პირდაპირ გეტყვით, ახალი კვლევის თანახმად, წყალი და ჰიდროქსილი მთვარეზე მრავალ ადგილზე გვხვდება, იქაც კი, სადაც მზე ყველაზე ძლიერად ანათებს… ამ აღმოჩენამ ბევრ საკითხზე შეიძლება, იმოქმედოს. დაგვეხმარება, გავიგოთ მთვარის გეოლოგიური ისტორია და მიმდინარე პროცესები, მივაწოდოთ ინფორმაციები მომავალ მისიებს, რომლებიც მთვარეზე ეკიპაჟთან ერთად გაეშვება.
„ამ წყლით მდიდარი სივრცეების შესწავლით, შესაძლოა, მომავალმა ასტრონავტებმა ეკვატორთან ახლოს წყლის პოვნაც შეძლონ. აქამდე ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ პოლარულ რეგიონში, უფრო ზუსტად, მის ღრმა კრატერებში შეიძლებოდა ყოფილიყო წყალი. ხოლო იმის გაგება, თუ ზუსტად სად გვხვდება წყალი მთვარეზე, დაგვეხმარება გავიგოთ მისი გეოლოგიური ისტორია, მაგრამ ამასთან ისიც, თუ სად უნდა ეძებონ ასტრონავტებმა წყალი მომავალში“, — აცხადებს როჯერ კლარკი, პლანეტარული მეცნიერი.
რეალურად მთვარე ძალიან მშრალი და ნესტისგან სრულად დაცლილი ჩანს, ერთი მხრივ კი, ეს ასეც არის… თხევადი წყალი ზედაპირზე არ გვხვდება, არც ტბებია და არც მდინარეები, თუმცა კვლევები გვეუბნება, რომ მთვარეზე ფარული წყლების პოვნა შეგვიძლია. ადრე ჩატარებული მეცნიერული ნაშრომის თანახმად, ამ ფარული წყლების პოვნა მთვარის კრატერების სიღრმეში შეიძლება, იმ ადგილებში, რომლებსაც არასდროს შეხებია პირდაპირი სინათლე ან მზის სითბო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ყინულის საბადოები შეიძლება იყოს მოქცეული.
ეს ფარული წყლები სხვა მეცნიერთა კვლევის საგანიც იყო, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მთვარეზე წყალი სხვა ნაწილებშიც შეიძლება მოიძებნებოდეს. ახლა კი ამ მოსაზრებას კლარკისა და მისი კოლეგების კვლევაც ადასტურებს. წყალი და ჰიდროქსილი, რომელიც ერთი ჟანგბადის ატომისა და ერთი წყალბადის ატომისგან შედგება მრავლად გვხვდება მთვარეზე, უკავშირდება მინერალებს, რომლებიც აყალიბებს ქვებსა და ჭუჭყს მის ზედაპირზე.
ამჯერად მკვლევრებმა Moon Mineralogy Mapper-ის (M3) ინსტრუმენტის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მთვარეზე 2008-2009 წლებში დაჯდა და სპექტროსკოპიული სურათები შემოგვთავაზა. მონაცემები ინფრაწითელი გამოსახულებითაც გვაჩვენა და ის ფერებიც აღბეჭდა, რომლებიც წყლისა და ჰიდროქსილის სპექტრის შესაბამისია.
აღმოაჩინეს, რომ წყალი და ჰიდროქსილი მთვარის ყველა განედზე გვხვდება, თუმცა მოლეკულები ნაკლებია ე. წ. მთვარის ზღვაში, შედარებით მუქ რელიეფზე მთვარის ზედაპირზე. თუმცა წყალი აქ სამუდამოდ არ რჩება, კრატერულ მოვლენებს ექვემდებარება, შემდგომ კი მილიონობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა მზის ქარის გამოსხივებით ნადგურდება. ეს პროცესი ჰიდროქსილს ტოვებს, რომელსაც, თავის მხრივ, მზის ქარი წარმოქმნის — მთვარის ზედაპირზე ათავსებს მზის წყალბადს, რომელსაც იქ ჟანგბადთან დაკავშირება შეუძლია მოლეკულის წარმოებისთვის.
მეტიც, მკვლევრებმა პიროქსენსაც მიაგნეს, რასაც კვლავ წყლის ხელწერით ხსნიან და გვეუბნებიან, რომ იგი მზის ნათების კუთხის მიხედვით იცვლება. ფიქრობენ, რომ ეს მთვარის მორევების ახსნაშიც დაეხმარება მათ…
დაბოლოს, უახლესი აღმოჩენა მთვარის მკვლევრებს შესაძლო წყლის წყაროს სთავაზობს. მომავალში ჰიდროქსილით მდიდარი მინერალების დამუშავებით კი, შესაძლოა, მთვარის საიდუმლოებებიც გავიგოთ.