13
May
2019

„წისქვილი ჯგუფის“ ახალი რესტორანი „ღვინის ეზო“ გაიხსნა

13 May 2019

წისქვილი ჯგუფის“ ორიგინალური კონცეფციის სივრცე „ღვინის ეზო“, თბილისში, მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობ მისამართზე, ბელიაშვილის #99-ში გაიხსნა.

სივრცეში, რომლის ვიზუალი ძველი თბილისის ტრადიციულ დეტალებს იმეორებს, „წისქვილი ჯგუფმა“ პარტნიორ და „ივენთ კომპანიებს“, ასევე, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, დაახლოებით 200-მდე სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიება, სარესტორნო სივრცესთან ადაპტირებული თეატრალური წარმოდგენით, „ხანუმას“ პრემიერით დაიწყო.

„ნაბიჯი, რომელიც „წისქვილი ჯგუფმა“ დღეს გადადგა, სარესტორნო სივრცეში კულტურის დიდი დოზით ინტეგრაციაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძველი თბილისის ეპოქა სპექტაკლით გაგვეცოცხლებინა. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა, ვინც „ღვინის ეზოს“ ეწვევა, თავი ძველი თბილისში წარმოიდგინოს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ პროექტების მენეჯერი სოფო გორდაძე.

„ხანუმას“ მიუზიკლის ვერსიას, რომელიც მაყურებელმა „ღვინის ეზოში“ იხილა, ინტერაქციული ხასიათი აქვს, რაც მსახიობებსა და სტუმრებს შორის უშუალო კონტაქტში გამოიხატება.

როგორც კომპანიიის წარმომადგენლები ამბობენ, „წისქვილი ჯგუფის“ მიმართულება რჩება უცვლელი – იგი ემსახურება ქართული კულტურის, ტრადიციების და ქართული სამზარეულოს გაცნობას მომხმარებელთათვის.

„ჩვენი ქვეყანა უდიდესი ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია,  ჩვენი ვალია რომ ქვეყნის ისტორია და ტრადიციები, კულტურა და ავთენტურობა სწორად მივაწოდოთ მომხმარებელს, „ღვინის ეზო“-ს  სივრცე კი მოგვცემს საშუალებას დიდი მასშტაბებით ვიმუშაოთ ჩვენი მიზნებისკენ“, – ამბობს კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი მაიკო გოგიაშვილი.

კომპანიის წარმომადგენლებამდე სტუმრებს სწორედ „თავადი ლევანი“ მიესალმა და ისინი ტრადიციული ქართული კერძებითა და რამდენიმე სახეობის ღვინით გაწყობილ სუფრასთან მიიპატიჟა.

„ეს არის ახალი სიტყვა გასტრონომიაში, რომელიც ძველი თბილისის არქიტექტურას, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს აერთიანებს. პროექტს, რომლის განხორციელებასაც „წისქვილი ჯგუფი“ დღეს იწყებს, ანალოგი არ აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ვფიქრობთ, წარმოდგენა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო და სასიამოვნო სანახავი იქნება“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი დავით წივწივაძე.

კომპანია „დივისიანის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დავით კაჭარავას თქმით, „წისქვილი ჯგუფის“ იდეა, რომელიც სტუმრებს ქართული გასტრონომიისა და კულტურის სინთეზს სთავაზობს, ნამდვილად ორიგინალურია.

„ბრწყინვალე წარმოდგენა არაჩვეულებრივ და მართლაც თავადური სახლის ინტერიერში – როგორც რიგითმა სტუმარმა, ასე შემიძლია შევაფასო კომპანიის ახალი პროექტი. დღეს თავი მართლაც თავადის სტუმრად  ვიგრძენი და დარწმუნებული ვარ, „ღვინის ეზოში“ მოსულ თითოეულ სტუმარს ეს შეგრძნება დაეუფლა“, – ამბობს დავით კაჭარავა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოფო გელოვანისა და ბენდ „სტუმრების“ კონცერტი გაიმართა, რომლის რეპერტუარი სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქური სიმღერებისგან შეიქმნა.

„ღვინის ეზოს“ მრავალფუნქციური ღია სივრცე 200-230 სტუმარზეა გათვლილი და როგორც „წისქვილი ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, უკვე მზადაა მათ მისაღებად.

„მსურველები აქ ყოველდღიურად სტუმრობასაც შეძლებენ და ნებისმიერი სახის წვეულების თუ ღონისძიების გამართვასაც. გარდა ამისა, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი სივრცის როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ დახურვაც იქნება შესაძლებელი“.

[R]

განხილვა