წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება წყალქვეშ არსებულ პატარა ყუთში? თანაც, 1 დღით ან კვირით კი არა, თითქმის მთელი წლით… შესაძლოა, ახლა თავში მრავალი აზრი გიტრიალებთ, რისი გამოცნობაც არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ერთი რამ დანამვდვილებით ვიცით, ამერიკელი პროფესორი ამას კონკრეტული მიზნით აკეთებს.
ჯო დიტური, ყოფილი მყვინთავი და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ექსპერტი პირველი მარტიდან 55 კვადრატულ მეტრზე, ზედაპირიდან 10 მეტრის სიღრმეში ცხოვრობს და იქ გაჩერებას კიდევ 100 დღე აპირებს — თუ ამას მოახერხებს, რეკორდის დამყარებასაც შეძლებს. თუმცა ეს ნამდვილად არ არის მისი მთავარი მიზანი, იგი ადამიანის სხეულზე ჰიპერბარიული წნევის ზემოქმედებას შეისწავლის… მსგავსად, იმ კითხვასაც ვცემთ პასუხს, თუ რა უნდა აკეთოს წყლის ქვეშ მთელი ამ ხნის მანძილზე.
თუმცა წყალქვეშა ნავში ცხოვრებას დიტურის კონკურენტად ნუ ჩათვლით, რადგან მისგან ბევრი რამ განასხვავებს… ამაში კი თავად დარწმუნდებით, თუ ვიდეოს ნახავთ:
ჰიპერბარიული წნევა ჩვენთვის ძალიან რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. როცა, მაგალითად, ყვინთვისას წნევა იმატებს, აზოტი ჰაერიდან ჩვენს ფილტვებსა და სისხლში გადადის, რაც 10-30 მეტრ სიღრმეზე მსუბუქ ეიფორიას ან პოზიტიურ განწყობებს იწვევს. 30 მეტრზე მეტ სიღრმეში კი, შედეგად, ინტოქსიკაციის მსგავსი რამ შეიძლება მივიღოთ…

დიახ, დიტურის წყალქვეშ ცხოვრება მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს, მათი უმეტესობა კი პირდაპირ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება — იმის გამო, რომ საჭირო მზის შუქს ვერ მიიღებს, ამან ე. წ. შიდა საათის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, რაც, სხვა დანარჩენთან ერთად, ძილის დარღვევასაც გულისხმობს. აქვე საუბრობენ D ვიტამინის ნაკლებობაზე, რომელიც მრავალი დაავადების წინაპირობა ხდება, ამიტომ, დიტური მას, შეძლებისდაგვარად, საკვების სახით მიიღებს… მსგავსად, მისი იმუნური სისტემაც კი შეიძლება შესუსტდეს, რის გამოც იგი სხვადასხვა ინფექციის მიმართ მეტად მოწყვლადი გახდება.
ამას გარდა, ერთადერთი ფიზიკური ვარჯიში, წყალქვეშა საცხოვრებელში „სეირნობის“ გარდა, ცურვა შეიძლება იყოს. მსგავსად კი, დიდი ალბათობით, დიტური ძვლისა და კუნთის მასების შემცირების საფრთხის წინაშე დადგება…
თუმცა აქ მთავარი კითხვა ის არის, თუ რა გავლენა ექნება გრძელვადიან ჰიპერბარიულ წნევას დიტურიზე? ამჯერად ხელთ მცირემასშტაბიანი კვლევები გვაქვს, რომლებიც გვეუბნება, რომ ეს ჭრილობის შეხორცებაზე დადებითად ზემოქმედებს… აქ კი, მართალია, კვლევის მასშტაბი კიდევ უფრო მცირდება და მასში ერთადერთი ადამიანია ჩართული, მაგრამ დიტურის ექსპერიმენტის მონაცემები სფეროსთვის მაინც ძალიან სასარგებლო უნდა იყოს.












