in

„ჩვენი მთავარი გზავნილია – შეცვალო საკუთარი თავი ცუდიდან კარგისკენ” – ბენდი „წრე”

„წრე” – ეს სახელწოდება ამ ბენდის მსმენელისთვის მრავალ ასოციაციას იწვევს. ზოგს პირდაპირი მნიშვნელობით წრე ესახება, ზოგი მზესთან აიგივებს, ზოგი წრეზე ბრუნვასთან, დედამიწასთან და ა.შ. ვარიაციები ბევრია, თუმცა ბენდს სახელწოდებასთან დაკავშირებით თავისი ახსნა აქვს, რომელსაც ინტერვიუს ნაწილში წაიკითხავთ.

„წრე” ექსპერიმენტული, პოსტპანკ, პოსტროკ ჟანრის ქართული ბენდია, რომელიც ოფიციალურად მსმენელმა 2012 წელს გაიცნო, თუმცა ბიჭებმა თავიანთი მუსიკალური საქმიანობა ბევრად ადრე, 2000-იანების პირველ წლებში დაიწყეს, როცა, შეიძლება ითქვას, მოზარდები იყვნენ. მათ მუსიკას ბევრი მსმენელი ჰყავს და იცნობს ყველა, ვინც ამ ჟანრში პოულობს საკუთარ თავს. მათი ნამუშევრებიდან გამორჩეული პოპულარობა მოიპოვა კომპოზიციებმა: „ტკივილი, რომელიც (არ) გაძლევს შანსს”, „ფერი”, „კარს მიღმა”, „ქალაქი” და სხვა.

Marketer, მუსიკალური რუბრიკის ფარგლებში, „წრის” ვოკალისტს, მიშკა ჯოხაძეს გაესაუბრა. ბენდის დანარჩენი წევრები არიან: რატი შენგელია – ვოკალი/გიტარა, გოგა შენგელია – ბასი, დრამი – ლევან ჯანელიძე.

M: მიშკა, ჯერ თქვენი მუსიკალური ნაბიჯებით დავიწყოთ საუბარი: როგორ დაინტერესდით პირველად მუსიკით?

დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა მუსიკის მოსმენა დავიწყე მამას ჩანაწერებით ფირებზე. ერთ-ერთი პირველი ბენდი, რომელიც ასე გავიცანი, The Rolling Stones იყო, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ შევყევი მუსიკას და უკვე თავადაც დავიწყე აღმოჩენების გაკეთება. ასე ვიპოვე Metallica და მსგავსი ბენდები.

12 წლის ვიქნებოდი, პირველად როკკონცერტზე რომ მოვხვდი. მახსოვს, გავიგე, რომ ძველი კინოსტუდიის შენობაში იმართებოდა იმდროინდელი ცნობილი ბენდების ლაივი და ვთხოვე ჩემს ოჯახს, რომ ბილეთი ეყიდათ ჩემთვის. გამოდიოდნენ ისეთი ბენდები, როგორებიცაა: ბერმუხა, მძიმე ჯვარი, აუთსაიდერი და სხვები. ამ დღის მერე, ფაქტობრივად, „მოვიწამლე” მუსიკით და მომინდა, მეც გამეკეთებინა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მსმენელად ყოფნაა.

M: როგორ დაიწყო „წრის” ისტორია?

ცოტა რომ წამოვიზარდე, დავიწყე მოკითხვა, სად შეიძლებოდა ჩემნაირი ტიპების გაცნობა, მათთან ერთად სიარული, აზრების გაზიარება…მაშინდელი თავშეყრის ადგილი თბილისში ოპერასთან იყო ხოლმე, ერთ-ერთ მიწისქვეშაში მდებარეობდა სივრცე, სადაც მაშინდელი ბენდები ლაივებს ატარებდნენ, ასევე, შეგეძლო, გაგეცნო ახალი ადამიანები, შენი თანამოაზრეები. საკმაოდ ბევრი მუსიკოსი გავიცანი ამ ადგილას, მათ შორის ჩემი დღევანდელი ბენდის წევრებიც. დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ბენდი შეგვეკრა. იმის მიუხედავად, რომ თავიდან დაკვრაც კი არ ვიცოდით არცერთმა, მაინც დავიწყეთ ცდა და მუშაობა საკუთარ თავზე.

