in

კარგია, მაგრამ გააფუჭებენო! – ცივ-ცივის „არგაფუჭების“ ისტორია

ალბათ ყველას გვყავს გარემოცვაში თავიანთი ხასიათითა თუ ჩვეულებებით გამორჩეული ადამიანები, ვისი შეხედულებებიც არცთუ იშვიათად ხდება მცდარი აზრის საფუძველი. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟი ზუსტად ერთი წლის წინ გამოჩნდა სარეკლამო სივრცეში და თავი წუნია ვასკას საშუალებით გაგვაცნო. ახალი ცოცხალი ლუდი ცივ-ცივი, რომელიც სტერეოტიპების შესახებ თვითირონიით საუბრობდა, მალე მოექცა ყურადღების ცენტრში და მომხმარებელი დაარწმუნა, რომ „ვასკას დასაწუნი“ არაფერი სჭირს. ცივ-ცივი უკვე ერთი წლისაა და ამჯერად, ბრენდმა, სააგენტო Leavingstone-თან ერთად, სხვა სტერეოტიპის დამსხვრევა გადაწყვიტა – „კარგია, მაგრამ გააფუჭებენ“-ის სახელით რომ გვესმის ხოლმე. ამჯერად, ახალი ვიდეორგოლის მთავარი გმირი ნოდარაა, რომელსაც დიდი დამაჯერებლობით უყვარს დასკვნების გამოტანა და ამავდროულად, არასოდეს არის სიმართლესთან ახლოს. მოდი, თვალი მივადევნოთ კამპანიას და მისი შექმნის ინსაითებსაც ჩავწვდეთ, რომელზეც  კამპანიის კრეატიული დირექტორი ბექა ადამაშვილი და „ცივ-ცივის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი მიხეილ ქურდაძე გვესაუბრნენ.

M: თქვენი შეფასებით, ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ ბრენდად ჩამოყალიბდა ცივ-ცივი?

ერთი წლის წინ, ცივ-ცივის შექმნისას, ჩანაფიქრი გვქონდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო უშუალო, გულწრფელი და ზომიერად თვითირონიული ბრენდი, რომელიც ლუდის მოყვარულებს „მათიანად“ აგრძნობინებდა თავს. წელსაც ამავე გზაზე ვაგრძელებთ სიარულს და პირველ წინადადებაში ნახსენები ზედსართავი სახელების განმტკიცებას ვცდილობთ. 

M: ბრენდის საკომუნიკაციო კამპანია თავიდანვე სტერეოტიპების წინააღმდეგ გამოვიდა – რა იქცა ამ მიმართულების არჩევის მთავარ მიზეზად და მიზნად?

ამგვარი მიდგომის მთავარ მიზეზად ქართული ლუდის ახალ ბრენდებზე არსებული წინასწარგანწყობები იქცა. ხშირად, ლუდის მოყვარულთა ნაწილი ახალგამოჩენილ პროდუქტს გაუსინჯავად მხოლოდ იმიტომ იწუნებს, რომ „აბა, ქართული ლუდი კარგი რანაირად იქნება“. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის დაგვესწრო და თავადვე გამოგვეთქვა ლუდზე ის შეფასებები, რაც კრიტიკულად განწყობილ მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა. თუმცა, პერსონაჟებად ისეთი ტიპაჟები შევარჩიეთ, მათი ნებისმიერი შეფასება გადასამოწმებელი რომ გამხდარიყო.

M: გასულ წელს, სკეპტიკური პერსონაჟი იყო ცივ-ცივის კამპანიის მთავარი გმირი. წლევანდელი – პროგნოზებში მოიკოჭლებს. რატომ აირჩიეთ პერსონაჟის ასეთი მიმართულება, რის თქმა გსურდათ მაყურებლისთვის?

ვინაიდან ცივ-ცივი ერთი წლის ხდება, გადავწყვიტეთ, ახალი სერია ამჯერად იმ შეხედულებისთვის მიგვეძღვნა, რომ „ლუდი შეიძლება თავიდან კარგი იყოს, მაგრამ მალევე გააფუჭებენ“. ამგვარ მოსაზრებასთან დაპირისპირებამ კი ავტომატურად გააჩინა საჭიროება ისეთი პერსონაჟისა, თითქმის ყველა სამეგობროში რომ გვხვდება და გამუდმებული პროფესორობის ფარგლებში, საკუთარ არცთუ ჭეშმარიტ პროგნოზებს გვახვევს თავს. ანუ, თუკი პირველ შემთხვევაში, ახალგამოსული ლუდის შეფასება იყო მნიშვნელოვანი, ერთი წლის შემდეგ აქცენტი უკვე პირვანდელი გემოს შენარჩუნებაზე გაკეთდა. მთავარი სათქმელი კი ორივე შემთხვევაში ერთია – რაც არ უნდა თქვან სხვებმა ამა თუ იმ პროდუქტზე, ყოველთვის სჯობს, მათი ნათქვამი თავად გადაამოწმონ.

M: ერთი წლის თავზე, როგორ შეაფასებთ კამპანიის შედეგებს?

ლუდის ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებულია ბრენდებით. ძალიან რთულია მომხმარებლისათვის სიახლის შეთავაზება და პროდუქტის გასინჯვის შემდეგ ახალ ბრენდზე მათი დატოვება. მიუხედვად ამისა, მიზანს გარკვეულწილად მაინც მივაღწიეთ. ერთი წლის შემდეგ, „ცივ-ცივი“ საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ახალ სეზონს კი ლუდთან დაკავშირებული მორიგი სტერეოტიპის დარღვევით ვხვდებით.

M: როგორი გაგრძელება გველის სამომავლოდ, ცივ-ცივის კომუნიკაციის თვალსაზრისით?

ვეცდებით, იგივე მიმართულება შევინარჩუნოთ. „ცივ-ცივი“ ამ სასმლის მოყვარულებში სტერეოტიპთა დამრღვევ ბრენდად ჩამოყალიბდა. შარშან „წუნია კაცი“ გავაპერსონაჟეთ, ამ ეპიზოდში კი „პროფესორა“ გვყავს, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ არასდროს ისე არ ხდება, როგორც ჰგონია. დარწმუნებული ვარ, ყველამ ჩვენს სამეგობროს რომ გადავხედოთ, აუცილებლად ვიპოვით არაერთ სხვა საინტერესო პერსონაჟსაც, რომელსაც ცივ-ცივის მორიგ სერიას მივუძღვნით და ლუდის ბრენდზე შექმნილ კიდევ ერთ სტერეოტიპულ შეხედულებასაც დავარღვევთ.

[R]

Young Lions Georgia 2022-ის Print კატეგორიის გამარჯვებულთა სამეული

Feel the PAWer of love — მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი ღონისძიება