ცოტნე გორგოშიძეს დაახლოებით სამოცდაათი სიმღერა აქვს დაწერილი და ყოველი ახლის დაწყებისას ისევ გზის ძებნა უწევს. რაც ერთხელ გამოუვიდა, მეორედ გამეორება აღარ აინტერესებს, ამიტომ გამოცდილებასთან ერთად იმ ხერხების ჩამონათვალიც იზრდება, რომლებსაც ვეღარ მიუბრუნდება. თვითონ ამას საკმაოდ პრაქტიკულად უყურებს: „მეორე „მარი“ ვერ დაიწერება. რომც დაიწეროს, რად მინდა?“
ეს ძიება ხან სხვა ინსტრუმენტთან ჯდომას ნიშნავს, ხან გიტარის კონკრეტული ჟღერადობის პოვნას, ხანაც უკვე ჩაწერილ სიმღერაში იმის გაგებას, რისი თქმაც თავიდან თვითონაც ბოლომდე არ იცოდა. დასრულებული სიმღერებიც იცვლება: რეპეტიციებსა და კონცერტებზე იმდენი რამ ემატება, რომ ძველ ჩანაწერს მოგვიანებით შეიძლება რაღაც აკლდეს. ცოტნესთვის ეს მუშაობის საინტერესო ნაწილია
ცოტნეს აინტერესებს, კიდევ რა შეუძლია გააკეთოს, ვისთან ერთად და რამდენად სიამოვნებს ეს პროცესი. ახლა რეპეტიციებზე ისევ ერთობა, ახალ სიმღერებში სხვა მიმართულებებს ცდის და გამოცდილებასაც იმისთვის იყენებს, რომ საკუთარ თავს მეტის უფლება მისცეს.
M: შენ თქვი, რომ საკუთარი თავის გამოხატვა ყოველთვის გიჭირდა. როდის გახდა მუსიკა ის ადგილი, სადაც ამის გაკეთება შეძელი?
მე ჩემი თავის გამოხატვა ძალიან მიჭირს, მართლა. ახლა გამახსენდა, პატარა რომ ვიყავი, მესამე-მეოთხე კლასში, მასწავლებელმა მშობლებს რაღაც წერილი მისწერა, ძალიან უჭირს საკუთარი თავის გამოხატვაო. რაღაცები ახლაც მიჭირს.
მუსიკა, განსაკუთრებით სიმღერა, ბევრ სხვადასხვა განზომილებას გაძლევს, რომ თავი გამოხატო. გაქვს ტექსტი, მერე ის, როგორ ამბობ ამ ტექსტს, როგორ მღერი, ინსტრუმენტალი რას აკეთებს, როგორ ჟღერს რაღაცები, როგორი ტექსტურები აქვს. ბევრი სივრცე გაქვს იმისთვის, რომ თქვა, რისი თქმაც გინდა.
ხშირად მეკითხებიან, ეს სიმღერა შეგიძლია ამიხსნაო? ვერა. ვაშლის მაგალითი მომყავს ხოლმე. ვაშლი რომ ახსნა, იტყვი, რომ მრგვალია, მჟავეა, შიგნით შეიძლება ტკბილი იყოს, მაგრამ ეგ ხომ არ არის ვაშლი? რაღაცას აღწერ, რაც შეიძლება სულ სხვა რაღაცაც იყოს. ვაშლი გამოცდილებაც არის. სიმღერაც ასეთ გამოცდილებას გაძლევს და მერე სხვა რაღაცით ვეღარ ჩაანაცვლებ.
M: სიმღერის წერა შენთვის უფრო უკვე გაგებული რაღაცის დაფიქსირებაა თუ პასუხის ძებნა?
ნაწილობრივ ორივე. შემოქმედება ყოველთვის ძიების პროცესია: რაღაცები იცი, რაღაცები იპოვე და მერე მიდიხარ, რომ ნახო, საერთოდ რისთვის არის ეს ყველაფერი, რას ამბობს.
ხშირად სიმღერა თითქოს უკვე დაწერილია, ყველაფერი მზადაა, მაგრამ მე ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რისი თქმა მინდა. შეიძლება თვეები გავიდეს და მერე მივხვდე. სხვებმა შეიძლება ვერც შეამჩნიონ, მაგრამ მე ვხვდები. ზოგ მუსიკოსთან მქონია ლაპარაკი, რომ ვთქვათ, ტრეკი მაქვს და ტექსტი არ მაქვს, რაღაც სიტყვებს ვიტყვი და გამოვაო. მე არ შემიძლია ეგრე. რაც უნდა იყოს, მე უნდა მჯეროდეს იმის, რაც იქ არის. თუ არ მჯერა, ვერ შევასრულებ. ტყუილიც კი არ გამოდის, საერთოდ არაფერი გამოდის. რაღაც კითხვებით იწყებ და პროცესში პოულობ პასუხებს.
სანამ კითხვას განაგრძობთ, ესეც ცოტნეს ახალი სიმღერა და კლიპი, რომლის რეჟისორიც გიორგი ქვარცხავაა:
M: შენი ტექსტები პირადია, მაგრამ მსმენელს იშვიათად უხსნი პირდაპირ, როგორ უნდა გაიგოს. ეს შეგნებულად ხდება?
ჩემთვის შემოქმედება დიალოგი და კომუნიკაციაა. როცა ვიღაცას ელაპარაკები, ისე უნდა ელაპარაკო, როგორც მეგობარს, თუნდაც საშინლად არ ეთანხმებოდე.
ერთი წესი მაქვს: თუ ვიღაცაზე ცუდის დაწერა მინდა, იმას ვამბობ ცუდს, რასაც ჩემს თავშიც ვხედავ. თუ რაღაცას მხოლოდ იმ ადამიანში ვხედავ და ჩემში საერთოდ ვერ ვპოულობ, ესე იგი, უბრალოდ არ მესმის ის ადამიანი. თუ მესმის, მაშინ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცუდია.
როცა საკუთარ გამოცდილებაზე ელაპარაკები ადამიანს, უფრო გისმენს, იმიტომ რომ არ ახვევ თავზე რაღაცას. ეუბნები: მე ეს გამოვცადე, ეს ჩემი გამოცდილებაა და მეტი არაფერი. შენ რაც გინდა, თავად გადაწყვიტე. შეიძლება მიმართულება მისცე აზრს, მაგრამ თუ ძალიან მიაწვები, უკვე პროპაგანდა გამოდის.
სიმღერაც ჩემთვის არ იწერება ასე, რომ დავჯდე და რაღაც მოვიფიქრო. შენს ცხოვრებას იღებ, ფილტრავ იმას, რაც საჭირო არ არის, აძლევ ფორმას და ეგ არის. მერე კარგია თუ ცუდი, ეგ უკვე სხვა საკითხია. ცოტა მეგობარივითაა… მეგობარზე ხომ ვერ იტყვი, კარგია თუ ცუდი. შენი მეგობარია.
ასე შენს არასრულყოფილებასაც უფრო მარტივად იღებ. ბავშვობაში სულ გინდა, რომ საუკეთესო იყო, მერე კი ხვდები: კარგი, ასეთი არ ვარ. ეგეც არ არის ცუდი, ვეცდები, კარგი ვიყო.

M: არის შემთხვევა, როცა სიმღერა ჯერ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ იცი, რომ ოდესღაც უნდა დაწერო?
კი, შეიძლება წლები გავიდეს. ზოგჯერ რაღაც ძალიან ზოგადი იდეა მაქვს, არც მელოდიაა, არც ტექსტი, უბრალოდ რაღაც სივრცე უჭირავს თავში. ზუსტად ისიც არ ვიცი, რა არის, უბრალოდ ვიცი, რომ იქ რაღაც უნდა იყოს.
მე მგონია, შემოქმედებით ადამიანს შეიძლება რაღაც სასრული რაოდენობის თემებიც ჰქონდეს, რომლებზეც უნდა გააკეთოს რაღაცები. მერე დიდი დრო რომ გადის, იმავე თემას შეიძლება სხვა კუთხით შეხედო.
მაგრამ იმის ნაკლებად მჯერა, რომ ერთ რაღაცას აკეთებდე სულ ერთი სტილით. თუ რაიმე გამოგივიდა, გააკეთე და მორჩა, ახლა სხვა რაღაც უნდა გააკეთო. რატომ უნდა დაწერო ამის უარესი ვერსია?
საინტერესო ახალი რამეების კეთებაა. ჩემთვის შემოქმედება ეგ არის, შენს თავში რაღაც ახალი დატოვო, სამყაროშიც რაღაც ახალი დატოვო, ახალი თვალით შეხედო. „რაც გაკეთებული მაქვს, გაკეთებულია უკვე. თავიდან რატომ უნდა გავაკეთო? მეორე „მარი“ ვერ დაიწერება. რომც დაიწეროს, რად მინდა?“
დაახლოებით სამოცდაათი სიმღერის შემდეგ ცოტნეს, როგორც თვითონ ამბობს, უკვე „ბევრი გზა აქვს ჩაკეტილი“. ამიტომ, სამუშაო პროცესსაც ცვლის: ბოლო დროს კლავიშებთან უფრო ხშირად ჯდება და აკვირდება, რას მოიფიქრებს ინსტრუმენტზე, რომელთანაც სხვა ჩვევები აქვს. ნაცნობი ხერხებისგან დისტანცირებაში ახალი მუსიკის მოსმენაც ეხმარება, მათ შორის იმის, რაც მასზე ახალგაზრდა მსმენელებს აინტერესებთ.
