთი რამ – რომ ისინი მართლაც ოცნებას ახორციელებდნენ.. ოცნებას, რომელსაც 3 წლის წინ მხოლოდ იდეის დონეზე თუ შეეძლო ეარსება.

შემდეგ კონცერტის ჯერიც დადგა..

როდესაც რაიმეზე მუშაობას იწყებ, აუცილებელია, კარგი დასაწყისი მოიფიქრო – ალბათ, უფრო დასამახსოვრებელი.. ფესტივალის დასაწყისი კი, ვფიქრობ, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო: ავსტრიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, გუსტავ მალერის მეორე სიმფონია, სახელწოდებით “აღდგომა”. რადისონ ქოლექშენის ამფითეატრში ანტრაქტის გარეშე საათნახევარი ჟღერდა ეს სიმფონია. კაცმა რომ თქვას, რაში სჭირდება სცენაზე მუსიკოსებს ყურება, როცა შეგიძლია, თვალები დახუჭო და ისე შეიგრძნო იქ გაჟღერებული მუსიკა. მაგრამ არა.. დირიჟორის მოძრაობები და ამ მოძრაობებს აყოლილი მუსიკალური საკრავები სწორედ ის იყო, რაც სიმფონიის სიძლიერეს ჩემს წარმოსახვაში კიდევ უფრო ამძაფრებდა. მომენტში ვიფიქრე კიდეც: ან აქ უნდა იყო, ან არსად.. ჰო, ცოტა რადიკალურად ჟღერს, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ორკესტრს, სოპრანოებსა და მაესტროს საქმე კარგად გამოუვიდათ..

შეიძლება ითქვას, იმდენად კარგადაც, რომ დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიე. და ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როცა ხვდები, რომ არ გეყო.. კიდევ გინდა და კიდევ დიდი სიამოვნებით მოისმენდი. დანარჩენი 14 დღეც ზუსტად ამისთვისაა – მათთვისაა, ვისაც არ ეყო..

და ბოლოს, ყველაფერ ამას ერთი რამის დასტურამდე მივყავართ – რომ საქართველო ასეთი ღონისძიებებისთვის სრულიად შესაფერისი ადგილია. და რომ წინანდალს ბევრ სხვა ადგილთან ერთად ნამდვილად შეუძლია, კულტურული და საგანმანათლებლო ეპიცენტრი იყოს.

სტატიას კი მაესტროს – ჯანანდრეა ნოზედას სიტყვებით დავასრულებ: “როდესაც მთების დასალაშქრად მიდიხარ, გინდება, ყველაზე მაღალი აარჩიო – ჩვენ კი ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ფესტივალი მალერის სიმფონიით. ვფიქრობ, ჩვენი პირველი კონცერტი ფესტივალის ჩინებული დასაწყისია, იმ ფესტივალის, რომელიც დღეს საღამოს დაიბადა..”

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა