in

6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება – „პროტური ფოთი 2025“

6-7 სექტემბერს ფოთში, კერძოდ მალთაყვაში, იქ სადაც წყალსათხილამურო სპორტის ისტორიული ბაზა მდებარეობს, გაიმართება საერთაშორისო ტურნირი „პროტური ფოთი 2025“.

ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ფოთის მერია.

აგვისტოს ბოლოს იტალიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყველა უცხოელი მონაწილე სპორტსმენი საქართველოში გააგრძელებს ასპარეზობას. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მასშტაბის წამყვანი სპორტსმენები ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან.  შეჯიბრი ჩატარდება ორ ეტაპად ხტომასა და სლალომში.

ტურნირის ჩასატარებლად დღეისათვის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უკვე მოქმედებს მოდულებისგან აწყობილი ბაზა, სადაც შესაძლებელია ოთხი გუნდის ეკიპირების განთავსება. მიმდინარე ეტაპზე პირველად საქართველოში ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად საერთაშორისო სტანდარტების პონტონი კეთდება, რომელიც სასტარტო ბაქანად გამოიყენება. პონტონი აგვისტოს ბოლოს ჩაეშვება ტბაში.

საერთაშორისო ტურნირის წარმატებით ჩატარება საფუძველს შექმნის იმისა, რომ საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის.

ტურნირის ტრანსლირებას განახორციელებს Waterski Pro Tour-ის TWBC Broadcast მაუწყებელი, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონიან აუდიტორიას ფარავს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ამავდროულად ტურნირის მხარდამჭერია.

საქართველოს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე მონიშვნით, ხელი შეეწყობა რეგიონის პოპულარიზაციას, სპორტული ტურიზმის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში დამატებითი თანხების გენერირებას.


ინფორმაციისთვის:

წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება. თუმცა ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გენადი გურალია, რომელმაც უკვე 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურის წოდება მოიპოვა.

დღეს საქართველოში აქტიურად ვითარდება სპორტის ეს სახეობა და მომავალში ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობის ამბიციაც ჩნდება.

საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია International Waterski & Wakeboard Federation – (IWWF) სამივე კონტინენტიდან 90-მდე ქვეყანას აერთიანებს, მსოფლიო წყალსათხილამურო ორგანიზაციაში კი საქართველო 90-იან წლებში გაწევრიანდა.

 

[R]

Amazon-ის სარეკლამო ბიზნესი 22%-ით გაიზარდა, შემოსავალმა 15.7 მილიარდი დოლარი შეადგინა

IKEA-მ თოლიების სკინტლი მარკეტინგულ იარაღად აქცია