მისთვის ამ ყველაფერს პრაქტიკული მიზეზი აქვს: წლების წინ სიმღერას სხვა გამოცდილებით წერდა და დღეს იმავე პროცესის გამეორება იმავე შედეგს ვერ მოუტანს. თუმცა ახალი ხერხის პოვნასაც თავისი სირთულეები ახლავს.
M: რა მოდის პირველად, როცა სიმღერას წერ?
ძალიან სხვადასხვანაირი პროცესია. ადრე ბევრი დრო მქონდა და უბრალოდ ვიჯექი და ვუკრავდი. მერე სახლში რაღაცების ჩაწერის საშუალება გამიჩნდა, კომპიუტერიც მქონდა და ყველაფერს იქ ვაკეთებდი.
იყო პერიოდიც, როცა მელოდიები მესიზმრებოდა. ღამე გაიღვიძებდი და უნდა ჩაგეწერა, რომ არ დაგვიწყებოდა. რამდენჯერმე ჩავიწერე და მერე აღმოჩნდა, რომ უკვე ცნობილი სიმღერა იყო. კარგი სიმღერები კი იყო, უბრალოდ ჩემი არ იყო. ყოჩაღ, ცოტნე, მაგარია!
ზოგჯერ დაწერ რაღაცას და მერე სხვა სახეს იღებს, მერე კიდევ სხვას და ბოლოს საერთოდ აღარ ჰგავს იმას, საიდანაც დაიწყო.
რთულია თქვა, როგორ იწერება სიმღერა, რადგან ერთ რაღაცაზე რომ რაღაც გზა მუშაობს, მეორედ აღარ მუშაობს. სხვა უნდა იპოვო. ამდენი სიმღერა დაწერე და წესით ცოტა უნდა გაგმარტივებოდა, მაგრამ არა. ასაკთან ერთად ცოტა ნერვების მომშლელიც ხდება, რადგან ბევრი გზა უკვე გამოყენებული გაქვს.
M: ბავშვობიდან რომელი მუსიკა აღმოჩნდა შენთვის გადამწყვეტი?
ალბათ, უფრო თინეიჯერობიდან ქართული ანდერგრაუნდ მუსიკა. ბავშვობაში უცხოურ ბენდებს უსმენ და ძალიან მოგწონს, მაგრამ მაინც სხვა სამყაროა. შენთან პირდაპირ კავშირში არ არის.
ქართულ მუსიკასაც ვისმენდი, რაც რადიოში გადიოდა, და ბევრი მათგანი მართლა ძალიან ცუდი იყო. მერე უცებ სხვა ქართული სიმღერები გავიგე და მქონდა შეგრძნება: მოიცა, ესეც შეიძლება?
მანამდეც ვწერდი ტექსტებს. დაახლოებით ცამეტი წლის ვიყავი. პოეზია ძალიან მიყვარდა, მაგრამ მქონდა შეგრძნება, რომ კარგი, ვწერ ამას და სად მიდის? მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რასაც ჩემს მეგობრებსაც გავაგებინებდი.
მერე მივხვდი, რომ შეიძლება ტექსტი გასაგებიც იყოს და თან პოეტურიც. არ არის აუცილებელი, რომ „პოეტურობა“ რაღაც ხელოვნური ფორმა გახდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულად დაწერილი ტექსტი მხოლოდ ქართული სიტყვებისგან არ შედგებოდეს, ქართულად უნდა „ლაპარაკობდეს“.
M: ამიტომ არის შენი ტექსტების ენაც ასეთი ყოველდღიური?
როგორც წესი, „პოეტური ენა“ ქართულ სიმღერაში ბუნებრივად არ ჩნდება. შეიძლება ვიღაცას გამოსდის, მე არ გამომდის.
ჩემთვის უფრო ისეა, თითქოს ვიღაცას ველაპარაკები. ვცდილობ, ტექსტში ლამაზი რაღაცებიც იყოს, მაგრამ ჩემთვის პირველი მაინც ის არის, რამდენად ნამდვილი და ავთენტურია ის, რასაც ამბობ. სიმღერა ჩემთვის უფრო საუბარია, ვიდრე ლექსი. როცა მელოდია მაქვს, ტექსტსაც მასთან ერთად ვწერ. ქართულში ცალკე დაწერილი ტექსტის მერე მუსიკაზე დასმა ძალიან რთულია. შეიძლება ძალიან კარგი ტექსტი იყოს, მაგრამ სიმღერისას ეტყობა, რომ ეს ასე არ ითქმება. მელოდიას უკრავ, უკრავ და ნელ-ნელა იგებ, რა უნდა ითქვას იქ.
M: როდის დაიწყე მუსიკის არა უბრალოდ მოსმენა, არამედ იმის გააზრება, რატომ მოგწონდა რაღაც?
