თუკი თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაივლით, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ლამაზი შენობა, რომელსაც თვალშისაცემი დიზაინი და გამორჩეული არქიტექტურა აქვს. შეხედავთ და იფიქრებთ, რისი შენობაა: ისტორიული ძეგლია, მუზეუმია თუ რამე სხვა მსგავსი ტიპის ნაგებობა, რომელთანაც ფოტოს გადაღების სურვილიც კი გაგიჩნდებათ და შიგნით შესვლაც აუცილებლად მოგინდებათ. შესვლის შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ მუზეუმ-რესტორანში მოხვდით, რომელსაც ცოტა სიძველის, ეგზოტიკის, ისტორიის, ცოტა კი თანამედროვე ეპოქის კვალიც ეტყობა. თან ეს ორი ერთმანეთთან ისეა შერწყმული, რომ ვერც შეამჩნევთ, სად იწყება ერთი და სრულდება მეორე. ეს მუზეუმ-რესტორანია “წისქვილი”, რომელსაც ბევრი ჩვენგანი კარგად იცნობს და ის უცხოელი ვიზიტორებისთვისაც არაერთხელ გამხდარა საყურადღებო ადგილი.
“წისქვილზე” მუშაობა 2002 წელს დაიწყო და შეიძლება ითქვას, მას მერე არც შეჩერებულა. თავდაპირველად, ამ ლოკაციაზე იყო ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა წისქვილი იდგა და სწორედ ეს იქცა შთაგონებად მისი მომავალი არქიტექტორისათვის. პროექტზე არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ მუშაობდა და მისი ავტორი მამუკა ჩხაიძეა. “სტუდია 9” არქიტექტურული სახელოსნოა, რომელიც ყოველთვის საინტერესო პროექტებით გამოირჩევა და არაერთხელ გამხდარა ამა თუ იმ ქალაქისა თუ უბნის არქიტექტურული სახე.

“წისქვილი” არის მუზეუმ-რესტორანი, რომელიც ისტორიას არქიტექტურული ენით გადმოგვცემს და მასთან ერთად, თანამედროვეობის ელემენტებსაც ითვალისწინებს. პროექტი საკმაოდ დიდ და კომპლექსურ კოცნეფციას ეფუძნება, რაც მოიცავს ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენასა და მის ერთიან აღქმას. ამ სივრცეში ყველა დეტალი ისეა გათვალისწინებული, რომ ექსტერიერიდან ინტერიერი აღიქმება და პირიქით. მუზეუმ-რესტორანს გემოვნებიანი და ნაფიქრი დიზაინი აქვს, რომელსაც ეტყობა არქიტექტურული ხედვა, შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტის ორიგინალური გზა.
„წისქვილი“ ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პროექტი 2002 წელს დავიწყე და ეტაპობრივად, 20 წელია ვაშენებ. თავდაპირველად, სანამ მის მშენებლობას დავიწყებდი, იმ ადგილზე ტრანსპორტი არ დადიოდა. იყო ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა წისქვილი იდგა და ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი აქ რაღაც ეგზოტიკური გაკეთდებოდა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, პატარა ქალაქივით გამოვიდა და გაშენდა. წისქვილმა მისცა ბიძგი შემდგომ ბელიაშვილის ქუჩაზე რესტორნების რიგის განვითარებას.“- გვიყვება ბ-ნი მამუკა.

აღსანიშნავია, რომ მისი გამორჩეული დიზაინი არა მხოლოდ ვიზიტორებისა და რიგითი მომხმარებლების ყურადღების ცენტრში ექცევა, არამედ სხვადასხვა ნომინაციასა და ჯილდოზეც ხშირად არის წარდგენილი. მაგალითად, დღეისათვის “წისქვილი” მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული გამოცემის, ArchDaily-ის ჯილდოზეა წარდგენილი, როგორც 2022 წლის საუკეთესო შენობა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის და მასში ჩართულობა ყველას შეგვიძლია.
ArchDaily მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდია არქიტექტურის მიმართულებით. მას 500000-ზე მეტი ყოველდღიური მკითხველი და დაახლოებით 160 მილიონი მნახველი ჰყავს ყოველთვიურად. იგი არის ვებლოგის ტიპის, რომელიც არქიტექტურულ სიახლეებს, პროექტებს, კონკურსებსა და მოსაზრებებს აშუქებს და ემსახურება არქიტექტორებს, დიზაინერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
გამოცემა 2008 წელს დაარსდა ჩილელი არქიტექტორების, დევიდ ბასულტოსა და დევიდ ასალის მიერ და სამ რეგიონალურ ვებსაიტს მოიცავს ესპანურ, ჩინურ და პორტუგალიურ ენებზე. იგი პარტნიორობს Pritzker Architecture Prize-თან და Mashable’s 2009 Open Web Awards-ზე საუკეთესო ჟურნალების ხუთეულში მოხვდა. შესაბამისად, მის მიერ გამოცხადებულ ნომინაციაში გამარჯვება საკმაოდ დიდი პრესტიჟია ნებისმიერი კომპანიისთვის.
ArchDaily-ის კონკურსში “წისქვილი” ნომინირებულია კატეგორიაში „hospitalityArchitecture”, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობებს აერთიანებს. გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, რომელიც 9 თებერვლამდე გაგრძელდება. ზოგადად, არქიტექტორები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და მკითხველი თავის რჩეულ არქიტექტურულ პროექტს 15 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენენ.

ხმის მიცემა 8 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი და მასში აქტიურობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ იქნება მხოლოდ მუზეუმ-რესტორნის გამარჯვება, არამედ ესაა კიდევ ერთი შანსი, თუ როგორ მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო ტურისტულ და პროფესიულ რუკაზე და გავხადოთ კიდევ მეტად ცნობადი.
პროექტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გარდა ამ ნომინაციისა, რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია ევროკავშირის “მის ვან დერ როეს” 2022 წლის პრიზზე, ნომინაციაში – თანამედროვე არქიტექტურა.
ზოგადად, სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიას რომ დიდი როლი აქვს ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ ლამაზი ბუნებისა და სტუმართმოყვარე ხალხის გარდა, ტურისტებზე შთაბეჭდილებას ნებისმიერი ქალაქის არქიტექტურაც ახდენს. როდესაც სადმე ვმოგზაურობთ, გულდასმით ვათვალიერებთ იმ ნაგებობებს, რომლებიც ქუჩებში გვხვდება და არა მხოლოდ შორიდან ნახვით ვიფარგლებით, არამედ ვინტერესდებით, რა ხდება შიგნით, რა ისტორია აქვს ან თუ მომსახურების სფეროა, რას გვთავაზობს. ამ შემთხვევაში, “წისქვილი” ის ობიექტია, რომელიც ვერც ადგილობრივ და ვერც უცხოელ ვიზიტორს გულგრილს ვერ დატოვებს, რადგან მისი საოცარი დიზაინით მოხიბლვა ჯერ კიდევ გზიდან დანახვით იწყება და შემდეგ უკვე მის სივრცეში აღმოჩენით, ლამაზი, გემოვნებიანი და დახვეწილი გამოცდილებით სრულდება.












