in

„ცხელი ძაღლი” გრძელდება სახელით „ცივი ძაღლი” – გადაღებები რომში დაიწყო

მოგეხსენებათ, ქართულ რეალობაში ბევრი სერიალი შექმნილა, მათ შორის, დეტექტიური ჟანრისაც, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ პირველი ყოველთვის ეს მრავალეპიზოდიანი პროექტი გვახსენდება.

„ცხელი ძაღლი” მაყურებელმა პირველად 2003 წელს იხილა, თუმცა დღესაც სიამოვნებით უყურებენ მის ძველ სერიებს და ფრაზებსაც ხშირად ციტირებენ. მაშინ სოციალური ქსელები სულ არ იყო, მაგრამ ახლა ონლაინსივრცეში ბევრგან შეხვდებით მიმებს, ნაწყვეტებსა და განხილვებს „ცხელი ძაღლის” შესახებ, რაც თავისთავად უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ სერიალმა ეპოქა შექმნა.

ჰოდა, ყველას, ვისაც „ცხელი ძაღლი” გიყვართ, ვინც იცით, ვინ არიან ბიძინა თაბაგარი, ლექსო ნიჟარაძე, „კალდუნა”, უჩა ზერაგია, „ტრეზორა”, და კიდევ უფრო ნაკლებად ცნობილი პერსონაჟებიც გახსოვთ, ამბავი, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ნამდვილად გაგახარებთ – 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ სერიალის ახალი სეზონი გამოვა სათაურით „ცივი ძაღლი”.

გადაღებები რომში მიმდინარეობს და პრემიერა 2026 წელს არის დაგეგმილი. ახალი სეზონი მაყურებელს რვა სერიით დაუბრუნდება და მისი ფაბულა „ქოლცენტრების საქმეზეა” აგებული. სიუჟეტი ორი კრიმინალური დაჯგუფების გარშემო ვითარდება, რომლებიც ერთმანეთში ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაჯგუფება უჩა ზერაგიას ეკუთვნის, რომელიც ტრეზორასა და კალდუნას მკვლელობაშია გარეული. იწყება დიდი დაპირისპირება, ხოლო ახალი სამართალდამცავები დანაშაულებრივი სქემის გახსნაში დასახმარებლად ძველ გამომძიებელს, ლექსო ნიჟარაძეს იწვევენ.

სწორედ აქედან იწყება მთავარი შინაარსი და, როგორც პროექტის ავტორები გვეუბნებიან, მაყურებელი იხილავს როგორც ძველ სახეებს, ისე ახალს. ამასთან, იქნება ბევრი სიურპრიზი.

ჩვენ ვესაუბრეთ სერიალის პროდიუსერებსა და ავტორებს – კოტე ჯორბენაძესა და ოთარ შამათავას, რათა გაგვეგო, რაზე იქნება ახალი სერიალი, როგორ მიმდინარეობს გადაღებები რომში, ვინ არიან ახალი მსახიობები და რა სიახლეებს უნდა ელოდოს აუდიტორია.

კოტე ჯორბენაძე:

სანამ სერიალის პროექტზე და, ზოგადად, ფილმებზე მუშაობას დავიწყებდი, წლებია, სპორტული ტელევიზიისა და კონტენტის სფეროში ვარ. სპორტთან და კინოსთან ყოველთვის მქონდა და მაქვს ახლო კავშირი. თავის დროზე Setanta Georgia-ს ქართული ვერსიის შექმნაც სწორედ ჩემი იდეა იყო და განვახორციელე ეს პროექტი ქართველ და ირლანდიელ პარტნიორებთან ერთად. ეს იყო პირველი ქართული სატელევიზიო ფრენჩაიზი საქართველოში. სეტანტას დაფუძნებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ კომპანია გავყიდეთ და საკმაოდ მომგებიანი პროექტი გამოვიდა, რომელიც ახლაც წარმატებით ფუნქციონირებს.