როცა ისეთი ბენდები აღმოვაჩინე, რომლებიც კარგ მუსიკასთან ერთად რაღაც სხვასაც მანახებდნენ. მქონდა რეაქცია: „ასეც შეიძლება? ესეც მუსიკაა?“
მახსოვს Sex Pistols, რაღაცები რომ მოვისმინე და ვფიქრობდი, მოიცა, შეიძლება ასეთი გამაღიზიანებელი რაღაც გააკეთო და სიმღერა იყოს?
მომწონს, როცა მუსიკაზე რეაქცია არის: „რა ხდება, ბიჭო, ეგრეც მოსულა?“ ჩვეულებრივი რაღაცებიც მომწონს, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა რაღაცას უსმენ და ვერ ხვდები, რა წესებს ემორჩილება, მერე უკვე იწყებ ფიქრს, რატომ იმუშავა, რა გააკეთა აქ.
ჩემთვის გავლენებიც ეგრე მუშაობს. რაღაცები, რაც მიყვარს, ცხადია, ჩემზე მოქმედებს, მაგრამ არ მინდა იგივე გავაკეთო. The Doors-ს ქართულად ვერ გააკეთებ და არც უნდა ეცადო. ისინი საქართველოში რომ დაბადებულიყვნენ, სხვა კონტექსტი ექნებოდათ და სხვა მუსიკას გააკეთებდნენ.
მინდა, გავლენა დარჩეს, მაგრამ ადამიანი არ უსმენდეს ჩემს სიმღერას და მაშინვე ამბობდეს, აი, ეს კონკრეტულად ამისგან არის.
M: შენს მუსიკაში ტრაგიკული ტექსტი ხშირად მოძრავ ან თითქმის მხიარულ მუსიკაშია არეული. ეს კონტრასტი შეგნებულად გაქვს?
ცხოვრებაა ეგეთი. ყველაზე საშინელ მომენტში შეიძლება ყველაზე გულიანად გაგეცინოს და ყველაზე ბედნიერ მომენტში უცებ ძალიან დასევდიანდე.
ეს კონტრასტები ხდის ცხოვრებას საინტერესოს. სულ რომ ამბობდე, მე ძალიან სევდიანი ვარ და ყველაფერი სევდიანია, ზოგჯერ შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ცხოვრება არ არის ასეთი. ტრაგედიაში ყოველთვის არის კომედია და კომედიაში ყოველთვის არის ტრაგედია.
ეგ უფრო მეტ სიცოცხლეს აძლევს და მერე უფრო ძლიერად გირტყამს რაღაც. კლოუნი რომ ტირის, უფრო ეფექტურია, ვიდრე ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე უბრალოდ ტირის.
თან, თუ საკუთარ თავს მართლა აძლევ უფლებას, სიმართლე თქვა, ზოგჯერ ისეთ რამესაც იტყვი, რაც შენთვის კომფორტული არ არის და კარგ შუქში არ გაყენებს. შეიძლება სიმღერა სასაცილო გამოვიდეს, შეიძლება დეპრესიული, შეიძლება ორივე ერთად.

M: „დაგდაგანი“ 2013 წელს შეიქმნა და შენი ზრდასრულობის ძალიან დიდი ნაწილი ამ ჯგუფთან ერთად გაიარე. როდის გაჩნდა პირველად განცდა, რომ ის ფორმა, რომელშიც ამდენი წელი არსებობდი, დასასრულს უახლოვდებოდა?
„დაგდაგანი“ რომ დავიწყე, თავიდან საერთოდ სხვანაირად ვფიქრობდი. ბავშვობაში სხვანაირ მუსიკას ვუსმენდი და მქონდა განცდა, კარგი, ამით რაღაცებს ვისწავლი, როგორ კეთდება ბენდი, გავიცნობ ხალხს და მერე ამას მოვრჩები და ჩემს რაღაცას მივხედავ.
ნელ-ნელა გავიცანი ადამიანები, ვისთანაც რაღაც მსგავსი ხედვა მქონდა. შეიძლება ზუსტად იგივე არა, მაგრამ ერთად ძალიან საინტერესო რამ გამოდიოდა. არასდროს მქონია შეგრძნება, რომ რაიმეში ვიზღუდებოდი. „დაგდაგანის“ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ერთი სიმღერა აბსოლუტურად ერთი ჟანრი ყოფილიყო, მერე მეორე საერთოდ სხვა. რაღაც ასაკის მერე გუნდის მენეჯმენტი ძალიან რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არ არის სამსახური. მეგობრები ხართ, ყველას თავისი ცხოვრება და თავისი პრობლემები აქვს.
მერე ვეღარაფერს აკეთებ. პარალიზებული ხარ. დრო იწელება და შემოქმედებითი იმპულსიც მიდის. მერე უკვე ჩხუბი, სტრესი და ყველაფერი ემატება. ნორმალურიც არის. რაღაც მომენტში ან ხელი უნდა გაუშვა, ან ეს ყველაფერი უბრალოდ მოგკლავს.
