14
Jan
2019

ცისია როსტიაშვილის “ფეხქვეშ გათელილი ნახატები”

14 Jan 2019

“ერთხელ, ძალიან დამჭირდა ფული. მოვკიდე ჩემს ნახატებს ხელი და მშრალ ხიდზე გავედი მათ გასაყიდად. კიბეებზე მელაგა ჩემი ნამუშევრები, საკმაოდ შესამჩნევი იყო, თუმცა, გამვლელები ვითომ ვერ ხედავდნენ, ისე დააბიჯებდნენ ხოლმე ფეხს. გვერდით, სხვა გამყიდველებს კი ამ ყველაფერზე ეცინებოდათ”… ცისია როსტიაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. ექსპერიმენტები უყვარს. ფერებთან ერთად, მის ნამუშევრებში შეხვდებით სხვადასხვა მასალას: ძაფებს, თიხას, პარკებს, ნაჭრებსა და რკინის დეტალებს. ბავშვობიდან ხატავს: “დედას ჩანაწერებში ბევრჯერ წამიკითხავს ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ხატვისადმი.”

mBank QR
mBank QR

მუდმივად საკუთარი მიმდინარეობის ძიებაშია. მისი თქმით, ნახატიდან ნახატამდე ტრამპლინებს გადის. იმისთვის, რომ თავი ირჩინოს, ოცდაექვსი წლის ცისია როსტიაშვილი, ხატვის პარალელურად, სწავლობს და მუშაობს, რომ ერთ დღესაც გახსნას საკუთარი სტუდია, სადაც შეძლებს მთელი შთაგონებით მიეცეს საყვარელ საქმეს.

M: გარშემომყოფები როგორ შეხვდნენ ხატვით შენს გატაცებას?

ჩემს გარემოცვას არ სურდა, რომ ხატვით ვყოფილიყავი დაკავებული. წერა გამომდიოდა და მირჩევდნენ ამ მიმართულებით წავსულიყავი, რადგან ხატვა “ჩემი არ იყო”. ხატვაზე სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ვიარე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში. არ მქონია შესაძლებლობა, რომ სამხატვროში ჩამებარებინა. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ეს კარგიცაა, რადგან ჩემი მიმართულებით განვვითარდი, ჩემი სამყარო მაქვს და იმ ჩარჩოებისგან თავისუფალი ვარ, რაშიც, ჩემი წარმოდგენით, სამხატვრო სასწავლებელი აქცევს მის სტუდენტებს. ჩემს გარემოცვაში არავინ ყოფილა, ვისაც ხელოვნება ესმოდა ან აინტერესებდა, შესაბამისად, არც შემფასებელი მყოლია. თუმცა, დედაჩემს ძალიან მოსწონდა ხატვის ჩემეული სტილი.

M: რას ნიშნავს შენთვის ეს საქმე?

მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა ვფიქრობ, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და ხატვა რა არის ჩემთვის, რადგან ხატვა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ბანალურია ფრაზა “ამის გარეშე არ შემიძლია” – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ “არ შემიძლია”. არ მახსოვს ჩემი თავი მხატვრობის გარეშე. გარშემო ძალიან ბევრი გავლენაა… ესაა გადარჩენისთვის ბრძოლა, რომ გქონდეს პურის, კომუნალურების და სხვა ხარჯების დასაფარი ფული და ამ დროს ჩნდება კითხვები: ცისია, რატომ ხატავ? ეს პროცესები მუდმივია.

M: როგორია შენი სახატავი გარემო?

ჯერჯერობით, სახლში ვხატავ, სულ ვეძებ ადგილებს, სადაც მოხერხებულად მოვთავსდები და დავხატავ. ახლაც, ამ მიზნით ვარ წამოსული ყაზბეგში. ძალიან მინდა, ჩემი სახელოსნო მქონდეს, სივრცე, სადაც თავისუფლად და კომფორტულად ვიგრძნობ თავს და დავხატავ.

M: როგორც ახალგაზრდა მხატვარი, რა დაბრკოლებებს აწყდები?

საკმაოდ რთული და მტკივნეულია ხალხის დამოკიდებულება. ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდები, ამ საქმეს ვერ აღიქვამენ ისე მნიშვნელოვნად, არასერიოზულად ეკიდებიან…

ერთხელ, ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. უცნაური სიტუაცია შემხვდა. საგამოფენოდ გამზადებული ნახატი ჩამომიხსნეს – მითხრეს, სტუმრებს არ მოეწონებათო, ვერ მიიღეს. თავიდან ძალიან რთული იყო ემოციურად. განვიცადე, მაგრამ დავფიქრდი, გავაანალიზე – იმდენად განსხვავებული იყო ჩემი ნამუშევარი სხვების ნახატებისგან, რომ ვერ მიიღეს. ადამიანებს უჭირთ სიახლის მიღება, თანაც ეს ნახატი საკმაოდ დიდი ენერგეტიკის მატარებელი იყო. დღეს, ეს ნამუშევარი აღარ შემომრჩა – განადგურებულია, თუმცა, ფოტო შემიძლია განახოთ…

M: არის ხოლმე მომენტები, როცა ეჭვი გეპარება საკუთარ თავში?

კი, რა თქმა უნდა. დეპრესიის ფონზე, როცა ადამიანებთან ურთიერთობა არ მაქვს. იზოლირებული ვარ და ვხატავ. მაგ დროს, ზოგჯერ მიფიქრია, რომ შეიძლება არ ვარ ისეთი მხატვარი, როგორიც უნდა ვიყო. ასეთ დროს ვცდილობ, მივიღო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ვარ. ვუღრმავდები ჩემს თავს და შემდეგ გამოვდივარ კონტაქტზე.

M: საიდან ღებულობ შთაგონებას?

ბავშვობიდან მიყვარს ცა. ეს ფერები, რაც ცაზე იხატება, ყოველთვის მომწონდა და ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში.

M: ყველაზე ხშირად რას გამოხატავ შენს ნამუშევრებში?

ჩემი ნამუშევრები თავიდან ბოლომდე მე ვარ. ჩემი გრძნობები, როგორი ვიყავი წარსულში ან მომავალში როგორი შეიძლება გავხდე, პარალელური სამყაროები, ალტერნატიული გადაწყვეტილებები. ისე, ჩემს ნახატებში ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას ვერ ვხედავ.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა