in

ახალი ბრენდინგი და განსხვავებული კონცეპტუალური სივრცეები – განვითარების რა გზა გაიარა „წისქვილმა“ დაფუძნებიდან დღემდე

„წისქვილი“ – ადგილი, რომელიც ერთდროულად ქართული კულინარიის, სტუმართმოყვარეობის, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის, არქიტექტურისა და ისტორიის გაცნობის შესაძლებლობას გაძლევს. სწორედ მისი ამ უნიკალური კონცეფციის დამსახურებით იქცა ის ქართველების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სივრცედ და ამიტომ უჭირავს მას მოწინავე პოზიცია უცხოელებისთვის აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში. 

ქართულ ტრადიციულ რესტორნების ქსელ „წისქვილს“ განვითარების 22 წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში მისმა გუნდმა სარესტორნო ინდუსტრიაში არაერთი ინოვაციის დანერგვა შეძლო, მომხმარებელი კი განსხვავებული შინაარსისა და კონცეფციის მქონე სივრცეებით გაანებივრა. დღეს „წისქვილი“ წარმოდგენილია თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე 7 რესტორნითა და ორი მარკეტით. ივლისიდან მისი რესტორნების რიცხვს კიდევ ერთი ახალი სივრცე – „წისქვილი ტერასაც“ შეემატება. თუმცა სიახლეები მის გარეშემო ამით არ მთავრდება – ახლახან „წისქვილი ჯგუფი“ მომხმარებლის წინაშე განახლებული ბრენდინგით წარდგა.

რა გზა გაიარა „წისქვილმა“ პირველი რესტორნის გახსნიდან დღემდე? რა განაპირობებს მის უნიკალურობას? რატომ გაჩნდა რებრენდინგის აუცილებლობა? – ამ და სხვა კითხვებით „წისქვილი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, გიორგი შველიძესა და მარკეტინგის ხელმძღვანელს, ანანო თავხელიძეს მივმართეთ. 

გიორგი, პირველ რიგში, მოგვიყევით „წისქვილის“ დაფუძნებისა და მისი განვითარების ისტორია… 

გიორგი შველიძე: თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე. 

„წისქვილს“ საფუძვლად თავიდანვე კონკრეტული იდეა ედო – ის უნდა ყოფილიყო პრემიუმ ტიპის რესტორანი გამორჩეული კერძებით, სერვისითა და არქიტექტურით, რასაც გუნდმა თანმიმდევრული მუშაობით მალევე მიაღწია. დღეს ის პირველ უმსხვილეს ქართულ ტრადიციულ რესტორნების ქსელს წარმოადგენს საქართველოში და ყოველდღიურად ათასობით, ყოველწლიურად კი მილიონობით ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს.

ამ დროისთვის „წისქვილი ჯგუფის“ მფლობელობაშია 8 რესტორანი: „ეთნო წისქვილი“, „ლუდის მოედანი“, „ღვინის ეზო“, „წისქვილი მცხეთაში“, „წისქვილი ვაკეში“, „წისქვილი წყნეთში“ და „წისქვილი ტერასა“.

ცალკე უნდა გამოვყოთ „წისქვილი ჯგუფის“ „თეატრი“, სავახშმო თეატრი, რომელიც სრულიად ახალ კონცეფციას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ბროდვეის ლიცენზირებული მიუზიკლები, საკონცერტო საღამოები, ქართული კულტურული პროგრამები და ასევე გამართონ ყველაზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი დახურული წვეულებები. 

უნდა აღვნიშნოთ, ავლაბარსა და ვაკეში მდებარე „წისქვილი ბაზარიც“ – ქართული ნატურალური ნაწარმისა და პრემიუმ პროდუქტების მარკეტი. რითეილის სექტორში „წისქვილი ჯგუფი“ პანდემიის შემდეგ შევიდა და ამ მიმართულებასაც წარმატებით ავითარებს. 

მაინც როგორ ქმნის „წისქვილი“ ქართული კულინარიის, კულტურისა და ისტორიის სინთეზს? 

გიორგი შველიძე: „წისქვილი” მუზეუმ-რესტორანია, რომლის უპირველესი დანიშნულება, ცხადია, გამორჩეული ქართული გემოების წარმოჩენაა. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დამფუძნებლებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ ის უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე რესტორანი. ამიტომ „წისქვილი“ არა მხოლოდ კერძებით აცნობს სტუმრებს ქართულ მემკვიდრეობას, არამედ ისტორიას არქიტექტურული ენითაც ჰყვება. 

არქიტექტურასა და დიზაინში ყველა დეტალი კარგად ნაფიქრია და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. აქ ოსტატურად ეხამება ერთმანეთს ძველი და თანამედროვე და მათი კომბინაციით უნიკალური და, რაც მთავარია, კომფორტული გარემო იქმნება.