როცა დაიშალა, ისეთი შვება ვიგრძენი, რომ აღარ მქონდა პასუხისმგებლობა. შემეძლო ცოტა ხანი საერთოდ არ ვყოფილიყავი. ბევრი პასუხისმგებლობა რომ გემატება ცხოვრებაში, მით უფრო რთულია სხვა რაღაცებისთვის დროის დატოვება.
მაგრამ რაც იყო, კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლები ძალიან სტრესული იყო, კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ ათი წლის განმავლობაში.
M: „დაგდაგანის“ შემდეგ თავიდან მოგიწია იმის გარკვევა, ვინ იყავი როგორც მუსიკოსი?
ეგ იყო ზუსტად, რომ უცებ ფიქრობ, კარგი, მე, ცოტნე გორგოშიძე, ვინ ვარ? (აქ უნდა ყოფილიყო ზედმეტად ფილოსოფიურ-ბანალური კითხვა „და მაინც, ვინ არის ცოტნე?!“)
ბევრი რამ არის ბენდში ისეთი, რომ უკვე ჩვევა ხდება. ამ ადამიანებთან ერთად არსებობ, რაღაც იდენტობა გაქვს. მერე ეგ აღარ არის და უნდა მიხვდე, შენ თვითონ რას აკეთებ.
მოვრჩი „დაგდაგანს“ და ვფიქრობდი, ახლა ამას რა დავარქვა. მეთქი, ჩემი სახელით გამოვალ, როგორც ჯაზმენები გამოდიან. მერე „ცოტნე გორგოშიძე“ ძალიან ისეთი იყო, სახლში რომ დაგპატიჟებენ. კონცერტზე მოდიხარ თუ სტუმრად, ვერ გაიგებ. მეთქი, კარგი, ცოტნე იყოს.
თან იშვიათი გვარი მაქვს და ცოტნე გორგოშიძე სხვა არავინ არის. რომ მოძებნო, უეჭველი მე ვარ. რაღაც პატარა დისტანცია მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ სოლო პროექტია, არ მინდოდა ყველაფერი პირდაპირ მე ვყოფილიყავი.
ახლა უფრო ვიცი, რისი გაკეთება მინდა და, რაც მთავარია, ვიცი, რისი გაკეთება აღარ მინდა. ახლანდელი ბენდიც სხვანაირად მუშაობს. ძალიან ძლიერი მუსიკოსები არიან და მიხარია, რომ რეპეტიცია ისევ გართობაა. რაღაცას ეტყვი და ეგრევე ხვდებიან, რას აკეთებ. ხანდახან ვამბობ, ტექნიკურად ყველაზე ბანძი მუსიკოსი მე ვარ-მეთქი ამ ბენდში. სამაგიეროდ, ბენდს ჩემი სახელი ჰქვია.
მაგრამ ამან ის მომცა, რომ უფრო დეტალურად ვხედავ, რა მინდა. ადრე შეიძლებოდა მეთქვა, დაახლოებით ასეთი ჟღერადობა მინდა. ახლა ზუსტად ვიცი, როგორი მინდა.
ახალ მუსიკოსებთან მუშაობამ ძველი სიმღერებიც შეცვალა. ზოგიერთის დღევანდელი ცოცხალი ვერსია ცოტნესთვის უფრო ზუსტად გამოხატავს იმას, რისი გაკეთებაც უნდოდა, ვიდრე წლების წინ გამოშვებული ჩანაწერი. ამ განსხვავებას სიმღერის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქვამს: შესრულებისას ნაპოვნი დეტალები თანდათან მის ნაწილად იქცევა.
M: ერთხელ თქვი, რომ საბოლოო ვერსიებით თითქმის არასდროს ხარ კმაყოფილი. დღეს შეგიძლია სიმღერა გაუშვა და აღარ შეეხო?
საქმე უფრო ის არის, რომ სიმღერას თავისი ცხოვრების ციკლი აქვს. დაწერ, ჩაწერ, გამოუშვებ, მერე რეპეტიციებზე უკრავ, კონცერტებზე უკრავ და ამ პროცესში ახალ რაღაცებს პოულობ. ხანდახან ხვდები, რომ შეიძლებოდა ასე გაგვეკეთებინა. ხანდახან ხალხის რეაქციაც ცვლის რაღაცას. მერე ორიგინალს რომ უსმენ, გგონია, რომ აკლია ყველაფერი ის, რაც ამ სიმღერას წლების განმავლობაში დაემატა.
მსმენელისთვის სიმღერა მის მოგონებებს ებმება და მისი ცხოვრების ნაწილი ხდება. მუსიკოსისთვის კი ამ როლს შესრულებები უკავშირდება. ჩემთვის სიმღერა ის არის, რომელსაც ასრულებ და არა ის, რომელიც ჩაწერილი გაქვს.
M: ამიტომ არის ლაივი შენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩანაწერი?