ყოველთვის მიზიდავდა კინო და ტელესერიალები, სეტანტას შემდეგ ამ სფეროშიც გადავწყვიტე მოღვაწეობა. შევქმენით რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. ახლა კი გეტყვით, როგორ გაჩდა სერიალის იდეა.

„ცხელი ძაღლი“ ადრე ნანახი მქონდა, მაგრამ 2024 წელს ჩემმა მეგობარმა მირჩია, კიდევ ერთხელ მენახა. ყველა სეზონს თავიდან რომ ვუყურე, სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა,  სერიალი გამეგრძელებინა. პირველად ეს აზრი ჩემს  მეგობარს, ბიძინა ბარათაშვილს გავუზიარე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ სერიალის ისტორიაში. საინტერესო ფაქტია, რომ სერიალის მთავარ პერსონაჟს, ბიძინა თაბაგარს, სახელი სწორედ ბიძინა ბარათაშვილის პატივსაცემად ჰქვია.

ბიძინამ მირჩია, დავლაპარაკებოდი ოთარ შამათავას, რომელიც „ცხელი ძაღლის“ იდეისა და პროექტის ავტორია. როცა ოთარს შევხვდი, ძალიან გაუხარდა – აღმოჩნდა, რომ მასაც სურდა სერიალის გაგრძელება. შემდეგ მე და ოთარმა ერთად დავიწყეთ მუშაობა ახალ კონცეფციაზე. მე ჩავუდექი პროცესს სათავეში, ხოლო ოთარი თავის გამოცდილებას მიზიარებდა და მიზიარებს ახლაც. 

პირველი სცენების გადაღებები რომში დავიწყეთ და ამჟამადაც გრძელდება. იტალიაში ჩვენი პარტნიორი, ანტონიო კოპოლა, გვეხმარება და რომის ეპიზოდებს კურირებს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ცხოვრობს რომში, ხოლო რამდენიმე სხვა გმირიც ჩადის იქ — და სწორედ ამ ხაზზე ვითარდება ძალიან საინტერესო ამბავი.

ასეთ კლასიკურ და ხალხისთვის საყვარელ სერიალთან მუშაობა გამოწვევაა. ოთარს ძალიან კარგი იდეა ჰქონდა – ძველი სერიალი თავისი ხიბლით უნდა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ახალ სეზონი უფრო თანამედროვე ფორმით გაგვეგრძელებინა, ამიტომ ახალ სეზონს ვუწოდეთ „ცივი ძაღლი“.

ოთარ შამათავა:

„სერიალი „ცივი ძაღლი” 20-წლიანი პაუზის შემდეგ, თანამედროვე ეპოქაში ბრუნდება. შესაბამისად, ახალი სეზონის გაგრძელება სწორედ ამ დროში და ამ რეალობაში არსებულ პრობლემებს ასახავს.

სეზონი გამოირჩევა თანამედროვე დანაშაულებთან ბრძოლით, კერძოდ კი, ე.წ. „ქოლცენტრების” აგორებულ ექსპანსიასთან შერკინებით.

ახალი გმირები, ბიძინა თაბაგართან, ლექსოსთან და რეზო ქათამაძესთან ერთად, იბრძოლებენ და შეერკინებიან იმ კრიმინალურ ჯგუფებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სივრცეში მოქმედებენ.

სწორედ ზემოთ ხსენებული სიუჟეტური ხაზი, რომელიც „ქოლცენტრებთან” დაკავშირებულ თემატიკას მოიცავს, მაყურებელს ბევრ მოულოდნელობას შესთავაზებს.

მსახიობებზე შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ადრე იყო, ნაწილი ისევ მონაწილეობს. დაემატა ახალი პერსონაჟებიც. მაგალითად, დადასტურებულად ვინც ვიცით ამ ეტაპზე, გიორგი ნაკაშიძე და ალეკო ბეგალიშვილი, რომელიც კალდუნას ძმის როლს შეასრულებს”.

სიახლეებისთვის თვალ-ყურის სადევნებლად გამოიწერეთ გვერდები:

TikTok

Instagram

Facebook

[R]

13 წიგნი მარკეტინგის შესახებ, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის