ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, საგანგებოდ ჩამოსულ სტუმრებს, ფესტივალის გულშემატკივრებსა და მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2019 წელს, სილქნეტის მხარდაჭერით დაარსდა, წინანდლის ისტორიულ მამულში და განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქვეყნისა და საზოგადოების ცნობიერებაში. ფესტივალის იდეა ემსახურება მსოფლიო კლასიკური მუსიკის უდიდესი ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანას და ასევე, წინანდლის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევას.
წელს ფესტივალი კვლავ შეკრებს ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებულ პანკავკასიურ ორკესტრს. მთელი ფესტივალის განმავლობაში, ორკესტრის წევრებს 7 ქვეყნიდან, მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგები, კონცერტმაისტერები და პროფესორები, სემინარებსა და მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ეს საგანმანათლებლო კომპონენტი ფესტივალს უნიკალურობას ჰმატებს და მის მნიშვნელობას ზრდის.
„პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის არსებობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს კონფლიქტებით სულ უფრო დატვირთულ კონტინენტზე. PCYO (Pan Caucasian Youth Orcestra) წელს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელოვნებისა და თანამშრომლობის ღირსშესანიშნავ მაგალითს. მათი მუსიკალური თანამშრომლობის ძირითადი იდეა არის ის, რომ ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა დიალოგია და ორკესტრი თავისი მუსიკალური დიალოგით კვლავაც საუკეთესოდ წარმოაჩენს წინანდლის ფესტივალის არსს და მისიას,“ – განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
მეხუთე საიუბილეო ფესტივალი გამორჩეული იქნება.
მოწვეულია დირიჟორების ვარსკვლავური შემადგენლობა და ვირტუოზი სოლისტები, რომლებიც 25 დაუვიწყარ კონცერტს ჩაატარებენ: ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.
ფესტივალზე წარდგება 13 წლის ქართველი „ვუნდერკინდი“, მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. ნინო კასრაძის პერფომანსი: ჟან კოქტო – „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდალს. რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი გიორგი გიგაშვილი რობერტ შუმანის და ფერენც ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებით წარდგება. ლიზა ბათიაშვილი, რომელიც ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის 2023/24 წწ სეზონზე გენერალურ სოლისტად დასახელდა. ორკესტრთან ერთად ის ორჯერ იმოგზაურებს მსოფლიო ტურში. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, წინანდლის ფესტივალზე მსმენელს ორ კონცერტს შესთავაზებს.
უკვე მეხუთედ, კომპანია სილქნეტის წარდგენით, წინანდლის ფესტივალი შეგვახვედრებს მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს, ვირტუოზ შემსრულებლებს და მაღალი დონის ორკესტრებს.
გაეცანით წინანდლის საკონცერტო პროგრამას. ბილეთების შეძენა შესაძლებელია https://tkt.ge/-ზე.
[პარტნიორის კონტენტი]