5
Sep
2019

ახალი სასტუმრო “პარკ ჰოტელი” წინანდალში

5 Sep 2019

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-იდან 22 სექტემბრამდე გაიმართება. სწორედ ამ ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად წინანდლის კომპლექსში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL) აშენდა. 70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური  ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყობა.

ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა. „პარკ ჰოტელი“ შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი სასტუმრო იქნება, ვიდრე შემოდგომაზე გახსნილი, მაღალი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდალი“. “სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმროს დიზაინზე თამარ ვალიშვილმა იმუშავა, ბრენდინგი დავით კუპატაძეს ეკუთვნის. პროექტის მართვაში მონაწილეობდნენ: ლიკა დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გიორგი მარრი.

“სასტუმროს დიზაინი ინდუსტრიული ტიპის არის, სადაც არ ხდება დეტალების დეკორაციებით შეფუთვა – შელამაზება. მაგალითად, თითქმის ყველა სივრცეში ღიად არის დატოვებული ჭერი, აგრეგატები, მინიმალურად არის გამოყენებული მასალები და ფერებისა და street art – ის სინთეზია. 

სასტუმროს კონცეფცია ბიუჯეტური და მხიარულია, სწორედ ეს გახდა ჩემი ინსპირაციაც დამეპროექტებინა ფუნქციის შესაბამისად ბიუჯეტურად და არა მოსაწყენად სივრცეები. ამიტომ მასალებს მოვერიდე და მაქსიმალურად ფერზე და კედლის მოხატვაზე გავაკეთე აქცენტი. მხატვრობის თემატიკაც დამკვეთის მიერ დავალებიდან წარმოიშვა, კლასიკური მუსიკის ფესტივალისათვის შესაქმნელი გარემო პირდაპირ მკარნახობდა, რა უნდა ყოფილიყო დომინანტი თემა – კლასიკური მუსიკა. 

ამისათვის შევქმენი ჯგუფი, საკმაოდ ნიჭიერი და პასუხისმგებლიანი მხატვრებისაგან, ქეთი დავლიანიძე და გოგა ქაცარავა იყვნენ ავტორები იმ ნამუშევრებისა, რაც მინდოდა, რომ სასტუმროს ყველა სივრცეში შეგხვედროდათ. გარდა ჩვენი ჯგუფისა, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ დიზაინი არ არის კარგი შედეგის მომტანი თუ შესრულებაც შესაბამისი არ იქნა, ამიტომ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელს გუნდს, ვინც იმუშავა ამ პროექტის განხორციელებაზე!”თამარ ვალიშვილი

განხილვა