„წისქვილში“ ხშირად გახდებით კულტურული ღონისძიებების მომსწრე, ხშირად ვმართავთ კულინარიულ მასტერკლასებს, ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ საღამოებს. სტუმრებმა განსაკუთრებით შეიყვარეს „ქართული კუთხეების ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც ჩვენს სივრცეს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ვუთმობთ და შესაძლებლობას ვაძლევთ დამსწრე საზოგადოებას თავად წარუდგინონ საკუთარი კულტურა და კულინარია. 

„ჩვენი სტუმართმოყვარეობისა და ამ ყველაფრის სინთეზი კი ქმნის იმ უნიკალურ გამოცდილებას, რასაც მომხმარებლები ყველაზე მეტად აფასებენ. სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ „წისქვილში“ სტუმრობა გარკვეულწილად საქართველოში მოგზაურობის ტოლფასია. 

შეუძლებელია არ ვახსენოთ „წისქვილის“ მომსახურების ხარისხი. როგორ ახერხებთ ამ ხნის განმავლობაში სტაბილურად შეინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი? 

გიორგი შველიძე: „წისქვილი ჯგუფის“ მთავარი დასაყრდენი ჩვენი გუნდია, რომელიც დღეს უკვე 750-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება. სწორედ მათთან ერთად ვქმნით სერვისს, რომელიც სტუმარს თავს ოჯახში აგრძნობინებს.

„ვცდილობთ, შევქმნათ გარემო, სადაც სტუმრები გაერთიანდებიან, ისიამოვნებენ და შეიქმნიან დასამახსოვრებელ მოგონებებს, ხოლო თანამშრომლებს მუდმივად ექნებათ სურვილი და მოტივაცია ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ.

იმისათვის, რომ მომსახურებისა და სტუმართმოყვარეობის ეს სტანდარტი შევინარჩუნოთ, „წისქვილი“ მუდმივად ამუშავებს ახალ კონცეფციებს,  ქმნის განსხვავებულ სავახშმო გამოცდილებებს. პერსონალისთვის კი, ახორციელებს სასწავლო და გადამზადების პროგრამებს. ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომა და ძალისხმევა განაპირობებს ხალხის ჩვენდამი ნდობას და იმ მიღწევებს, რომლებიც არაერთი ჯილდოთია აღიარებული როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კონკურსებსა თუ დაჯილდოებებზე. 

ანანო, რაც შეეხება რებრენდინგს, რამ განაპირობა ვიზუალური იდენტობის განახლება?

ანანო თავხელიძე: როგორც გიორგიმ აღნიშნა, ჩვენი ქსელი იზრდება, ვითარდება, არ ვივიწყებთ ტრადიციებს, თუმცა შემოგვაქვს თანამედროვე ელემენტები, როგორც ახალ სივრცეებში, ისე კერძებში და კონცეფციაში. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან დროსთან ერთად იცვლება მოთხოვნები.

„ამ ყველაფერს ფეხი უნდა აუწყოს ვიზუალურმა მხარემაც. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო შეგვექმნა ახალი ვიზუალური იდენტობა და ჩვენი ღირებულებები, ავთენტურობა, უპირატესობა უფრო მეტად გამოგვეხატა. „წისქვილის“ ლოგოს 22-წლიანი ისტორია აქვს და მისი დათმობა გაგვიჭირდა, თუმცა ძველზე უარის თქმა განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

„წისქვილის“ ახალ ვიზუალზე დიზაინერ და ტიპოგრაფ ლაშა გიორგაძესთან ერთად ვიმუშავეთ. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით შეგვექმნა თანამედროვე ლოგო, რომლის ყველა ასო და დეტალი ბრენდის იდენტობას, სიძლიერესა და ტრადიციულობას გამოხატავს და, რაც მთავარია, არის მარტივი და დასამახსოვრებელი.

დამატებით ვიზუალურ ელემენტად, კაცხის ტაძრის ფასადიდან ორნამენტული შემკულობის ფრაგმენტი ავირჩიეთ და მისი გამარტივებული, თანამედროვე ვერსია დიზაინის გამრავალფეროვნებისთვის გამოვიყენეთ. ის შეგხვდებათ პატერნში და ცალკეულ ელემენტად, როგორც სრული, ისე ნაწილობრივი ფორმით.

„წისქვილი ჯგუფის“ ისტორია გვაჩვენებს, რომ აქ მუდმივად განვითარების პროცესია, რადგან, გვჯერა, რომ თუ სიახლეებისკენ არ მიდიხარ, რთულია შეინარჩუნო ადგილი და იყო მუდმივად მოთხოვნადი. ამიტომ, ახალი სივრცეების გახსნითა და ვიზუალური იდენტობის ცვლილებით არ შემოვიფარგლებით. განვაგრძობთ წინსვლას, რათა „წისქვილი“ მუდმივად ასოცირდებოდეს ხარისხთან, ნდობასთან და ინოვაციასთან.

[პარტნიორის კონტენტი]

OpenAI ChatGPT-ის უნივერსიტეტებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის უშვებს

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება