ვინ იცის, ჩვენი უბნები რამდენ კოლორიტ მეჯოკრეს, მედომინოესა და მენარდეს იტევს. მათი სპორტული გამოცდილების სათანადოდ დასაფასებლად, ქალაქური თამაშები მოეწყო! მაშ ასე, დედაქალაქში უკომპრომისო ბრძოლა გაიმართა ნარდის, დომინოსა და ჯოკრის ჩემპიონების გამოსავლენად! ზაფხულის ცხელ დღეებში გულის გასაგრილებლად, თბილისელებმა ტრადიციული სამაგიდო თამაშებით იჯერეს გული. ქალაქური თამაშები „ცივ-ცივისა“ და სააგენტო Leavingstone-ის ინიციატივით ჩატარდა. ჩემპიონატმა თბილისის უბნებში დაბუდებული ძმური სიყვარული გააერთიანა და „მამათა და შვილთა“ თაობები ერთნაირად აიყოლია. თამაშები, სამი დღის განმავლობაში, დიდი ჟრიამულით მიმდინარეობდა. გამარჯვებულებმა 100 ლიტრი ლუდი მიიღეს საჩუქრად. მოკლედ, ისეთი ამბავი იყო, ჯოკერზე მეოთხე მოთამაშის ძებნა დიდხანს რომ არ დაგჭირდებოდათ. დეტალებზე Leavingstone-ის კრეატივ დირექტორი, ლაშა კოტორაშვილი გვესაუბრა.
„ცივ-ცივი“ ყოველთვის ძალიან ცოცხალი ლუდი და ბრენდი იყო. საკუთარ ჯიგარ აუდიტორიას მუდამ ჯიგრულად და გულიანად ეხმიანებოდა. უბრალოდ, ახლა კიდევ უფრო გაცოცხლდა და კიდევ უფრო ახლოს მივიდა უბანთან: „ცივ-ცივი“ ქალაქური თამაშები ხომ სწორედ იმიტომ გამართა რომ კოლორიტი მედომინე, მენარდე და მეჯოკრე გვეპოვა, ხოლო ხალხს კი შანსი მიეცა თავიანთი უბანი ესახელებინათ!
M: რა იდეა გამოძრავებდათ კამპანიის კონცეფციაზე მუშაობისას?
კამპანია კი არ მოვიფიქრეთ, შევამჩნიეთ! შევამჩნიეთ რომ ამ ადამიანებს მრავალწლიანი სტაჟი აქვთ მსგავს სპორტულ სახეობაში და არავინ ვაფასებთ, არადა მათ ყოველდღე ვხედავთ, ვესალმებით და ვებაასებით. ამიტომ „ცივ-ცივმა“ გადაწყვიტა ეს ულევი გამოცდილება, ქალაქური ურთიერთობა და „ცივ-ცივი“ ლუდით ტკბობა ერთგვარ ტრადიციად ექცია. ფაქტიც სახეზეა რომ უამრავი ქალაქიდან თუ კონკრეტული უბნიდან გვწერენ რომ იქაც ჩავატაროთ და ასეც იქნება. მთავარი იდეა, თუ სათქმელად საჭიროა, არის ურთიერობა!
M: როგორ დააინტერესეთ ქალაქური თამაშებით ადამიანები?
დავპოსტეთ და ასე ვთქვათ „გაბაზრდა”. მიზანიც ეს იყო – კაი ხალხის გაცნობა და კაი „ცივ-ცივი“ ლუდის დალევა.
M: როგორი იყო ჩემპიონატის მიმდინარეობა და შედეგები?
იმაზე მეტი ხალხი მოვიდა ვიდრე გვეგონა და იმაზე მაგრად ჩაიხუტეს გულში ერთმანეთი ვიდრე წარმოგვედგინა. მარინა ბებო, კახა ბაბუ, ზვიადა, ბრაზიანი ვახო თუ ნატალი, ყველა ერთად თამაშობდა, გულშემატკივრობდა და იღებდა სიამოვნებას პროცესით. 3 ლოკაციაზე ვიყავით, გამარჯვებულები გამოვავლინეთ ნარდსა, დომინოსა და ჯოკერში, ხოლო შემდეგ Grande ფინალში დავით ლაბაძეს დავუპირისპირეთ უბნის კოლორიტები. იქ ლაბაძესთან და ლევან ჯობავასთან ერთად „ღადაობა აიწია“ აქ არ მოიყოლება – იქ უნდა ყოფილიყავით! დღემდე ეს ხალხი ერთმანეთს ვეხმიანებით და ვმეგობრობთ, ამიტომ შედეგიც და მიმდინარეობაც იყო ქალაქური ურთიერთობა და ასეც გრძელდება!
M: როგორ იმოქმედა კამპანიამ „ცივ-ცივის“ მიზნებზე?
ყველაფერში უფრო მეტი შედეგი დავდეთ, როგორც რეკლამის თვალსაზრისით, ასევე ბრენდის ცნობადობის თუ აღქმის კოეფიციენტში. მიზნების ჩემპიონატშიც გავიმარჯვეთ! მადლობა „ცივ-ცივის“ გუნდს, მადლობა ჩვენ გუნდს და მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ ლამაზი ჩემპიონატისთვის!
M: როგორ გეგმავთ გაგრძელებას?
კარგად დავიგეგმებით, პატარა შეცდომებს გამოვასწორებთ და საქართველოს ჩემპიონები უნდა გამოვავლინოთ, ოღონდ მანამდე ქალაქ-ქალაქ უბან-უბან უნდა ჩავატაროთ „ცივ-ცივის“ ქალაქური თამაშები! ხომ მოდიხართ?
Credits:
ავტორი: თამარ მეფარიშვილი