საკვები კიდევ უფრო ფრთხილად უნდა აარჩიოთ, რადგან ახალი კვლევა გვეუბნება, რომ კონკრეტული ცხიმიანი საკვები გრძელვადიან პერსპექტივაში შფოთვას შეიძლება იწვევდეს. სიმსუქნისა და გულის დაავადებების კარგად ცნობილ რისკებთან ერთად, ეს მიგნებები გვთავაზობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნაჯერი ცხიმების მნიშვნელოვან ოდენობებს იღებს, მენტალური ჯანმრთელობის პოტენციურ შედეგებზეც უნდა დაფიქრდეს…
„ყველამ იცის, რომ ეს არ არის ჯანსაღი საკვები, მაგრამ გვაქვს მიდრეკილება, მათზე მცირე წონის შეძენის თვალსაზრისით ვიფიქროთ… თუ გაიაზრებთ, რომ ისინი თქვენს ტვინზეც ზემოქმედებს ისე, რომ შფოთვაც შეუძლია გამოიწვიოს, ეს ფსონებს კიდევ უფრო გაზრდის“, — აცხადებს ქრისტოფერ ლოუვრი, მეცნიერი.
შესაძლოა, ადამიანთა უმეტესობისთვის შფოთვა მცირე მომენტებით ხასიათდებოდეს, მაგრამ ბევრი მეტად ინტენსიური და ხანგრძლივი შემოტევებით იტანჯება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უშლით ხელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, გლობალურად 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს შფოთვით, რაც მას მენტალურ დარღვევებს შორის ყველაზე მასშტაბურს ხდის.
კვლევამ აჩვენა, რომ კვების რაციონმა, რომელიც ძალიან ცხიმიან საკვებს მოიცავს, განსაკუთრებული აქცენტით ცხოველური პროდუქტებისგან მიღებულ ნაჯერ ცხიმებზე, მღრღნელებში ნაწლავის მიკრობიომი დაარღვია და მათი ქცევაც შეცვალა. ლაბორატორიულ გარემოში ის გენებიც უფრო გამოვლინდა, რომლებიც ნეიროგადამცემ აქტივობაშია ჩართული, კონკრეტულად ზემოქმედებს ტვინში არსებულ სეროტონინზე, რომელიც შფოთვას აძლიერებს.
ექსპერიმენტში უფრო მოზრდილი თაგვები იყო ჩართული, რომლებიც 2 ჯგუფად დაყვეს და თითოეულს განსხვავებული კვების რაციონი შესთავაზეს — თუ ერთისთვის ცხიმის შემცველობა 11% იყო, მეორისთვის 45%-ს შეადგენდა. მიკრობიომზე დასაკვირვებლად კი ფეკალურ მასებს შეისწავლიდნენ. შედეგად, ვიგებთ, რომ ცხიმიან საკვებზე მყოფმა მღრღნელებმა არამარტო შეიძინეს საკვები, არამედ ნაწლავის ბაქტერიების მრავალფეროვნებაც შეუმცირდათ, პირველ ჯგუფთან შედარებით.
უფრო ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მეტი Firmicutes-ის ბაქტერიები ჰქონდათ და ნაკლები Bacteroidetes-ებიდან, მათი თანაფარდობა კი ადამიანებში სიმსუქნესა და ინდუსტრიულ რაციონს უკავშირდება, რომელიც მოიცავს რაფინირებულ მარცვლეულს, დამუშავებულ ხორცსა და შემწვარ საკვებს. 3 გენიც გამოიკვეთა: tph2, htr1a და slc6a4, რომლებიც სწორედ სეროტონინის წარმოებაშია ჩართული. მართალია, უფრო მეტად ეს უკანასკნელი განწყობის გაუმჯობესებითაა ცნობილი, მაგრამ, ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ პროცესებში, როგორებიცაა ჭრილობების შეხორცება და საჭმლის მონელება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებულ კვლევებში tph2-ის მაღალი ოდენობა ადამიანებში განწყობის დარღვევებს დაუკავშირეს — „უჩვეულოა, იფიქრო, რომ ცხიმოვანმა დიეტამ, შესაძლოა, გენები შეცვალოს ტვინში, თუმცა იმ ჯგუფს, რომელიც მაღალი ცხიმის შემცველ საკვებს იღებდა, ტვინში შფოთვის მოლეკულური ნიშნები გამოუვლინდა“.
მოდით, ყველა ტიპის ცხიმს ერთმანეთში ნუ ავურევთ, აი, მაგალითად თევზისა და ზეითუნის ზეთი ანთების საწინააღმდეგო ეფექტს გვთავაზობს… თუმცა რაც შეეხება ცხოველურ ნაჯერ ცხიმებს, ეს სულ სხვა ამბავია — ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პოტენციურ რისკებთან ერთად, ლოუვრის კვლევა გვთავაზობს, რომ ამ ცხიმებით მდიდარი კვების რაციონი, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან შფოთვას იწვევს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში…