აქ იმაზე მოგიყვებით, რაც წარმატებისკენ სწორი კურსის აღებაში დაგეხმარებათ, შინაგან სიმშვიდესაც მოგაპოვებინებთ და ბედნიერ ცხოვრებასაც უზრუნველყოფს… მზარდი აზროვნება პერსონალური და პროფესიული განვითარების საიდუმლო სოუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს იმის რწმენას ეხება, რომ თქვენი უნარები და ინტელექტი, შესაძლოა, თავდადებისა და შრომისმოყვარეობის შედეგად განვითარდეს.
მეტიც, როგორც გვეუბნებიან, სულ რაღაც ერთ დღეში თქვენი პერსონალური განვითარების წინსვლაა შესაძლებელი, ცხოვრების დაუყოვნებლივ გაუმჯობესება… შესაძლოა, სულაც არ გჯეროდეთ ამის, თუმცა ჯერ ცადეთ — აქ 4 ყოველდღიური პრაქტიკის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც მზარდი აზროვნებისა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:
1. გააკეთეთ რაღაც სხვა ადამიანის დასახმარებლად
ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი ცხოვრებისეული მიზანი 16-საათიანი მუშაობა კი არ არის, რათა მეტს მიაღწიოთ, მეტი ფული გამოიმუშაოთ და მეტი რამ იყიდოთ, არამედ ეს თქვენი ცხოვრებისეული მოწოდების აღმოჩენაა და ამ გზაზე ბედნიერი მომენტების შეგროვება. გახსოვდეთ, რომ თქვენი მემკვიდრეობა ორი მნიშვნელოვანი კითხვით განისაზღვრება — რა გავლენა მქონდა სხვების ცხოვრებაზე? ვის ვემსახურებოდი და რა გავაუმჯობესე?
2. ისწავლეთ სხვებისგან
საუკეთესო საუბრები ცხოვრებაში იმის სწავლით იწყება, თუ რას აკეთებენ სხვები, როგორ და რატომ. ადამიანებს საკუთარ თავზე ლაპარაკი უყვართ, მაგრამ თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ, ამის უფლებაც უნდა მისცეთ მათ. უნდა იყოთ ადამიანი, რომელიც მიანიშნებს, რომ მისგან რაღაცის სწავლა გინდათ და ამისთვის ყავაზეც კი დაპატიჟებს. ეს უკანასკნელი ქრთამად არ ჩათვალოთ, პირიქით, თქვენს შანსებს უფრო გაზრდის. და თუ ამ კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გსურთ, მაშინ მოძებნეთ თქვენზე ბევრად ახალგაზრდა — თუ თაობა X-ის წარმომადგენელი ხართ, თაობა ზეტს მიმართეთ — რომელიც თქვენს მუშაობასა თუ ცხოვრებას ღირებულად თვლის და ისწავლეთ ამ ადამიანისგანაც.
3. განავითარეთ მომავალზე ორიენტირებული აზროვნება
კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მომავალზე ორიენტირებული მიდგომით მოქმედებენ, აუმჯობესებენ თავიანთ პირად თუ პროფესიულ ცხოვრებას მაშინაც კი, როცა სიტუაცია არამდგრადი ან არაპროგნოზირებადია. ეს ინდივიდები უკეთესად არიან აღჭურვილნი პოტენციურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, შესაბამისად, ზოგადადაც, უფრო წარმატებულები, იმედიანები, ნაკლებად დასტრესილები არიან იმათზე, ვინც არ მისდევს მომავალზე ორიენტირებულ აზროვნებას.
ეს უკანასკნელი კი მრავალი განსხვავებული სამომავლო მდგომარეობისა თუ გზის წარმოდგენას გულისხმობს და არა, რაღაც ერთზე მიჯაჭვულობას. აქ ისეთ მომავალს ვგულისხმობთ, რომლის წინადადებებიც „რა იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო“-ს მოიცავს — სწორედ ეს მიდგომა ეხმარება ხელმძღვანელებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც სამომავლო მდგომარეობებს ითვალისწინებს, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური.
4. შეცვალეთ თქვენი შეხედულებები მარცხის მიმართ
Virgin Group-ის დამფუძნებელი, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი წლების განმავლობაში ვერ აღწევდა წარმატებას, თუმცა ამას იგი ყველა მეწარმის მოგზაურობის ნაწილად მიიჩნევს:
„არასდროს ვყოფილვართ 100%-ით დარწმუნებული, რომ ჩვენი ბიზნესებიდან, რომელიც Virgin-ში წამოვიწყეთ, რომელიმე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ 45 წლის მანძილზე ჩვენს გზავნილს მივყვებით — Screw it, let’s do it. ნუ შეგრცხვებათ წარუმატებლობების, ისწავლეთ მათგან და ხელახლა დაიწყეთ. შეცდომების დაშვება და სირთულეების გამოცდა ყველა წარმატებული მეწარმის დნმ-ის ნაწილია, ასე რომ, არც მე ვარ გამონაკლისი“.
გამოდის, თუ რაღაც ახალს არ ცდით და არ დამარცხდებით, ინოვაციებისა და ზრდისკენ სვლაც შეუძლებელი გახდება…