ლაივი მაინც უფრო ახლოსაა ჩემთან. ჩანაწერს თავისი ხიბლი აქვს, უფრო ნახატივითაა, კონცერტი კი ცხოვრებაა. ეს ხდება ახლა.
თან მარტო შენ არ აკეთებ. ხალხიც ამ ყველაფრის ნაწილია. ხალხი რომ არ იყოს, სხვანაირად დაუკრავ. თუ ცუდ ხასიათზეა დარბაზი და უბრალოდ გიყურებს, შესრულებაც სხვანაირი ხდება. კოვიდის დროს რომ ცარიელი დარბაზებისთვის ვუკრავდით, საშინელება იყო. რეპეტიციას ჰგავდა.
ჩანაწერი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ცოცხალი ბენდი ლაივში მაინც სხვა რაღაცაა. მქონია სიმღერები, რომლებზეც ვფიქრობდი, სტუდიაში იმდენად კარგად გავაკეთეთ, ლაივში ამას როგორ უნდა ვაჯობოთ-მეთქი. მერე ლაივში ერთ-ერთი საუკეთესო რამ გამხდარა და ჩანაწერი ახლოსაც აღარ ყოფილა.
ბენდი ლაივში უნდა მოისმინო. ჩანაწერი მხოლოდ პატარა ზედაპირია იმის, რაც ბენდია.
ამიტომ, არც ორი ერთნაირი კონცერტი აინტერესებს. ახალ შემადგენლობასთან მეტრონომის გარეშეც უკრავს, შეგნებულად ტოვებს სივრცეს, რომ ერთი სიმღერა ერთ საღამოს უფრო სწრაფი აღმოჩნდეს, მეორედ უფრო ნელი ან მძიმე. წინა კონცერტზე, ამბობს, რამდენიმე სიმღერა „უაზროდ ჩქარა“ დაუკრეს, მაგრამ სწორედ იმ მომენტში ასე გრძნობდნენ თავს და ამიტომ სწორიც იყო.
ასეთი თავისუფლებისთვის, ცოტნეს აზრით, კარგი მომზადებაა საჭირო. რაც უფრო კარგად იცი, რას აკეთებ, მით უფრო თამამად შეგიძლია მოულოდნელობასაც აჰყვე, მათ შორის შეცდომას, რომელიც სიმღერას შეიძლება მოუხდეს.
M: რამდენად გიყვარს შეცდომა მუსიკაში?
ჩემთვის ნახევარი შემოქმედება ეგ არის. რაღაცას აკეთებ და უცებ შეგეშლება. საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ მუშაობს. და ზუსტად იმავეს მეორედ ვეღარ გაიმეორებ.
ამდენი წელი შეიძლება მუსიკის თეორია ისწავლო და მერე რაღაც შემთხვევით მოხდეს, ვიღაცა რაღაცას შეეხოს, ხმა გამოვიდეს და ზუსტად ჩაჯდეს.
შეცდომები ადამიანურობას აძლევს ყველაფერს. ყველაფერი როცა იდეალურად არის გასწორებული, ეგეთი მუსიკაც კარგია თავის კუთხით, მაგრამ მე მინდა, რაღაცები მაინც დარჩეს. ადამიანები შეცდომებით ვართ და მუსიკაც ასეთი უნდა იყოს.
M: საკუთარი ხმა როდის იპოვე?
გავლენები გაქვს. ვიღაცები მოგწონს და მათგან სწავლობ, როგორ შეიძლება რაღაც იმღერო, ტექნიკასაც, მანერასაც. ბავშვობაში ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ ჩემთვის ვყოფილიყავი. რაღაც ძალიან ცუდ კასეტებზე ვიწერდი ხმას, მერე ვუსმენდი და ვფიქრობდი, აქ ეს ზედმეტია, ეს რაღაც სხვისია. ნელ-ნელა პოულობ, სად ხარ შენ. შეიძლება კარგი იყოს ან ცუდი, მაგრამ ეს მე ვარ.
თან ეგეც იცვლება. რაღაც ძველი ჩანაწერი რომ ჩამირთო, შეიძლება ვთქვა, ეს მე აღარ ვარ. იმ მომენტში ვიყავი, მაგრამ დღეს ასე აღარ ვიმღერებდი.
ხმაც ისეთივე ინსტრუმენტია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. სწავლობ მის შესაძლებლობებს. ადრე მეც მქონდა დამოკიდებულება, ხმის ვარჯიში რად მინდა, ხმა თავისით უნდა იყოს-მეთქი. მერე რომ დავიწყე ვარჯიში, ვფიქრობდი, რატომ არ ვაკეთებდი აქამდე… ბევრად მეტ თავისუფლებას გაძლევს.
შენი ხმაც ბოლოს შენთვის მოსაბეზრებელი ხდება. სხვას შეიძლება მოსწონდეს, მაგრამ მე სულ მესმის ჩემი ხმა. მსმენელს შეუძლია სხვა რამე ჩართოს, მე ეგრე მარტივად ვერ ვცვლი. ამიტომ, ახალი რაღაცებიც უნდა ისწავლო.
