მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი სულ ახლახან იპოვეს… ცნობისმოყვარეობა ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი რომ არის, რაღაცების სწავლისკენ და ახალ გარემოსთან ადაპტირებისკენ რომ გვიბიძგებს, ეს კარგად ვიცით, ახლა კი მეცნიერებმა პირველად მიაგნეს ტვინის იმ ნაწილს, რომელშიც ცნობისმოყვარეობა იბადება. და რაში გამოგვადგება ეს ცოდნა? დაგვეხმარება, პოტენციურად ვმართოთ თერაპიები მდგომარეობებისთვის, რომლებშიც ცნობისმოყვარეობის პრობლემებია, მაგალითისთვის ქრონიკული დეპრესია…
ამას კი კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებებს მიმართეს და ტვინის განსხვავებულ ნაწილებში ჟანგბადის დონეები გაზომეს. ეს კი იმიტომ, რომ ენახათ, რამდენად დაკავებული იყო თითოეული რეგიონი. იმის ცოდნა, თუ ტვინის რომელი ნაწილია ჩვენს ცნობისმოყვარეობაზე პასუხისმგებელი, დაგვეხმარება, გავიგოთ, რატომ იქცევიან ადამიანები კონკრეტული გზებით.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეგვიძლია რაღაც ინფორმაციის მიმართ ცნობისმოყვარეობის სუბიექტური შეგრძნება დავუკავშიროთ იმ გზებს, რომლითაც ტვინი წარმოგვიდგენს ინფორმაციებს“, — აცხადებს ნეირომეცნიერი ჟაკლინ გოტლიბი.
ექსპერიმენტების დროს, მკვლევრებმა 32 მონაწილეს სპეციალური გამოსახულებები ე. წ. texforms მისცეს, სადაც ნაცნობი ობიექტები და ცხოველები, მაგალითად ქუდები და ბაყაყები, დამახინჯებულია სხვადასხვა ხარისხით. შემდეგ მოხალისეებს სთხოვეს, თითოეულის დადგენისას თავიანთი თავდაჯერებისა და ცნობისმოყვარეობის დონე შეეფასებინათ. ამას fMRI სკანირებებიც დაუმატეს და მნიშვნელოვანი აქტივობები სამ რეგიონში დააფიქსირეს.
პირველი ტემპორალური (occipitotemporal) ქერქია, რომელიც მხედველობასა და ობიექტების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი, მეორე ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი (vmPFC), რომელიც ღირებულებისა და თავდაჯერების აღქმებს მართავს და მესამე, წინა ცინგულარული ქერქი, რომელიც ინფორმაციების შეგროვებაზეა პასუხისმგებელი.
როგორც აღმოჩნდა, vmPFC ნევროლოგიური ხიდის ფუნქციას ასრულებს ტემპორატური ქერქის მიერ დადგენილ დარწმუნების დონეებსა და ცნობისმოყვარეობის სუბიექტურ შეგრძნებებს შორის, თითქოს რაღაც „ტრიგერია“, რომელიც გვეუბნება, როდის ვიყოთ ცნობისმოყვარეები — რაც უფრო ნაკლებად თავდაჯერებულნი იყვნენ მოხალისეეები სურათზე გამოსახული ობიექტის მიმართ, მით უფრო გამოხატავდნენ ცნობისმოყვარეობას.
„ცნობისმოყვარეობას სიღრმისეული ბიოლოგიური წარმოშობა აქვს… ადამიანის ცნობისმოყვარეობის განმასხვავებელი ფაქტორი სწორედ ის არის, რომ იგი გვიბიძგებს, იმაზე უფრო ფართოდ ვიკვლიოთ სამყარო, ვიდრე სხვა ცხოველებმა და ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცების გაგება გვსურს და არა, იმიტომ რომ მატერიალური ჯილდოსკენ ან გადარჩენისკენ მივისწრაფვით“, — აცხადებენ მკვლევრები.