in

დისკო რეპი K-Pop? მოდიხარ თუ ქეიფობ? – “ცრემლიანი” ჰუდების რიტმული კომუნიკაცია

Startauperi
Startauperi

“ცრემლი მოდის და ცვლის ტრენდებს მოდის!”

ჰუდები სევდანარევი სახელით “ცრემლი”, ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. თუმცა, წინასწარ გაცნობებთ – მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება და ამას მხიარული ფერები, სახალისო ჰიპ-ჰოპ რითმები და ერთმანეთთან Password-ივითა და Login-ივით შეთამაშებული დამფუძნებლები გვიდასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ტანსაცმლის ნაკლებობას არ განიცდის, ორმა მეგობარმა – ლევან სირბილაძემ და ნიკა ცოტნიაშვილმა, თვითგამოხატვისთვისა და საზოგადოების ყოველდღიურობის გახალისებისთვის სამოსის წარმოება გადაწყვიტეს. ორივეს მარკეტინგისა და სარეკლამო ინდუსტრიაში აქვთ გამოცდილება. გადაწყვიტეს, რომ ფერად ჰუდებს ნაქარგი დეტალების, ხავერდოვანი პრინტებისა და 80%-იანი ბამბის ხარისხიანი ნაჭრის გარდა, საკომუნიკაციო სტრატეგიაც უნდა გამოარჩევდეს. ამიტომ, ბრენდი რითმების ენაზე აალაპარაკეს და “ცრემლიანი” ჰუდების პირველ კოლექციას ჰიპ-ჰოპ მუსიკაც დაურთეს:

“დავიწყოთ სალმით – ჩვენ ვართ ლევანი და ნიკა, თვალი და ცრემლი, ფრი და კეტჩუპი, ნამგალი და ურო, ვახო და ღვინო, ბიბოპი და როქსტედი და ა.შ თუ ამ ეტაპამდე კითხვა გააგრძელე, გამოდის მართლაც გაინტერესებს, ვინ ვართ! ერთად ვტიროდით, ვტირით და ვიტირებთ – ვართ მარკეტერები/ედვერთაიზერები და კრეატიული სააგენტოების ექს წარმომადგენლები, უშველებელი სტაჟით! საინტერესო ფაქტი – ვმუშაობთ კონკურენტ კომპანიებში და ამის დასაბალანსებლად, საერთო საქმის კეთება გადავწყვიტეთ,” – გვიამბეს ლევანმა და ნიკამ.

M: რატომ შეურჩიეთ მხიარულ ჰუდებს ასეთი სევდიანი სახელი – “ცრემლი”?

შეიძლება, რომ ეს საიდუმლოდ რომ დარჩეს? უფრო საინტერესო იქნებოდა… თორემ, მერე არავინ აღარ გვკითხავს.

M: ბაზარზე ბევრნაირი სამოსია წარმოდგენილი, მათ შორის, ჰუდებიც. თქვენ რით გამოირჩევით?

დისკო რეპი K-Pop?

მოდიხარ თუ ქეიფობ? 

ლაკონურად რომ ვთქვათ – “ყველა ბრენდი კარგია, მაგრამ ერთნაირი”. ტრენდები ყველგან დომინირებენ – არსებობს რაღაც ბანდლი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგწონდეს. არ ჩამოვთვლი ამ ბანდლში რა ინტერესები შედის, მაგრამ რომ გადახედოთ ბაზრის მდგომარეობას, დაინახვთ მკაფიოდ გამოკვეთილ რამოდენიმე ბანაკს: არტ ბანაკი, სპორტ ბანაკი, გიკ ბანაკი და ა.შ ჩემი აზრით, ამის გამო ბევრი საინტერესო დუეტი იკარგება, როგორიცაა: ფირის ფოტოგრაფია და მამაპაპური სუფრა, კით ჰარინგი და ჰიპ-ჰოპი, გოდარი და ერიკ ანდრე, ბასკია და მარველი, ვირჯინია ვულფი და Mob Psycho, Tyler The Creator და ნუმიზმატიკა და ა.შ. რავი, გვჯერა რომ ერთი თუ მოგწონს, მეორეც შეიძლება მოგწონდეს და ამით მეტს დაინახავ. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ჩვენ ვართ “ცრემლი” და ის ყველაფერი, რაც ცრემლი არ არის.

M: დამფუძნებლები სარეკლამო სფეროდან ხართ, როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია?

თვალიდან დიდი ცრემლი მომდისსს

Son, what should we buy? Mom, dis!

გვაქვს დაახლოებით 300 გვერდიანი ვორდის ფაილი, სადაც მომავალი 3 წლის დღიური გეგმა გვაქვს გაწერილი და რა თქმა უნდა, მთლიან გეგმას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ მოკლედ მოგიყვებით! 

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ჩვენს საკომუნიკაციო მიზნებსა და სტრატეგიაზე, წარმოიდგინეთ 2D ქალაქი – სადაც ერთ ბოლოში ცრემლიანი ლევანი და ნიკა არიან, ხოლო მეორე მხარეს გულანთებული ფერადი და კრეატიული ჰუდის მსურველი. ჩვენ ქალაქს პერსპექტივას ვუცვლით და ვუყურებთ ზემოდან, სწორეთ ზემოდან ყურებით ვიღებთ სტრატეგიულ გეგმას, როგორ მივირბინოთ ყველაზე მოკლე გზით ჩვენს მსურველთან და გულანთებულ მომხმარებელთან… და ამ მოკლე გზას ვერ გეტყვით… ხომ ხვდებით, კონკურენტებიც ნახავენ!

რეალურად, ტანსაცმლის ბაზარზე გვინდა ვიპოვოთ იდეალური ბალანსი უშუალობასა და თავშეკავებულობის შორის. არ გვინდა თქვენობით ველაპარაკოთ მომხმარებელს და ვინმეს სნობი ბრენდი ვეგონოთ, მაგრამ ამასობაში ისეთი უშუალოებიც არ გვინდა ვიყოთ, რომ გვერდზე ტელეფონით გადაღებული სურათები დავდოთ. ეს ერთი.

მეორე – ცოტა მეტი იუმორი გვინდა. ოღონდ არა ღლაბუცი და ლაზღანდარობა, არამედ ცოტათი ირონიული. ოღონდ არა დამცინავი ირონიული, არამედ უფრო პოსტირონიული. მაგალითად, გვინდა რომ საიდუმლოდ დარჩეს ის ფაქტი, მართლა გვაქვს თუ არა ბრენდ პლატფორმისა და სტრატეგიის 300 გვერდიანი ვორდის ფაილი…

M: პანდემიური რეალობა როგორ აისახება თქვენს წამოწყებაზე?

ცრემლი მოდის თვალიდან – ხახვი

ცრემლი მოდის ჯიბიდან – ფაქტი

მინუსებს ყველანი ვხვდებით, მაგრამ მოდი პლიუსებზე ვილაპარაკოთ! კომენდანტის საათია, 9-ის მერე ყველა სახლშია, ანუ მაგ დროისთვის რეკლამას თუ გავუშვებთ, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს! მეტი დროც გამოგვიჩნდა, რადგან სახლიდან ვმუშაობთ. მართლა არ ვიცი, როგორ მოვასწრებდით ამდენ სირბილს და თან ოფისში სიარულს. 

ცხადია, ყველაზე მეტად ის გაგვიხარდება, თუ ამ რთულ პერიოდში, ჩვენი ფერადი ჰუდებით ვინმე ცოტათი მაინც გავაღიმეთ ან კარგ გუნებაზე მოვიყვანეთ. 

ყველა გვეუბნებოდა – კარანტინის დროს ბევრი დრო გაქვთ და რამე გააკეთეთ! ჩვენც ავიღეთ, გავაკეთეთ და ავიხდინეთ ორი პატარა ოცნება – ჩვენი ბრენდი შევქმენით და სიმღერაც დავწერეთ!

M: რა არის თქვენი ბრენდის მთავარი სათქმელი მომხმარებლისთვის?

შენი ძველი ზმანები – გადასადგები

ბევრი სევდა ტრიალებს ირგვლივ და ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს: ავყვეთ სევდას და ნაცრისფერ მასას შევერიოთ ან ვებრძოლოთ სევდას ცრემლით და ჩავიცვათ ფერადი, მაქსიმალურად ფერადი ჰუდი! აი ასე, როგორც ზემოთ ვახსენეთ, გამორიცხულია ცუდ ხასიათზე იყოთ, მაგრამ ეგებ ქუჩაში გამვლელიც გააღიმოთ! 

გაცდი სტერეოტიპებს! შენს ირგვლივ ყველას თუ გოდარი ევასება და შენ ვერ ვხვდები რა იპოვეს ამ გოდარში ასეთი, პირდაპირ უთხარი! ბრესონის “სიკვდილმისჯილი გაიქცა”-ს ფრიზონ ბრეიქი გირჩევნია? ნუ, ვერ დაგეთანხმები… მაგრამ მაინც შენი არჩევანია და მას ბოლომდე მიაწექი! მოკლედ, ნებისმიერი გემოვნება მისაღებია და არავინ მოგატყუოს, რომ ეს ესე არ არის!

M: როგორ ხედავთ “ცრემლის” პერსპექტივას?

ცრემლი ყველა სახლში, ცრემლი ყველა თვალიდან

პერსპექტივა დიდია, ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველაფრი, რასაც იცვამთ. რეალურად, ჰუდი ბაზრის შემზადების და ჩვენი შესაძლებლობების გატესტვის ეტაპი იყო, ამ ინტერვიუს წერის მომენტში ტესტი წარმატებულად ჩაბარებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რაც ნიშნავს იმას რომ Level Up უკვე გავიარეთ. მომავლის რომ ცოტა გაგაჭვრიტოთ, თქვენ დაინახავთ შარვლებს, მაიკებს, პლედებს, საცვლებს? მგონი საკმარისია, მთავარია საქმე და საქმე გვიჩვენებს პერსპექტივას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ უნდა მიიღო შეთავაზება ზუსტად იმ ნივთზე, რომელიც შენ გინდა? – „სფეისი“ საახალწლო სურვილებს აგროვებს

ქართული აპლიკაცია „თრაისი“ – მრავალენოვანი ჩატი მყისიერი თარგმნის ფუნქციით