M: დღეს, როცა ახალ სიმღერას წერ, წარსული რამდენად მოქმედებს?
საერთოდ არ ვფიქრობ წარსულზე. თუ დაიწყებ ფიქრს, რომ მე ის ტიპი ვარ, რომელმაც ეს სიმღერები დაწერა, ამას მილიონი მოსმენა აქვს, ხალხს ვუყვარვარ და ახლა ყველაფერი ამას უნდა შეედაროს, გაგიჟდები. გაუსაძლისი ადამიანი გახდები, ფსიქოზი დაგემართება და შემოქმედებით კუთხეს რაც ეხება, პარალიზებული გახდები.
ყველაფერს შეადარებ იმას, რასაც მილიონი მოსმენა აქვს. თუ ახალს მილიონი არ ექნება, იფიქრებ, რომ არ გამოვიდა და წაშლი.
ყველა შენი ახალი სიმღერა შენი პირველი სიმღერაა. ნულიდან იწყებ. არც რაღაცის დამტკიცებას ცდილობ. უბრალოდ შენს სიმართლეს ამბობ, რასაც იმ მომენტში გრძნობ. არც მეტი, არც ნაკლები.
ახალგაზრდობის უცოდინრობა, დაუფიქრებლობა და სწრაფი გადაწყვეტილებები არ ენატრება. დღეს სიამოვნებს ისიც, რასაც ადრე შეიძლება ამდენ ხანს ვერ გაჰყოლოდა: ერთ სიმღერაზე თვეების მუშაობა, ერთი დარტყმის ხასიათის ან პატარა ხმის ძებნა. გამოცდილება დეტალებში უკეთ გარკვევას უადვილებს, გადაწყვეტილების მიღებისას კი სულ უფრო მეტად საკუთარ ინსტინქტს ენდობა.
M: როგორც მუსიკოსი, დღეს ინსტინქტით უფრო მუშაობ თუ ცოდნით?
უფრო ვენდობი ინსტინქტს. ადრე ნაკლებად ვენდობოდი, რადგან ბევრი რაღაც ტექნიკურად არ ვიცოდით. არ ვიცოდით, როგორ კეთდებოდა და უფრო ვეყრდნობოდით იმას, რომ კარგი, „ეს ასე კეთდება“.
ახლა უფრო მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას ვიზამთ, მოვიფიქრებთ. თუ მგონია, რომ აქ ასეთი რაღაც უნდა იყოს, აუცილებლად მივიღებთ ამ შედეგს. გამოცდილება ამ თავისუფლებას მაძლევს. შემიძლია რაღაც უცნაური გავაკეთო და სტანდარტებში არ ჩავჯდე.
აზროვნებით ყველაზე დიდი განსხვავებაც დეტალებშია. ადრე ხმას ზოგადად ვხედავდი. ახლა უკვე შეიძლება ვიცოდე, რომ კონკრეტული გიტარა მინდა ჟღერდეს ისე, თითქოს რაღაცები ტომარაში ჩაყარეს. ადრე უბრალოდ ვიცოდი, რომ გიტარა მინდოდა.
რამდენიმე სიმღერას ფართო აუდიტორიამდე მისასვლელად წლები დასჭირდა, ამიტომ, ცოტნე პირველ გამოხმაურებასაც დიდად არ ენდობა. მსმენელმა შეიძლება მოგვიანებით აღმოაჩინოს ის, რაც თვითონ თავიდანვე მოსწონდა. ამ ლოდინში კი ახალი მუსიკის კეთება აინტერესებს, თავისი იმჟამინდელი გემოვნებითა და ინტერესებით.
M: რა მიმართულებით გექაჩება ახლა საკუთარი გემოვნება?
ჩემთვის მუსიკა ცოტათი ისეთია, ბავშვს რომ სათამაშოს მისცემ და ეუბნები: აბა, ახლა რა გავაკეთოთ?
ფორმულები არ შემიძლია. მთელი ხიბლი ის არის, რომ რაღაც ახალი შემიძლია გავაკეთო. ახალი ტრეკებიც, რაც მალე გამოვა, საერთოდ სხვა მიმართულებითაა დაწერილი. ჩემთვის საინტერესოა, რომ რაღაც ახალი ვიპოვო და ერთ ადგილას არ გავჩერდე.
M: ამ ეტაპზე საკუთარი მუსიკალური ენის გამყარება უფრო გაინტერესებს თუ მისი დარღვევა?
ორივე ერთად. შენი ხელწერა, ალბათ, უნდა გქონდეს. ვიღაცამ მოისმინოს და რაღაცნაირად მიხვდეს, რომ შენ ხარ. მაგრამ თან სულ იქ არ უნდა იდგე.