როგორც იცით, იმ დროს არ იყო ბევრი სარეპეტიციო სივრცე. მახსოვს, ვორონცოვზე რაღაც ესთეტიკის ცენტრი მდებარეობდა და იმის სარდაფში ჯგუფ „მძიმე ჯვრის” ბასისტს ჰქონდა გახსნილი სარეპეტიციო. ჩვენც მანდ დავიწყეთ თავიდან. ხშირად, როცა არ იყო სარეპეტიციოში გასვლის საშუალება, სახლშიც ვრეპეტიციობდით. ამ მუშაობაში ნელ-ნელა უფრო დავიხვეწეთ, ვისწავლეთ დაკვრა, მუსიკის კეთება. თავიდან ბენდს სხვადასხვა სახელს ვარქმევდით, სანამ საბოლოოდ არ მივედით „წრემდე”, ეს იყო 2012 წელს.

M: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ სახელწოდებას?

ყველა თავისებურ ახსნას პოულობს ამ სახელში, რაც, თავის მხრივ, კარგია. ასეც უნდა იყოს, თუმცა ჩვენთვის, ბენდის წევრებისთვის „წრე” პირდაპირ კავშირშია სამეგობრო წრესთან. ერთ საღამოს ჩემთან სახლში ვისხედით, ვსაუბრობდით მუსიკაზე, ბენდის განვითარების შესახებ და ვახსენეთ ის, რომ მეგობრები ვართ და უკვე დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ ბენდისთვის ყველაზე შესაფერისი სახელწოდებაც ეს იქნებოდა – წრე, როგორც ჩვენი სამეგობრო და ის საქმე, რაც გვაერთიანებს.

M: როგორ გაქვთ ერთმანეთში გადანაწილებული როლები, ვინ მუშაობს ტექსტზე, კომპოზიციაზე, არანჟირებაზე?

პოეტური თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური მაინც რატი შენგელიაა, ჩვენი გიტარისტი. ტექსტების უმეტესობას ის წერს, თუმცა მეც ხშირად მომსვლია იდეა ან მონახაზი, რომელიც შემდეგ გამიზიარებია ბიჭებისთვის და ერთად შეგვიკრავს. ასე ცალსახად როლები გადანაწილებული არ გვაქვს, რომ ვიღაცამ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს. თავისთავად, უფრო ბუნებრივად ლაგდება ხოლმე ეს პროცესი.

ხშირად უშუალოდ ლაივებზე იმპროვიზაციასაც მივმართავთ. ერთმანეთს უკვე იმდენად კარგად ვიცნობთ და ისე ვართ შეთანხმებულები, რომ ნდობა გვაქვს და ვიცით, რა და როგორ გამოვა უკეთესი.

M: რა არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც გსურთ ხოლმე, რომ მიაწოდოს თქვენმა მუსიკამ მსმენელს?

ჩვენი ლირიკა უფრო აწყობილია ცხოვრებისეულ თემებზე, რომლებსაც მერე თავისებურად შლის მსმენელი და ვისაც როგორ უნდა, ისე იგებს. ძირითადი გზავნილებია: როგორ შეცვალო საკუთარი თავი ცუდიდან კარგისკენ, ბოროტება კეთილისკენ. ერთი წინადადებით კი ასე შეიძლება ყველა ის ტექსტი გამოვხატოთ, რაც დაგვიწერია – „იყავით კარგი ადამიანები”.

M: თქვენი აზრით, რა სჭირდება საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის უკეთ განვითარებას?

ჩემი აზრით, ჟანრობრივი მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნების მაქსიმალური პოპულარიზაცია გვჭირდება. ისეთი ბენდებისთვის განსაკუთრებით, როგორებიც ჩვენ ვართ, ვინც უფრო ექსპერიმენტულ, როკ და ანდერგრაუნდ მუსიკაზე ვმუშაობთ, ნაკლებად არის ჩვენი მუსიკის მასობრივი გავრცელების საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟანრს თავისი მსმენელი ჰყავს და ჩვენც არ ვუჩივით მსმენელის ნაკლებობას, საერთო სიტუაცია მაინც იმას გვიჩვენებს, რომ ფართო მასებზე არ ხდება ასეთი ჟანრების ცნობადობა. ამას ნამდვილად შევცვლიდი და ვიმუშავებდი იმაზე, რომ უფრო განვითარდეს, რადგან ყველა ნორმალური ქვეყნის მუსიკალურ ინდუსტრიას ჟანრობრივი მრავალფეროვნება ქმნის.

M: მიშკა, ბოლოს რუბრიკის ტრადიციულ კითხვას დაგისვამთ – რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

დავუტოვებ ჩვენს სიმღერას: „ტკივილი, რომელიც არ გაძლევს შანსს”.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მილიონზე მეტი სარეკლამო რგოლის კვლევამ აჩვენა, რა მდგომარეობაა ინკლუზიურ რეკლამირებაში

Jaguar-მა ელექტრომობილების ახალი, კონცეპტუალური სერია წარადგინა