მედიცინა მრავალ ანომალიას კი გვთავაზობს, მაგრამ მათ შორის ერთდროულად ცნობისმოყვარეობასა და შიშს ისე არაფერი აღძრავს, როგორც აკვაგენური ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება, რომელიც უფრო მეტად წყლის ალერგიის სახელითაა ცნობილი. მარტივად რომ გითხრათ, ეს მდგომარეობა კანის წყალთან შეხებას მტანჯველ გამოცდილებად აქცევს…
ზოგადად, წყლის ალერგია იმუნური სისტემის უჩვეულო პასუხია, რომელსაც წყლის კანთან ურთიერთქმედება იწვევს. ჩათვალეთ, რომ იმუნური სისტემა თქვენი მცველია, რომელიც მოწინააღმდეგეებს ებრძვის, აკვაგენური ურტიკარიის შემთხვევაში კი რატომღაც წყალი მიაჩნია მტრად და საგანგაშო პასუხსაც იძლევა ისეთი ნივთიერების გამოყოფით, როგორიც ჰისტამინია. შესაბამისად, იწვევს ცხელებას, გამონაყარსა და ქავილს.
საინტერესოა, რომ მკვლევრებმა მუტაციები კონკრეტულ გენებში დაადგინეს, რომლებიც წყლის ალერგიას უკავშირდება, მათ შორისაა FABP5 გენიც, რომელიც გადამწყვეტია კანის ბარიერის ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, ამ გენის მუტაციები არღვევს კანის უნარს, რეაგირება მოახდინოს წყალზე და მას ანთებით პასუხობს. იმუნურ რეგულაციასა და კანის მთლიანობაში ჩართული გენების ვარიაციები მის მგრძნობელობაზეც ზემოქმედებს. თუმცა ალერგიის სიმძიმეზე ასევე შეიძლება, ჰორმონალურმა ცვლილებებმა და ქიმიურმა საშუალებებმაც იმოქმედოს.
კონკრეტული გენების იდენტიფიცირება კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს მეცნიერებს პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდების ჩამოყალიბებაში ეხმარება. თუმცა წყლის ალერგიის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება უცნობი. მიუხედავად ამისა, მკვლევრებს მაინც აქვთ იმედი, რომ გენეტიკის, იმუნოლოგიისა და დერმატოლოგიის შესწავლით ამ საიდუმლოებებს გამოავლენენ და, შესაბამისად, დაავადების უკეთ მართვასაც შეძლებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ალერგიის პირველი დოკუმენტური შემთხვევა მე-20 საუკუნის ბოლოს ფიქსირდება, რომელშიც აკვაგენური ურტიკარიის მქონეთა გამოცდილება დეტალურადაა აღწერილი. მსოფლიოში კი სულ, ამჟამინდელი მონაცემებით, წყლის ალერგიის 100-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორისაა 22 წლის ლორენ მონტეფუსკოც, რომელიც ამერიკაში, სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს… ეს იშვიათობა კი დაავადებას კიდევ უფრო მეტ საიდუმლოებას სძენს.
როგორ მკურნალობენ წყლის ალერგიას?
წყლის ალერგიის მკურნალობა გამოწვევას წარმოადგენს, როგორც პაციენტებისთვის, ისე ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის. ამჯერად მას ჩვეულებრივი ალერგიის მკურნალობის მეთოდით უმკლავდებიან, ანტიჰისტამინებითა და კორტიკოსტეროიდებით. მართალია, ეს დროებით ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას, მაგრამ დაავადებას სრულად ვერ უმკლავდება.
ამიტომ, მეცნიერები ექსპერიმენტულ თერაპიებსაც მიმართავენ, რომელთა შორისაც ფოტოთერაპიაა — კანს ულტრაიისფერ სხივებს უშვერენ, რათა იმუნური პასუხი შეამსუბუქონ და ანთებითი კერებიც შეამცირონ. პოტენციურად სასარგებლო მეთოდად მიიჩნევა, რადგან იგი დაავადებების სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
აქვეა ბიოლოგიური აგენტებიც, რომლებსაც „დიდი მოლეკულების წამლებს“ უწოდებენ, ძირითადად ცილებისგან მზადდება და იმ კონკრეტულ იმუნურ გზებს უმიზნებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს. უფრო მიზნობრივი თერაპიაა, რომელსაც სიმპტომების მართვის გრძელვადიანი პოტენციალი აქვს.
წყლისთვის თავის არიდება კი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აქ პაციენტებს დამცავი ბარიერების გამოყენებას ურჩევენ, თუნდაც კრემების სახით, რათა წყალსა და კანს შორის ბარიერი შეიქმნას და სიმპტომების სიხშირე და ფორმებიც შემსუბუქდეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აკვაგენური ურტიკარიას მქონე ადამიანები დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან, ამიტომ მათთვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა და მათი მხარდაჭერა ამ ემოციურად რთული პერიოდის გადალახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უკეთესი მკურნალობის მეთოდების საძიებლად კვლევები კვლავ გრძელდება, თუმცა პაციენტების სიმწირე ამ საკითხზე კვლავ უარყოფითად აისახება…