დევიდ ბოუის აქვს კარგი მაგალითი: ზღვაში რომ შედიხარ და იმ ადგილამდე მიდიხარ, სადაც ფეხს თითქმის ვეღარ აწვდენ, არტისტი სულ იქ უნდა იყოს. ჩემთვისაც ეგ არის. ძალიან შორს თუ შეხვალ, ვეღარ ხვდები, სად ხარ და რა უნდა გააკეთო. ნაპირზე თუ დარჩები, მოსაწყენი ხდება.
როცა ვეკითხები, მის მუსიკაში რა არის უკვე ბოლომდე „მისი“ და რას იკვლევს ჯერ კიდევ, ამ ორს ერთმანეთისგან არ გამოყოფს: ყველაზე მეტად თავისად სწორედ ძიების პროცესს მიიჩნევს. შეცდომასაც უშვებს და იმასაც, რომ შედეგი ყოველთვის კარგი ვერ იქნება. ამ მიდგომის მოსასმენად კი პირველ რიგში კონცერტზე გვაგზავნის.
M: ადამიანს, რომელსაც შენი მუსიკა არასდროს მოუსმენია, ერთი საღამო რომ ჰქონდეს იმის გასაგებად, საიდან მოდიხარ მუსიკალურად, რას ჩაურთავდი?
ვეტყოდი, რომ კონცერტზე წავიდეს. ეგ ყველაზე ნათელია, ჩემი აზრით. თუ ბოლომდე გინდა გაიგო, რას ვაკეთებ, კონცერტზე უნდა მოხვიდე.
ბევრი რამ ჩანაწერში ვერ გადმოდის. ზოგჯერ კარგი სიმღერა იყო, მაგრამ იმ დროს ტექნოლოგიური შეზღუდვები იყო, არ ვიცოდით რაღაცები და ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც მინდოდა. დღეს ვიცი, როგორ კეთდება ბევრი რამ.
კონცერტზე კი ის, რაც ჩანაწერშია, შეიძლება ათჯერ ძლიერად გამოვიდეს.
ამ კონცერტებზე ცოტნესთან ერთად უკრავენ ალექსანდრე ჩიკვატია დასარტყამებზე, ავთანდილ ირემაშვილი გიტარაზე, ნიკა ლომიძე ბასზე და დემეტრე ღამბაშიძე საქსოფონზე; ბექ-ვოკალზე ცოტნეს მეუღლე ნინო ბიწაძეა, რომელიც ამჟამად საკუთარი დამოუკიდებელი პროექტის, Cropflea-ს, შექმნის პროცესშიცაა. ალექსანდრე ჩიკვატია Altertone Records-ის აუდიო ინჟინერიცაა და ცოტნეს ჩანაწერებზეც მუშაობს.

ესეც ნინოს Cropflea-ს პირველი ტრეკი:
M: და რამდენიმე წლის შემდეგ შენს დღევანდელ მუსიკას რომ დაუბრუნდე, რისი გაგონება გინდა მასში: ვინ იყავი თუ საით მიდიოდი?
ორივე, ვინ ვარ და სად მივდივარ. ჩემი იდენტობა შეიძლება მუსიკაში რაღაც ძალიან სპეციფიკური არ იყოს, მაგრამ მაქვს პრინციპები, რომლებსაც არ ვცვლი. არ ვყიდი საკუთარ თავს იმისთვის, რომ უფრო პოპულარული ვიყო, მეტი ფული მქონდეს ან მეტი გავლენა.
ცნობადობა შემოდის შენს ცხოვრებაში, მერე გადის, მერე ისევ შემოდის და ძალიან დიდი გავლენა აქვს. შეიძლება ფიქრობდე, რომ შენზე არ იმოქმედებს, მაგრამ იმოქმედებს. უბრალოდ მერე შენზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს.
ამიტომ, პაუზებიც მნიშვნელოვანია. უნდა მოშორდე ყველაფერს და თავიდან გაიგო, ვინ ხარ. ხალხი რომ გეუბნება, მაგარი ხარო, ბოლოს იჯერებ. თან დიდ წინააღმდეგობასაც არ უწევ. მერე დებილობების კეთებას იწყებ.
უნდა გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ უბრალოდ „მაგარი“. რაღაცები გამოგივიდა. და რაც გამოგივიდა, მხოლოდ შენი დამსახურება არ არის. იქ არის ხალხი, ვისთანაც მუშაობდი, გარემო, გამოცდილება, ყველაფერი.
ახლაც სოლო პროექტი ჰქვია, მაგრამ ბევრი სიმღერა კარგი იმიტომ გახდა, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემ გარშემო არიან და ამ მუსიკაში მონაწილეობენ, უკეთესს ხდიან. ალბათ, ეგ მინდა, რომ მერე გავიგო: ვინ ვიყავი და საით მივდიოდი.
ავტორი: ქეთია ბელქანია











