უკვე დიდი ხანია, ცირკის ნომრებისთვის ცხოველების გამოყენება პრობლემურ საკითხად იქცა. აქტივისტები სულ უფრო მეტად აპროტესტებენ ცოცხალი არსებების “იძულებით” გაწვრთნას, რაც ნამდვილად სამართლიანი და ჰუმანური ჟესტია. თუმცა, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის ცირკები ვერც სრულად შეწყვეტდა ფუნქციონირებას და ვერც სწრაფად შეძლებდა ნომრებიდან ცხოველების გაქრობას…
ამიტომაც, ცირკის მფლობელებს მოუწიათ, რაღაც მეტად ინოვაციურისთვის მიემართათ. უფრო კონკრეტულად, ცხოველთა გამწვრთნელი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი L’Écocirque ცოცხალი არსებების ნაცვლად ტექნოლოგიებს იყენებს — ჰოლოგრამებით წარმოდგენილ გამოსახულებებს. წყვილს ცხოველების საცირკო წარმოდგენებში ცხოველების არ გამოყენების იდეა ჯერ კიდევ 2016 წელს გაუჩნდა, როდესაც მათი საყვარელი კატა დაშავდა. შესაბამისად, მალევე მოაწყვეს მცირე შოუ, რომელშიც მხოლოდ ილუზიონისტები და აკრობატები მონაწილეობდნენ. ამ ნაბიჯმა ინდუსტრიის სხვა წევრების უკმაყოფილება და განხეთქილება გამოიწვია…
ახლა კი L’Écocirque-ში Adrenaline Studio-ს მიერ შექმნილი ჰოლოგრამებია გამოყენებული, რომელთა ღირებულებაც 400 000 ევროს აღწევს. მათი შოუები 2022 წლის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ახალი ტექნიკური წარმოდგენების კონცეფცია Cirque du Soleil-ის იდეოლოგიას იზიარებს, რომელიც 1980-იან წლებში ადამიანის ფიზიკურ ნიჭზე, ამბების მოთხრობასა და ძლიერ ვიზუალზე დაფუძნებული პროდუქციის პიონერი გახდა.
გარდა ამისა, ჰოლოგრაფიულ ცხოველებს იყენებს გერმანული ცირკი Roncalli. ბრუკლინის Hideaway Circus კი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიასა და 360 გრადუსიან კამერებს ანიჭებს უპირატესობას, რათა მისი წარმოდგენები VR სათვალეების მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
“პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაცია, მაგრამ მან ადამიანებს რეალურ ადგილზე კავშირის არსებობაც დააკარგვინა. მსგავსი ტიპის ცირკები კი ადამიანებს აერთიანებს და ამავდროულად, ვირტუალურ გამოცდილებასაც აძლევს”, — აღნიშნავენ ექსპერტები. ამასთან, შოუებიდან ცხოველების მონაწილეობის შეწყვეტა ნამდვილად სწორი საქციელია. ისინი იბადებიან და კვდებიან გალიაში… მხოლოდ ხალხის გასართობად. თანამედროვე სამყაროში კი შეუძლებელია ცირკის ისე ფუნქციონირება, როგორც ეს წარსულში ხდებოდა.