ცოტნე ჟამუტაშვილის ისტორია ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა კარიერა, ფაქტობრივად, შემთხვევით იწყება, მაგრამ დროთა განმავლობაში ნამდვილ მოწოდებად იქცევა. დღეს ის საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ყავის ტექნოლოგად მიიჩნევა, თუმცა მისი გზა ამ სფეროში სრულიად სხვაგვარად წარიმართა – როგორც ბევრი სტუდენტის შემთხვევაში, დროებითი სამსახურის ძიებით.
ცოტნემ მუშაობა Coffee Lab-ში ჰოსტის პოზიციაზე დაიწყო. იმ დროს ეს მისთვის უბრალოდ საზაფხულო სამსახური იყო, რომელიც სწავლასთან ერთად დროის პროდუქტიულად გამოყენების საშუალებას აძლევდა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს გარემო მასში ბევრად უფრო დიდ ინტერესს იწვევდა. გარდამტეხი მომენტი კი პირველი დეგუსტაცია აღმოჩნდა – გამოცდილება, რომელმაც მისი წარმოდგენა ყავაზე სრულად შეცვალა. როგორც თავად ამბობს: „სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ყავა არ არის უბრალოდ ყოველდღიური, მარტივი პროდუქტი…ის აღმოჩნდა გაცილებით უფრო კომპლექსური და მრავალფეროვანი, სავსე არომატებითა და ისტორიებით”.

გთავაზობთ ცოტნე ჟამუტაშვილთან ინტერვიუს, რომელიც მის კარიერულ გზასაც გვაცნობს და დამწყებთათვის შეიძლება ინსპირაციადაც იქცეს:
M: ცოტნე, რა იყო ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც საბოლოოდ გადაგაწყვეტინათ, რომ ყავის სპეციალისტობა თქვენი პროფესია გამხდარიყო?
გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა ამ სფეროში რეალური განვითარების შესაძლებლობა დავინახე. იმ პერიოდში საქართველოში განსაკუთრებული ჯიშის არაბიკის შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ დაბალი იყო და ბევრმა არც იცოდა, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ყავა.
ეს იყო იდეალური დრო, რომ უფრო ღრმად შემესწავლა ყავის კულტურა, დამეგროვებინა გამოცდილება და მიმეღო ცოდნა, რომელიც არა მხოლოდ ჩემს განვითარებას, არამედ ზოგადად ამ სფეროს პოპულარიზაციასაც შეუწყობდა ხელს.
M: როგორ განვითარდა თქვენი ცოდნა და უნარები წლების განმავლობაში?
ჩემი ცოდნა და უნარები ყავის სფეროში ეტაპობრივად განვითარდა, რაც მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას.
დასაწყის ეტაპზე ყურადღება გავამახვილე ყავის საფუძვლების შესწავლაზე – მარცვლის წარმოშობა, ჯიშები, დამუშავების მეთოდები და მათი გავლენა გემოზე. ამ პერიოდში ვეცნობოდი პროფესიულ ლიტერატურას და ვსწავლობდი ძირითადი ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებას.
შემდეგ ეტაპზე გადავედი ტექნიკური უნარების განვითარებაზე. გავიარე ბარისტას ტრენინგები, სადაც ვისწავლე ესპრესოს სწორად მომზადება, რძის ტექსტურირება და სხვადასხვა სასმლის ბალანსის დაცვა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აპარატურის სწორად გამოყენება და ექსტრაქციის კონტროლი.
მესამე ეტაპი იყო პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება რეალურ სამუშაო გარემოში. ყოველდღიური მუშაობა დამეხმარა სწრაფი რეაგირების, დროის მართვის და სტაბილური ხარისხის შენარჩუნების უნარების განვითარებაში. სწორედ ამ პერიოდში დაშვებული შეცდომები იქცა ჩემი ცოდნის გაღრმავების მთავარ წყაროდ – თითოეული პრობლემა მაძლევდა შესაძლებლობას, უკეთ გამეგო პროცესი და დამეხვეწა ტექნიკა.
შემდგომ ეტაპზე დავიწყე გემოს სიღრმისეული აღქმის განვითარება – დეგუსტაციები (cupping), არომატების გარჩევა და ყავის სენსორული ანალიზი. ეს დამეხმარა უკეთ გამეგო, როგორ აისახება სხვადასხვა ფაქტორი საბოლოო ფინჯანზე.
ერთ-ერთი გამორჩეული გამოცდილება იყო ტრენინგი მსოფლიოში ცნობილ მომხალავთან, Scott Rao-თან, რომელმაც ჩემი ცოდნა ახალ დონეზე აიყვანა. ასევე დიდი როლი ითამაშა იმ კომპანიამ, სადაც მუშაობა დავიწყე – იქ მქონდა განვითარების, ექსპერიმენტირებისა და საკუთარი ხედვის რეალიზების თავისუფლება.
ზაფხულში დაგეგმილი მაქვს დანიაში, კიდევ ერთ ტრენინგზე წასვლა, რომელიც ეხება SCA Roasting Professional & Sensory Performance-ს.
M: როგორ აღმოჩნდით „ჯამბოს“ ბრენდის თანამშრომელი და რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამოცდილება?
გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ პროფესიული ზრდისთვის ცვლილებები აუცილებელია. სწორედ ამ დროს მივიღე „ჯამბოს“ შემოთავაზება, რომელიც ჩემთვის ახალი გამოწვევაც იყო და განვითარების შესაძლებლობაც.
აქ მუშაობა ნიშნავს ყოველდღიურ პასუხისმგებლობას, დავანახოთ მომხმარებელს, რომ Vending-აპარატებიდანაც შესაძლებელია ხარისხიანი ყავის მიღება. ეს ერთგვარი სტერეოტიპის შეცვლაა, რაც ჩვენს საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ჩვენ ადგილობრივად ვხალავთ ყავას და მუდმივად ვაკონტროლებთ ხარისხს, რათა მომხმარებლამდე მივიდეს სტაბილური და დაბალანსებული პროდუქტი. ჩემთვის ყოველი სამუშაო დღე არის როგორც გამოწვევა, ისე შესაძლებლობა, რეალურად შევცვალოთ მომხმარებლის გამოცდილება.
M: როგორია თქვენი, როგორც ყავის ტექნოლოგის ყოველდღიური სამუშაო?
დღე დილის 8 საათზე იწყება – ვამზადებ აპარატს და ვგეგმავ, რომელი ყავა უნდა მოიხალოს და რა რაოდენობით. ეს მოითხოვს როგორც დაგეგმვას, ისე გამოცდილებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
ამასთან ერთად ვაკვირდები ბაზარსა და მომწოდებლებს – ვარჩევ ახალ ყავებს და ვიწერ ყავის მწვანე მარცვლებს. ახალი პროდუქტის შემთხვევაში ვგეგმავთ დეგუსტაციას, სადაც ყავას სხვადასხვა მეთოდით ვსინჯავთ, რათა გამოვავლინოთ მისი სრული გემოვნური პროფილი.
ეს პროცესი აერთიანებს ტექნიკურ და სენსორულ უნარებს, რაც პროფესიას მრავალფეროვანსა და მუდმივად განვითარებადს ხდის.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხიანი ყავა და როგორ არჩევთ პროდუქტს?
ხარისხიანი ყავა ჩემთვის ნიშნავს სისუფთავეს, სიჯანსაღეს და სტაბილურობას. ის უნდა იყოს ახალი, არომატული და ყოველ ჯერზე ერთნაირად დაბალანსებული.
პროდუქტის შერჩევაში გადამწყვეტია გამოცდილება. მოთხოვნის მიხედვით ვმუშაობთ მომწოდებლებთან, ვიღებთ ყავის მწვანე მარცვლებს, ვატარებთ დეგუსტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ შესყიდვის გადაწყვეტილებას. ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი და სტაბილური პროდუქტი.
M: რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას ყავის სფეროში?
პირველ რიგში – უნდა უყვარდეს ყავა. ეს არის საფუძველი, რადგან სწორედ სიყვარული აძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად განვითარდეს და უფრო ღრმად ჩასწვდეს პროცესებს.
მეორე – მუდმივად უნდა ეძებდეს ცოდნას ყავის შესახებ: მისი წარმომავლობა, ისტორია, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. მნიშვნელოვანია იცნობდეს, როგორ იზრდება ყავა სხვადასხვა რეგიონში და როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები გემოზე.
მესამე – უნდა ინტერესდებოდეს ტექნოლოგიით: დამუშავების მეთოდები, მოხალვის პროცესები, ექსტრაქცია და მომზადების სხვადასხვა ტექნიკა. ეს ყველაფერი განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტს.
მთავარია პროცესზე კონცენტრირება და არა სწრაფ შედეგებზე. ეს სფერო მოითხოვს დროს, პრაქტიკასა და მუდმივ განვითარებას.
აუცილებელია მზადყოფნა შეცდომებისთვის – სწორედ ისინი გაძლევთ რეალურ გამოცდილებას. ასევე მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა და კვლევა – რაც უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით სფეროს, მით უფრო ღირებული გახდება თქვენი ცოდნა.
დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ საკუთარი სტილი და პროფესიული იდენტობა, რაც ძლიერი პერსონალური ბრენდის საფუძველია.
[R]












