in

„გარკვეულ სიტუაციებში საჭიროა არას თქმა“ — ინტერვიუ ნინო ჩაკვეტაძესთან

თქვენი ბავშვობიდან ხშირად რა გახსენდებათ? შესაძლოა, რომელიმე მოგონება ნინო ჩაკვეტაძის ნახატებშიც აღმოაჩინოთ, რომლის ინსპირაციაც ბავშვობის თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამავე დროს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბებიახატვაც ამის ნაწილია, პროფესიად ქცევაც ბავშვობაშივე ჰქონდა გადაწყვეტილი, მშობლებიც უჭერდნენ მხარს და არც არასდროს უცდიათ აზრის შეცვლა, რადგან ამ საქმისადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულს ხედავდნენ…

მარკეტერი მხატვარ ნინო ჩაკვეტაძეს გაესაუბრა, რათა ცოტა მეტი გაეგო მის ნამუშევრებსა და იმაზე, თუ როგორი იყო 2023 წელი. როგორც აღმოჩნდა, სწორედ წელს შეძლო ბავშვობისდროინდელი ოცნების ასრულება…

M: რა არის თქვენი ინსპირაცია?

ჩემს ნახატებში ძირითადად ბავშვობაზე ვყვები, როგორც საკუთარ, პირადად განცდილ ამბებზე, ასევე, ზოგადად, ყველას ბავშვობის შესახებ. ბავშვობის თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამავე დროს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბებია ჩემი ნახატების ძირითადი ინსპირაცია. 2023 წელს დავიწყე ერთ-ერთ თემაზე მუშაობა, რომელიც, ვფიქრობ, დიდი გამოფენით დასრულდება. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი პროექტი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, როგორც ჩავიფიქრე, ისეთივე სახით შედგეს. 

M: როგორი იყო თქვენთვის 2023 წელი და რა ისწავლეთ მისგან?

სიცოცხლის მანძილზე ადამიანი ყოველთვის სწავლობს. 2023 წელმა კიდევ ერთხელ მასწავლა ის, რომ თუ გთავაზობენ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ გინდა ან ვერ გააკეთებ, სჯობს, პირდაპირ უარი თქვა. ადამიანი ხათრის გამო ხშირად იგდებს თავს ისეთ სიტუაციებში, როდესაც შემოთავაზებული საქმე ან არ მოსწონს, ან ვერ შეძლებს შესრულებას, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო ეჭიდება და შემდეგ ყოველთვის ნანობს ამას. ასეთი გამოცდილება წელსაც ბევრჯერ მქონდა.

იმედია, ვისწავლე, რომ გარკვეულ სიტუაციებში საჭიროა არას თქმა. 

M: რას თვლით ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად?

წლევანდელი წლის მნიშვნელოვან მიღწევად, ვთვლი, პირველი კლასელების წიგნის მშობლიური ენის კვალზე გაფორმებას, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვითაა შედგენილი და რომლის ავტორებიც ნინო გორდელაძე და გვანცა ჩხენკელი არიან. დედაენის გაფორმება ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა.

M: ყოველდღიურად რისი სწავლის საშუალებას გაძლევთ თქვენი პროფესია?

მიმაჩნია, რომ მხატვრობა დაუსრულებელი აღმოჩენების სამყაროა. ყოველთვის შეიძლება ისწავლო და განავითარო შენი უნარები. წელს სახელმძღვანელოს გაფორმებას ახლებურად მივუდექი, ვისწავლე ციფრული ხატვა, რამაც გარკვეულად გამიადვილა ამ დიდი პროექტის დაძლევა. 

M: ხატვისას ყველაზე მეტად რომელ ფერებს ანიჭებდით წელს უპირატესობას და რა ფერი იქნებოდა 2023 წელი?

ფერები ყოველთვის იცვლება მხატვრის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ხდება უნებურად. ჩემს ბოლო ნახატებში ვამჩნევ, რომ ფერები მეტად კონტრასტულია, ასე რატომ მოხდა, ახსნა ჩემთვისაც რთულია… ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია, რთულია, მთელი წლის ერთ კონკრეტულ ფერში დანახვა. ამიტომ, 2023 წელი ჩემთვის ჭრელი იყო. 

M: გაგვიზიარეთ 3 რამ, რასაც 2024 წლისგან მოელით…

არ ვიცი, რამდენად მოველი, მაგრამ ბანალურად მსურს, რომ შეწყდეს მიმდინარე ომები, არ შიოდეთ ბავშვებს და მსოფლიოს არცერთ წერტილში უსამართლოდ არ ჩაგრავდნენ ადამიანებს. ამის იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს.

უბრალოდ, ყოველთვის იარეთ დასახული მიზნისკენ. მე მჯერა, ბევრ სწავლასა და შრომას შედეგი მოაქვს…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

წიგნები, რომლების წაკითხვაც გამოგვადგება 2024-ში

„ვისურვებ და ავისრულებ” – საახალწლო კამპანია „დომუსისგან”, რომელიც სურვილებს აგისრულებთ